მოლდოვა ნატოს დახმარებას სთხოვს

მოლდოვა ნატოს დახმარებას სთხოვს

ოფიციალური კიშინიოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სთხოვს, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების გაძევებაში დაეხმაროს. მოლდაველები შიშობენ, რომ „რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაგალითის გათვალისწინებით შეიძლება დნესტრისპირეთის აღიარებაზე წავიდეს, რათა ამ გზით მოლდოვის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები შეინარჩუნოს“. მოსკოვში ამ განცხადებებით „გაოცებულნი“ არიან. 

მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის 
თავმჯდომარე მიხაი გიმპუმ ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს 
მიმართა თხოვნით, მხარი დაუჭიროს რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის ოკუპაციური ჯარების გაყვანას, – ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც გიმპუმ კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. 

„მოლდავეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელზე მეტი გავიდა, 
მაგრამ რუსეთის მთავრობა არ ასრულებს როგორც ომხრივ, ასევე საერთაშორისო 
კონტექსტში აღებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო სამართლის ნორმების და 
მოლდოვის რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმეგოდ რუსული ჯარები დამოუკიდებელი მოლდოვის ტერიტორიაზე ყოფნას უკანონოდ აგრძელებენ“, – აცხადებს მიხაი გიმპუ. 
   
მისივე თქმით, „რუსეთის ჯარები მზარდი დაძაბულობის წყაროს წარმოადგენენ და 
დნესტრისპირულ სეპარატიზმს კვებავენ. დნესტრისპირელი სეპარატისტები უსიტყვო მხარდაჭერას გრძნობენ, ასევე - მორალურ და პოლიტიკურ თანადგომას დნესტრისპირეთში განლაგებული რუსული ჯარების მხრიდან“.
   
ამ განცხადებამდე გიმპუმ რუსი ე.წ. სამშვიდობოები ქვეყნის ოკუპაციაში ღიად
დაადანაშაულა. ნატოს გენერალური მდივნისადმი მიწერილ წერილში კი პრეზიდენტი გიმპუ ყველას ახსენებს, რომ რუსეთმა ჯარების გაყვანის დამატებითი ვალდებულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ადაპტირებული ხელშეკრულების კონტექსტში აიღო, რომელსაც 1999 წელს ეუთოს სტამბოლის სამიტზე მოეწერა ხელი. 
   
გიმპუს აზრით, დღევანდელ სიტუაციაში თუ მოლდოვა დნესტრისპირეთში რუსული ჯარების ყოფნაზე თანხმობას არ მისცემს (მასპინძელი ქვეყნის თანხმობა უცხოური ძალების განლაგებაზე, ამ ევროპული ხელშეკრულების ცენტრალურ პრინციპს წარმოადგენს), მაშინ „რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაგალითის გათვალისწინებით შეიძლება დნესტრისპირეთის აღიარებაზე წავიდეს, რათა ამ გზით მოლდოვის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები შეინარჩუნოს“. 
   
„რუსეთის ჯარების გაყვანა ხელს შეუწყობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის 
დარეგულირებას. ჩვენ უცხოური ჯარების გარეშე სიმშვიდეში და 
თანხმობაში ცხოვრება გვსურს. რუსული ჯარების ყოფნა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან დარეგულირებას ხელს უშლის“, – ასკვნის მოლდოვას პრეზიდენტი. 
   
რუსეთი, პირიქით, თვლის, რომ „დნესტრისპირეთიდან მისი სამშვიდობოების 
გამოყვანა კონფლიქტის მხარეებს პირისპირ შეტაკებამდე მიიყვანს და ამან 
შეიძლება რეგიონში ახალი შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვიოს“. 
   
„ჩვენ გულწრფელად გვაკვირვებს დღევანდელ გართულებულ პირობებში, როდესაც არ ჩანს რეალური პოლიტიკური შეთანხმებების პერსპექტივები, რუსეთს სთავაზობენ უარის თქმას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სამშვიდობო ოპერაციაში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი 
ნესტერენკო. 
   
ასეთი რეაქცია ჰქონდათ მოსკოვში ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ უახლოეს 
ხანში შეიძლება დაიწყოს აქტიური მოლაპარაკებები დნესტრისპირეთის კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებაზე, იქიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე და გაერთიანებული მოლდოვის ევროკავშირთან შეერთებაზე. თვითონ რუსული პრესა წერდა, რომ გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს კიშინიოვში და ტირასპოლში. 
   
დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფალნი ასევე უარს ამბობენ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოების გაყვანაზე და ხაზს უსვამენ, რომ „რუსეთის სამხედრო ყოფნა რეგიონში მასტაბილიზირებელ როლს თამაშობს“. ადრე ტირასპოლი რუსეთის სამშვიდობოების ხუთჯერ – 2,4 ათას სამხედრო მოსამსახურემდე - გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. 
   
ცნობისთვის, მოლდავეთის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები ორმაგი სახით არიან წარმოდგენილნი. ისინი „რუსული ჯარების შეზღუდული ჯგუფის“ და „რუსი სამშვიდობოების“ სახით იმყოფებიან. 
   
რუსული ჯარების შეზღუდული ჯგუფი მხოლოდ იმ სამხედრო საწყობების დაცვით 
არის დაკავებული, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და რომელთა ევაკუირებაც 2000 წელს დაიწყეს. საბოლოოდ დნესტრისპირეთიდან, აღნიშნული საწყობებიდან საბრძოლო მასალების გატანა შეწყვეტილი იქნა „დნესტრისპირეთის ხელისუფალთა თხოვნით იმის გამო, რომ მოლდოვურ-დნესტრისპირულ დარეგულირებაში ღრმა კრიზისი დადგა“. 
   
ხოლო ე.წ. სამშვიდობოები სამსახურს 1992 წელს, რუსეთის და მოლდავეთის 
პრეზიდენტებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად აგრძელებენ. 
   
რაც შეეხება სტამბოლის ცნობილ საერთო–ევროპულ ვალდებულებებს, რუსული მხარე აცხადებს, რომ მან „ეს ვალდებულებები ჯერ კიდევ 2001 წელს შეასრულა“.

ასევე ცნობისთვის: მოლდოვის რესპუბლიკა, ეროვნული – Moldova; Republica Moldova.

ეტიმოლოგია: მოლდოვა ჰქვია მეზობელი რუმინეთის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს, რომელმაც სავარაუდოდ სახელი მდინარისაგან მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ მდინარის ეს სახელწოდება აიხსნება მადნის (გერმანულად Molde) იმ შენარევებით, რომელიც მას თან მოაქვს.

ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, დასავლეთით - რუმინეთს. ფართობი შეადგენს 33.700 კვ.კმ-ს. რუმინეთთან მისი საზღვარი გადის მდინარეებზე პრუტსა და დუნაიზე. ქვეყანის უმაღლესი მწვერვალია დეალულ ბელენეშტი - 430 მ.

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (101 წევრი).

მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 9 ოლქი (judetul), 1 ავტონომიური ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala autonoma - გაგაუზია) და 1 ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala - დნესტრისპირეთი).
მოსახლეობა - 4.439.000 (2003), მათ შორის 64% მოლდაველი, 14% უკრაინელი, 13% რუსი.

სახელმწიფო ენა - მოლდავური (რუმინული). სხვა ენები - რუსული, უკრაინული, გაგაუზური.
რელიგია - მართლმადიდებლობა.
დედაქალაქი - კიშინიოვი (772 ათასი). დიდი ქალაქები - ტირასპოლი (210 ათასი), ბელცი (175 ათასი), ტიგინა (145).

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წელს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.

თანამედროვე მოლდოვის კულტურულ ტრადიციებში ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკური რუმინული კულტურის ზეგავლენა, რაც აიხსნება მოსახლეობის უმრავლესობის რუმინული წარმოშობით.