მილიარდერი, რომელმაც შეიძლება საქართველო მართოს: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

მილიარდერი, რომელმაც შეიძლება საქართველო მართოს: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი რუსეთზე, ნატოზე, დემოკრატიასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მსჯელობს

ალბათ არც არსებობს მილირდერისა და დღეს უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ამერიკული ანალოგი. მისი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში, დასავლეთის ფავორიტის მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდება.

„საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ რა გავლენა აქვს და როგორ ზემოქმედებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილ საბჭოთა საქართველოზე“, წერდა Forbes-ში იულია იოფე, „უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად დასავლეთ ვირჯინიელმა ბიზნესმენმა, რომლის ქონებაც $8 ტრილიონია (ივანიშვილის $6 მილიარდი საქართველოს მშპ-ს ნახევრის ტოლია), მთელი შტატის მასშტაბით საქველმოქმედო პატრონაჟის სისტემა შექმნა და მთელი შტატი დაიქვემდებარა“. იოფეს ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც მოარული ხმების თანამხად, ერთ დროს ყველაფერს აფინანსებდა – ქვეყნის პოლიციიდან დაწყებული ინტილიგენციით დამთავრებული, და რომელიც სააკაშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, ვიდრე სამი წლის წინ მასთან ურთიერთობას არ გაწყვეტდა – იმავდროულად უცნაური ფიგურაა. „ვიდრე პოლიტიკაში მონაწილეობაზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ განაცხადებდა, საქართველოში ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰყავდა ნანახი“, წერდა იოფე. „მასთან ჩაწერილი სულ რამდენიმე ინტერვიუ და ფოტო არსებობდა“. ამჟამად, როდესაც ის კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელსაც პოტენციურად მმართველი პარტიის ჩანაცვლება შეუძლია, მისი საზოგადოებრივი პროფილი გაცილებით გამჭვირვალეა. ახლახანს, ამერიკულმა PR კომპანიამ, ივანიშვილის სახელით Atlantic International Channel-ს მიმართა და skype-ით დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვიუს ორგანიზება სთხოვა. ჩვენი საუბრის დროს, რომელიც თარჯიმნის დახმარებით მიმდინარეობდა, თუმცა ივანიშვილის გუნდის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირი წინაპირობების ან წესების დათქმას, „ქართული ოცნების“ ლიდერი ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა მიმართულებას, რომლითაც მისი ქვეყანა მიდის. ის სააკაშვილს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დევნაში ადანაშაულებს – ბრალდება, რომელიც დასაბუთებულია Amnesty International-ის ბოლოდროინდელი ანგარიშით. ის ამბობს, რომ სააკაშვილი ზედმეტად აგრესიულია რუსეთთან ურთიერთობებში, რომლის არმიასაც ქართული გამოყოფილი რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული, და 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე, მაგრამ დამანგრეველ ომში საქართველოსთან აგრესორად მიიჩნევა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმატორის რეპუტაცია, რითაც შეიძლება აიხსნას მისი პარტიის წამყვანი პოზიცია გამოკითხვებში, საგარეო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანაზეა გათვლილი. თუმცა, მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის დროდადრო აგრესიული შიდა პოლიტიკური ტაქტიკა, სინამდვილეში საქართველოს დემოკრატი პარტნიორების ჩამოშორებას გამოიწვევს. „ევროპისა და შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ცრუობს და არა ნამდვილ, არამედ ფასადურ დემოკრატიას აშენებს,“ მითხრა მან. ივანიშვილი ნელა, მაგრამ დაძაბულად საუბრობდა, ქედმაღლობის გარეშე და თავშეკავებული იყო მაშინაც კი, როდესაც თავის ოპონენტს მატყუარასა და ყალთაბანდს უწოდებდა.

მართალია, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოო ვადა 2013 იწურება, ის არ გამორიცხავს შეთანხმებას ვანო მერაბიშვილთან, საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ მინისტრთან. Freedom House კატეგორიულად ამტკიცებს, რომ „საქართველო არ არის არჩევითი დემოკრატია“ და რუსეთთან ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. ამერიკაში განსწავლულ სააკაშვილს მიეწერება საქართველოს პოსტსაბჭოთა ბიუროკრატიის რეფორმირება, ქვეყნის ინსტიტუტების და სტრატეგიული ორიენტაციის ტრანსფორმაცია.

ასეთ ვითარებაში ივანიშვილის პრეზიდენტობა თითქოს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელი. ივლისიდან დაწყებული Penn Schoen Berland-ის კვლევებმა „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თითქმის თანაბარი შედეგი აჩვენა. ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვამ გასული ივნისის თვიდან აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ 18 პროცენტის ფონზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 36 პროცენტით ლიდერობდა, მაგრამ წლის დასაწყისთან შედარებით, პარტიათა შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, რესპოდენტთა 38% – ან არ თქვა თუ ვის უჭერდა მხარს ან გაუჭირდა პასუხის გაცემა. ვაშინგტონის კვლევითი კომპანიის მიერ სულ ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიას მაქსიმუმ 55% და მინიმუმ 33% გააჩნია. მაგრამ მილიარდერისა და მისი პარტიის მოსვლას ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია. ამ ინტერვიუში ივანიშვილი შეეცდება განმარტოს თუ რა ცვლილებაა მოსალოდნელი, რატომ იყრის კენჭს და მისი აზრით საით მიდის მისი ქვეყანა.

Freedom House საქართველოს ამჟამად „ნაწილობრივ თავისუფალს“ უწოდებს, „გარდამავალ მთავრობას“ ან „ჰიბრიდულ რეჟიმს“ ეძახის. როგორ ფიქრობთ, ეს სამართლიანი შეფასებაა, და რას ფიქრობთ, საქართველო ამჟამად დემოკრატიული ქვეყანაა?

საქართველოში დემოკრატიის რეალური და აშკარა პრობლემა არსებობს და ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსებითი მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ კანონის უზენაესობა არ გვაქვს. ის უბრალოდ არ არსებობს.

როგორ გგონიათ, არის თუ არა სააკაშვილის მიზანი, რომ საქართველოში რუსული ყაიდის ელექტორალური ავტოკრატიის დამკვიდრება?

დღეს ის ამას აღარც მალავს. როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტუმრობდა საქართველოს, რეპორტიორმა მას /სააკაშვილს/ ჰკითხა – აპირებთ თუ არა პრემიერმინისტრობას? მან რაღაც მიკიბ–მოკიბა და რეპორტიორს ნათელი პასუხი არ გასცა. სამი დღის წინ კი ძალიან, ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, თუ როგორ ეცდება ყველაფრის შენარჩუნებას, რომ არავის დაუთმობს და გადააბარებს იმას რაც ააშენა და რასაც მიაღწია. ის ამას სულაც არ მალავს.

„ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დევნასა და შევიწროებას განიცდიან, ამასთანავე ჩამოგართვეს თქვენი ქონების ნაწილი. ასეთ ატმოსფეროში როგორ ახერხებთ საარჩევნო კამპანიის წარმოებას?

თუკი არ მივიღებთ მხედველობაში იმ ფაქტს, რომ მთავრობის სამიზნე პირადად მე გავხდი, დამაჯარიმეს და ქონება ჩამომართვეს, ჩვენი მხარდამჭერები დააშინეს და დააპატიმრეს. ჩვენ ვერ ვაფინანსებთ საარჩევნო კამპანიას. დასაწყისში მხოლოდ 4 მლნ. ლარის (2.4 მლნ.დოლარი) რეალიზაცია მოვახერხეთ და ამის შემდეგ მთავრობამ დაფინანსების ყველა წყარო გადაგვიკეტა. არც ერთ კომპანიას არ შეუძლია რომელიმე პარტიის დაფინანსება, და კერძო პირებსაც კი არ მიუწვდებათ ხელი ამაზე, რადგან მათ /მთავრობა/ აჯარიმებს, შემდეგ მათ ქონებას აყადაღებენ და აუქციონზე ჰყიდიან.

თქვენ აცხადებთ, რომ ნატოს წევრობაც გსურთ და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობაც. როგორ შეძლებთ ამას და რას ნიშნავს საქართველოსათვის რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობა?

რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ, რომ ეს ძალიან რთული საკითხია. საქართველოს ბედი და მომავალი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაშია. თითოეულმა შეგნებულმა პოლიტიკოსმა იცის ეს და ამ განცხადებით ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ. ეს მოცემულობაა, ეს საქართველოს ბედისწერაა.

რაც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა ჩვენს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება, განსაკუთრებით კი რუსეთთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს რუსული ბაზრის გახსნას, ისევე როგორც ტერიტორიების, ოკუპირებული ტერიტორიების [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] დაბრუნებას.

ეს იოლი პროცესი არ არის. მესმის, რომ ერთ დღეში ეს არ მოხდება, მაგრამ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გასაღები საქართველოშია, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობაში, ნამდვილს ვგულისხმობ და არა ფასადურს, როგორსაც სააკაშვილი გვთავაზობს. თუმცა საქართველო ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარება, რათა შესაფერისი მომენტი შევარჩიოთ და კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ.

იმავდროულად, რუსეთისთვისაც ეს ორი რეგიონი ზედმეტი ტვირთია. ვიმედოვნებთ, რუსეთი გააცნობიერებს, რომ თუკი მას სურს თავი დემოკრატიული მხრიდან დაგვანახოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია კარი რამ არ არის. საერთო ნიადაგის გამონახვა შესაძლებელი უნდა იყოს.

რუსეთის ბოლო არჩევნების დროს იქ გარკვეული დემოკრატიული პროცესები გამოჩნდა. იმის მაღალი ალბათობაც არსებობს, რომ ეს პროცესები რუსეთში კიდევ უფრო გაღრმავდება, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ჩინეთში. ესაა ერთადერთი სწორი გზა. ადრე თუ გვიან ყველა მათგანი დემოკრატიული სისტემის რეალიზაციამდე მივა.

ნატოს წევრობა და რუსეთეთთან ურთიერთობის ნორმალიზება აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის გასვლის შემდეგ მოხდება, თუ ეს იქნება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის შედეგი?

რთული სათქმელია პირველად რა იქნება, მაგრამ ჩვენ ერთის გულისათვის მეორეს მსხვერპლად ვერ შევწირავთ. ნატოს წევრობის გამო ჯარების გაუსვლელობას ვერ შევეგუებით, ისევე როგორც ჯარების გასვლის სანაცვლოდ არ დავთმობთ ნატოს წევრობას. ეს უნდა მოხდეს შესაფერის დროსა და ვითარებაში, და ორივე მიზანს მივაღწიოთ. რთულია ზუსტი პასუხის გაცემა.

ეს სურვილს უფრო გავს და რთულია იმის დაჯერება, რომ თქვენ დაარწმუნებთ რუსებს გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან მაშინ, როდესაც საქართველო ნატოს წევრი იქნება, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მაინტერესებს როგორ აპირებთ რუსეთთან ნდობის შენებას ნატოს წევრობის პარალელურად?

ეს ძალიან რთული საკითხია. ჩვენ უნდა შევხედოთ ამას გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტის კონტექსტში. შეერთებული შტატები, ევროპა, ნატოს წევრი ქვეყნები, მთლიანად დასავლეთი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს სააკაშვილი რუსეთის თვალწინ ისე აფრიალებდა, როგორც ხარის წინ წითელ ქსოვილს. ეს ძალიან ცუდი რიტორიკა იყო, და რუსეთის პროვოცირებას ახდენდა [რუსეთის თვალსაზრისით], მაგრამ ჩვენ შევძლებთ რუსეთის დარწმუნებას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მათთვის ზიანის მომტანი არ იქნება და სააკაშვილისთვის დამახასიათებელი აგრესიული რიტორიკის გარეშე მოვახერხებთ ურთიერთობის მოგვარებას.

ვიცი, რომ ერთ დროს რუსეთში ფულს აბანდებდით; ისევ გაქვთ იქ ბიზნეს ინტერესები თუ უკვე გაყიდეთ?

რუსეთში ყველაფერი გავყიდე ჩემი აქტივების ათი პროცენტის გარდა, რაც სასოფლო– სამეურნეო სექტორშია და ისიც ამ დღეებში გაიყიდება. პროცესი უკვე დასრულებულია და ვაპირებ რუსეთში დარჩენილი აქტივების ლიკვიდაციას.

თუკი საერთაშორისო დამკვირვებლები გადაწყვეტენ, რომ მომავალი არჩევნები გაყალბდა ან ფალსიფიკაციის ფაქტები დადასტურდა, რას გეგმავთ თქვენ ან „ქართული ოცნება“?

ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მოვუწოდებთ ხალხს სამოქალაქო არეულობისაკენ. ერთადერთი გზა, რითაც ვისარგებლებთ და რასაც ამჟამად ვაკეთებთ, ეს იქნება მშვიდობიანი მსვლელობა, რათა შეერთებულ შტატებსა და ევროპას, დამკვირვებლებს, ხალხის ის რაოდენობა ვაჩვენოთ, ვინც რეალურად გვიჭერს მხარს, და იმისთვის, რომ მათ ხელი არ მოაწერონ გაყალბებულ არჩევნებს.

შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ისეთი ინსტიტუტი საქართველოში, რომელსაც განსაკუთრებულად სჭირდება რეფორმირება?

ეკონომიკა კარტელური შეთანხმებებითა და მონოპოლური წესით იმართება. გენერალური პროკურორი წარმოადგენს იმ პირს, ვინც ფონდებს აკონტროლებს. საქართველოში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. ამრიგად, რამდენადაც ეკონომიკა ასეთ დღეშია და სააკაშვილი ციფრებით მანიპულირებს, არც ერთი სხვა სფერო არ შეიძლება იყოს ჯანსაღ მდგომარეობაში. ის, რასაც ისინი ეკონომიკურ ზრდას უწოდებენ სიცრუეა, და მსოფლიოს ფინანსური ორგანიზაციებიც ზოგჯერ ეთანხმებიან ამას.

სააკაშვილმა ისწავლა საბაჟო და საგადასახადო უწყებებიდან თანხის ამოღება. ამგვარად, ის, რასაც ისინი ეკონომიკის ზრდას უწოდებენ, სინამდვილეში ეკონომიკის ზრდა როდი იყო: ეს იყო ის, რომ მთავრობა ახერხებს თანხის ამოღებას საბაჟო და საგადასახადო სამსახურების საშუალებით. ეს არის მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ფუნქცია, რასაც წინა მთავრობა ვერ აკეთებდა.

დასაწყისში, პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მე მათ ვაკვალიანებდი, რჩევებს ვაძლევდი, ვეხმარებოდი. ვაძლევდი მათ თანხებს აღჭურვილობისთვის, მონიტორინგის მოწყობილობების, კამერების და სხვა მსგავსი აპარატურის შესაძენად. და რა თქმა უნდა, ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ ეკონომიკა არ გაზრდილა.

დღეს ისინი ტრაბახობენ პირდაპირი უცხოური და სხვა სახის ინვესტიციებით საქართველოში, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ კრედიტია. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით 4,7 მილიარდი გამოუყვეს, და მიზნობრივად ამ კრედიტების მხოლოდ მესამედი თუ გამოიყენეს – მე გეუბნებით მიახლოებულ და არა ზუსტ მონაცემს – და ისინი თავს იწონებენ და ამ ახალ იუსტიციის სახლებს ჰილარი კლინტონს აჩვენებენ. მათ ააგეს ეს ეგრეთწოდებული იუსტიციის სახლები, ერთი – ძალიან დიდი თბილისში და რამდენიმე სხვა რეგიონებშიც, და ამით ტრაბახობენ, თითქოს ეს დიდი მიღწევა იყოს.

ამას ის ეკონომიკის დიდ მიღწევას უწოდებს. გზები შევარდნაძის დროსაც იგებოდა. ორივე შემთხვევაში, შევარდნაძის პერიოდშიც და ახლაც, ისინი გრანტებისა და სხვა უცხოური დახმარების წყალობით აშენდა.

ამგვარად, თქვენი აზრით, უცხოური ინვესტიციების დაბანდების იდეა საქართველოს ეკონომიკაში ფიქცია იყო?

აბსოლუტური ფიქცია. მათ არ შეუძლიათ ერთი ინვესტორის დასახელებაც კი. მათ შემოიყვანეს ტრამპი [ამერიკელი უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი]. თავად შეგიძლიათ მოიძიოთ, ტრამპს არანაირი ინვესტიცია არ შემოუტანია, მას იქით გადაუხადეს. ესეც შეგიძლიათ შეამოწმოთ და გადაამოწმოთ დონალდ ტრამპის ამ მაგალითზე. მთავრობა კი აცხადებდა, შტატებშიც და საქართველოშიც, რომ ტრამპი საქართველოში ინვესტიციის ჩადებას აპირებდა.

ტრამპის მხრიდან არანაირი ინვესტიცია არ შემოსულა, ისინი კი ორი თვის განმავლობაში ამას ტელევიზიებში ატრიალებდნენ. ტრამპისაგან ერთი ცენტიც კი არ შემოსულა. ეს სრული სიცრუეა. პირიქით: ტრამპს სურდა თავისი ბრენდის გაყიდვა და ჩვენ არც კი ვიცით რა მოხდა სინამდვილეში. ერთი რამ აშკარაა: როდესაც მთავრობა მთლიანად აკონტროლებს ბიზნესს, იმ ქვეყანაში არანაირი ინვესტიცია არ შედის.

[AFP-ს 2012 წლის მასალის თანახმად, დონალდ ტრაპმა ხელი მოაწერა სალიცენზიო ხელშეკრულებას Silk Road Group-თან, 200 მილიონი დოლარის ღირებულების ტრამპ-თაუერი უნდა ააშენოს შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში (საქართველო). მე დავუკავშირდი მაიკლ კოენს, საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენელს ქართულ პროექტში. „ბატონმა ტრამპმა მტკიცე პროფესიული და პიროვნული ურთიერთობა ჩამოაყალიბა სააკაშვილთან, რომელსაც ის დიდად აფასებს“, თქვა მან. დღემდე პროექტის მოკრძალებული მიმდინარეობა მან ასე დაახასიათა: არსებობს „მშენებლობისათვის სავსებით სრულყოფილი არქიტექტურული ნახაზების მოდელი“ და შესაბამისი გაყიდვების განყოფილების ოფისიც მუშაობის პროცესშია. კოენი დასძენს, რომ აღნიშულმა პროექტმა მყიდველები დააინტერესა თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებშიც.

კოენს დაწვრილებით არ უსაუბრია Silk Road Group-სა და ტრამპის ორგანიზაციას შორის ურთიერთობის ხასიათზე. როდესაც მას ჰკითხეს, ტრამპა ჩადო თუ არა საკუთარი თანხის ნაწილი ბათუმის ცათამბჯენის მშენებლობაში, მან უპასუხა: რომ „შეთანხმების პირობები კონფიდენციალური და პრივატულია“.

მაშინ როცა Silk Road Group ყველა გათვლით კერძო დეველოპერულ კორპორაციას წარმოადგენს, მან საქართველოს ბანკისგან მაინც მიიღო მნიშვნელოვანი სესხი თბილისში სასტუმროს პროექტისათვის.]

თქვენ, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავით, ეკონომიკას როგორ დაარეგულირებდით?

სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა. მან შეისწავლა ის, თუ როგორ ადგენს მსოფლიო ბანკი რეიტინგებს. თუკი საქართველოში ჩამობრძანდებით, თქვენ ერთ დღეში გახსნით კომპანიას. თავად შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ხვალ და დააფუძნოთ კომპანია ერთ დღეში, და ვერ შეგაფერხებთ ვერანაირი ბიუროკრატია.

თუკი ჩვენ მხოლოდ დოკუმენტაციას შევხედავთ, დიახ, ეს მიღწევაა ევროპისა და მსოფლიო ბანკისათვის; დიახ, ეს მათთვის საფუძველია აღიარონ ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, მაგრამ როგორც კი საკვამურში კვამლი ამოვა და კომპანია შემოსავლის მიღებას დაიწყებს, მოვლენ და თქვენგან ყველაფერს წაიღებენ. ამრიგად, ერთ დღეში ფირმის გახსნა და საქმის დაწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, აქ არავითარი ნამდვილი ბიზნესი არ ხორციელდება.

foreignpress.ge