ნატო-ს ლისაბონის სამიტის სავარაუდო შედეგებზე, თუ როგორ აისახება საერთაშორისო არენაზე მომხდარი ცვლილებები საქართველოზე, როგორ აისახება აშშ-ს სენატსა და კონგრესში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლა რუსეთის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაზე, ასევე იმაზე, თუ რა ხდება რეალურად რუსეთში, “ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ესაუბრა.
ბატონო კახა, ნატო-ს ლისაბონის სამიტამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა შედეგებით დასრულდება იგი?
- საქართველოსთვის შედეგი ის იქნება, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება ბუქარესტის სამიტის დადგენილება იმის შესახებ, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებას მოისურვებს, ნატო-ში გაწევრიანების უფლება ექნება.
მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები. სავარაუდოდ, რუსეთი გააკეთებს განცხადებას, რომ იგი ავღანეთის ოპერაციაში უფრო აქტიურად ჩაერთვება. თუმცა, ავღანეთში ნატო-სა და რუსეთის ერთობლივ ოპერაციაზე საუბარი არ იქნება, რუსეთი უფრო ავღანეთისათვის იარაღის მიწოდებით და ინსტრუქტორების გაგზავნით შემოიფარგლება. ლისაბონში საუბარი იქნება ნატო-რუსეთის ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის პერსპექტივაზე. გარდა ამისა, სამიტზე განიხილავენ, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ რამე გადაწყვეტილება მიიღონ ევროპული უსაფრთხოების იმ ახალ კონცეფციაზე, რომელიც მედვედევმა ევროპელ პარტნიორებს შესთავაზა. ჩემი აზრით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იმის გამო ვერ მიიღებენ, რომ ისინი ნატოსთვის და ბევრი ევროპული სახელმწიფოსთვის ძალიან “ნედლია” და ბევრ მიუღებელ ელემენტებს შეიცავს. დასავლეთისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ნატოს გაფართოებაზე რუსეთის ვეტოს უფლება, რაც ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია.
თქვენი აზრით, რას უკავშირდება რუსეთის ნატოსა და დასავლეთისაკენ შემობრუნება? და რა პერსპექტივა აქვს რუსეთში მედვედევის, მხოლოდ ერთი შეხედვით მკვეთრად გამოხატულ პროდასავლურ კურსს?
- რუსეთის ელიტა აცნობიერებს, რომ იგი არ არის იმ მასშტაბის სახელმწიფო, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ დასავლეთს დაუპირისპირდეს და დასავლეთს საკუთარი პირობების კარნახით დაუწყოს. ეს ერთანაირად ეხება როგორც უსაფრთხოების სფეროს, ისე ეკონომიკას. რუსეთი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 3%-ს აწარმოებს და ამ მოცულობის მწარმოებლისგან დასავლეთის სახელმწიფოებზე დიქტატი, ცოტა წარმოუდგენელია.
ჯერ გაურკვეველი რჩება მედვედევ-პუტინის დვიუმვირატიდან ვინ იყრის კენჭს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ცალკე საკითხია, თუ რამდენად აქვს გარანტირებული მედვედევს ერთმმართველობაზე გადასვლის შანსი. მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს იმას, რაზეც რეიგანი რუსეთთან მიმართებაში ხშირად აბმობდა – Доверяй, но проверяй ! ძალიან ნათელი მაჩვენებლები უნდა გაიწეროს, რომლიდანაც ცალსახად, თუ ერთიანად არა, ვთქვათ, ერთი წლის შემდეგ მაინც დავასკვნით, რომ რუსეთის პოლიტიკა მართლაც დასავლეთთან დაახლოებისკენ მიდის. ამაში, საქართველოს საკითხთან მიმართებაში ცვლილებებიც იგულისხმება. ეს მაჩვენებლები ძალიან ცალსახად უნდა იყოს დაფიქსირებული.
ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ნატო-რუსეთისა და დასავლეთ-რუსეთის დაახლოება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარებაში წაადგება. რუს ექსპერტთა, სხვათაშორის, რუსეთის პირობაზე “დემოკრატთა” მტკიცებით, ნატო-რუსეთის დაახლოება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე არანაირად არ აისახება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ნატოსთან რუსეთის დაახლოება საქართველოს წაადგება, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება. ნატო-რუსეთის ურთიერთობაში იმდენი რამ არის მოსაგვარებელი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება რასაკვირველია არ იქნება პირველ პლანზე წამოწეული საკითხი. მაგრამ, ადრე თუ გვიან აქტუალობას აუცილებლად შეიძენს და რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ბევრი რამის შეცვლა მოუწევს. ისევე როგორც, ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან მიმართებაში ბევრი რაღაცის შეცვლა.
აშშ-ში ჩატარებულმა არჩევნებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ვაშინგტონში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. რამდენად იმოქმედეს იგი ობამას საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის ვაშინგტონის მიერ მოსკოვის მიმართ წარმოებულ გადატვირთვის პოლიტიკაზე?
- მე ვერ ვიყტოდი, რომ აშშ-ს სენატსა და კონგრესში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. აშშ-ს პოლიტიკაში წარმომადგენელთა პალატის როლი კონგრესის როლზე გაცილებით ნაკლებია. სენატს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუციების მიღება შუძლია. “რესპუბლიკელებმა” სენატში ხმათა უმრავლესობა კი მიიღეს, მაგრამ “დემოკრატებმა” მარცხის მიუხედავად, კონგრესზე კონტროლი შეინარჩუნეს. ამიტომ მე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს არ ველოდები. არ მიმაჩნია, რომ არჩევნების შედეგები ვაშინგტონის მიერ რუსეთის მიმართ გაცხადებულ გადატვირთვის პოლიტიკაში ცვლილებებს გამოიწვევს. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგებს გამოიღებს ობამას რეფორმები. ანუ, თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ობამას რეფორმებმა ქვეყნის შიგნით გაამართლა, იგი კვლავ დაუჭერს მხარს ობამას პრეზიდენტობას. ეს კი მექანიკურად აისახება ობამას საგარეო პოლიტიკაზე. აშშ-ში არჩევნების დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პრიორიტეტი ძალიან იშვიათად ენიჭება.
ამერიკელი პოლიტოლოგის, არიელ კოენის შეფასებით, კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკამ შესაძლოა მარცხი განიცადოს. რამდენად საფუძვლიანია კოენის პროგნოზი?
- არიელ კოენი ძალიან საინტერესო ანალიტიკოსი და პიროვნებაა, ამიტომ მისი მოსაზრება ყოველთვის გასათვალისწინებულია. ოღონდ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოენს ძალიან მყარად აქვს ჩამოყალიბებული გარკვეული მსოფლმხედველობა. არიელ კოენი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებაში და პოლიტიკურ ანალიტიკაში მაშინ მოვიდნენ, როცა რეიგანის ნეოკონსერვატიული რევოლიცია დაიწყო. ისინი დღესაც რეიგანის ნეოკონსერვატიული ბეჭდით არიან აღბეჭდილები. ის ძალიან დიდხანს მუშაობდა რეიგანის მემკვიდრეობის ფონდში და ბუნებრივია, რომ იგი ამ პოზიციებიდან აფასებს ობამას პოლიტიკის წარმატება-წარუმატებლობას.
არიელ კოენის პროგნოზზე ცალსახად, ან დადებითის, ან უარყოფითის თქმა, ძნელია. იმაზე კი შეგვიძლია ვიდისკუსიოთ, რომ ის კონცეპტუალური მიდგომები, რომელიც თავის დროზე, “ცივი ომის” ბოლო ეტაპზე კოენის ტიპის მოაზროვნე ნეოკონსერვატორებმა ჩამოაყალიბეს, რამდენად იმუშავებს დღევანდელ მსოფლიოში, ანუ, რამდენად ვარგისია დღეს. ეს კი, სადისკუსიო თემა ნამდვილად არის.