საპარლამენტო უმცირესობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. „ევროპულ საქართველოში“აცხადებენ, რომ ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტის გამო მინისტრის გარდა, უნდა დადგეს განათლების უწყების შესაბამისი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი. კერზაიას გარდაცვალების გამო მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“.
9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.
პროცესის პოლიტიზირებას კატეგორიულად ემიჯნება განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, რომლის განცხადებით, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და აქვე ამბობს, რომ სკოლებში შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია.
რაც შეეხება გამოძიების დაწყების საკითხს, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ყველა მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ იმ კითხვებზე, რომლის გარშემოც ხდება პოლიტიზირება, იქნას დროულად და სათანადოდ გაცემული პასუხი.
„განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი“, – განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდის მე–6 სკოლის დირექტორის საქმეში საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, საქმის შესწავლაც პრიორიტეტული იქნება სახალხო დამცველისთვის. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმის ყველა გარემოებას შეისწავლის და შესაბამისი დასკვნა ექნება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ ყოველმხრივად უნდა შევისწავლოთ. აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს.
ია კერზაიას წერილში, სავარაუდოდ, საუბარია პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნის დადგენაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გარემოებები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გამოიკვეთება, რა ნიშნით დისკრიმინაციაზე იყოს საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ–ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ამ ისტორიაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, არჩევნებს მძიმე ტვირთი დაედო მასწავლებელ ია კერზაიას გარდაცვალებით. პრეზიდენტის თქმით, ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი შვილების აღზრდას ვანდობთ, არჩევნების დროს არ უნდა კვდებოდეს.
„ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი, ის ვისაც ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი თაობა იქნება თავისუფლების, პატრიოტიზმის, შემწყნარებლობის სულისკვეთებით, ეს ადამიანი არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სპეციალური განცხადება გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა – გიორგი მოსიძემ, გედევან ფოფხაძემ, ირინა ფრუიძემ და ლევან კობერიძემ, რომლებიც შესაბამისი უწყებისაგან უმოკლეს დროში იმის დადგენას ითხოვენ, ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში.
„მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი. ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში, (მაქსიმალური ვადა – 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ, პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას.
პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – ნათქვამია უმარვლესობის წევრების განცხადებაში.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებას ვერ ხედავს. დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი ტრაგედიებით პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელია.
„საზოგადოებისა და ჩემი კოლეგების განწყობას ვიზიარებ, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუ რა მოხდა. ემოცია და სიმძაფრე გასაგებია, თუმცა მეორე მხარეს არგუმენტებია და ტრაგედიის ფონზე ამ დეტალებზე საუბარი უხერხულია. 2017 წელს ბევრად უფრო მეტი სკოლის შემოწმება მოხდა და 17 სკოლის დირექტორის გათავისუფლებაზე იყო რეკომენდაცია, 2018 წელს კი, ცხრა შემთხვევაში მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, – ამბობს მარიამ ჯაში.
თუმცა, რატომ მოხდა სკოლის შემოწმება წინასაარჩევნოდ, დეპუტატის განცხადებით, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას აქვს. მისი თქმით, მექანიზმები არსებობს, რაც თანმიმდევრულია, თუმცა წინა საარჩევნო პერიოდში ამ საკითხების დამთხვევამ კითხვები გამოიწვია.
„დამატებითი ინფორმაციის მიღებას უნდა დაველოდოთ. ია კერზაიას შემთხვევაში გათავისუფლებაზე იყო რეკომენდაცია, თუმცა არ მოხდა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლების სამეთვალყურეო საბჭოები იღებენ და მის შემთხვევაში, საბჭომ არ გაიზიარა გენერალური ინსპექციის რეკომენდაცია. ასეთი ტრაგედიებით პოლიტიკური სპეკულაცია დაუშვებელია.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში უწყებების დეპოლიტიზაცია მოხდა, რადგან პოლიტიკა სკოლისა და განათლების სისტემაში არ უნდა იყოს. ჩატარებული ინსპექცია პროცედურის მიხედვით მოხდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ იკვეთება მინისტრის გადაყენების აუცილებლობა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.