თბილისი, საქართველო – ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ კბილებამდე შეიარაღებული დივერსანტები, რომელთაც გადმოლახეს რუსეთის საზღვარი და აიყვანეს მძევლად ხუთი ადგილობრივი მცხოვრები, მუსულმანი მებრძოლები იყვნენ, მათ კამუფლაჟი ეცვათ, თან ჰქონდათ რუსული პასპორტები და ყურანის ასლები.
საქართველოს უშიშროების სამსახურის ძალები დაახლოებით 20 დივერსანტისგან შემდგარ ბანდასთან ცხარე ორთაბრძოლაში ჩაებნენ ოთხშაბათს და 11 მათგანი მოკლეს. დაიღუპა სამი ქართველი სამხედროც.
ხუთშაბათს ქართველმა ჩინოვნიკებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანდა რამდენიმე ტერორისტის ცხედარი, დაფარული სახეებით. გადაღებული იყო აგრეთვე მათი საკმაოდ დიდი არსენალი – ავტომატური იარაღი, დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი, ნაღმტყორცნები, სნაიპერის ავტომატები, რაციები, რუკები, ჭოგრიტები, სხვა აღჭურვილობა და ყურანის ასლები.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეამბოხეებს, როგორც ჩანს, საქართველოს საომარი მზადყოფნის გამოცდა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობის შეტანა უნდოდათ.
ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამ ორ ქვეყანას 2008 წელს ომი ჰქონდა. საკაშვილს რუსეთის მთავრობა პირდაპირ არ დაუდანაშაულებია და ოფიციალურ პირებს ისიც არ უთქვამთ, გადმოვიდნენ მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან თუ სხვა ადგილიდან. რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში მუსულმან სეპარატისტებთან დიდი ხანია სასტიკი ბრძოლა აქვს.
„მათ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების შემოწმება უნდოდათ,“ განაცხადა სააკაშვილმა. „მე გახარებული ვარ შედეგებით.“ მან თქვა, რომ ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო რუსეთისა და საქართველოს კიდევ უფრო გადამტერება „ამ თვალსაზრისით ჩაიშალა.“
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოკლული მებრძოლები დაიკრძალნენ მუსულმანური ტრადიციით საქართველოში და მათ ნათესავებს საფლავების მონახულების უფლება ექნებათ.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მძევლები გათავისუფლდნენ, ხოლო ექვსზე მეტი დივერსანტი გაიქცა და ვარაუდობენ, რომ ისინი ტყეში იმალებიან. სივრცე, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის საზღვართან მთიანია, მაგრამ ახლო-მახლოა ხეობა და მდინარე.
„ჯგუფის ხერხემალი განადგურებულია,“ განაცხადა ნოდარ ხაშილაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ხარშილაძის თქმით, დივერსანტებს რუსული პასპორტები ჰქონდათ.
„გათავისუფლებული მძევლების ჩვენებების თანახმად და პასპორტში აღნიშნული სახელების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დივერსანტები ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური ერის წარმომადგენლები იყვნენ,“ განაცახადა მან.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავიდან მძევლად ჯერ ადგილობრივი მცხოვრებლები აიყვანეს, მაგრამ მესაზღვრეებმა მოლაპარაკებით მოახერხეს მათი ჩანაცვლება და სამოქალაქო პირების გათავისუფლება.
მესაზღვრეები მერე გაიცვალნენ სხვა ოფიცრებზე. სროლა მას შემდეგ ატყდა, რაც დივერსანტებმა დანებებაზე უარი განაცხადეს.
ქართველი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთს საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ შვეიცარელი დიპლომატების მეშვეობით გააგებინეს.
foreignpress.ge