"არც გახარიასთან მაქვს პრეტენზია, ის ნამდვილად საინტერესო ადამიანია საქართველოს მთავრობაში და არც ბახტაძეს ჩამოვწერდი"

გავრცელებული ინფორმაციით, იანვრიდან სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ადგილს სავარაუდოდ, შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით,  მთავარია, ქვეყანაში ინსტიტუციური სისტემა დალაგდეს.

„2020NEWS“-  სთან ექსპერტი აცხადებს, რომ  პერსონების გადაადგილებას არანაირი აზრი არ ექნება, თუ ყველა ვექტორი მაინც ბიძინა ივანიშვილამდე მივა.

 „ვერ ვისაუბრებ პერსონალურ საკითხებზე და ეს არც მიმაჩნია მთავარ თემად. მთავარი  გახლავთ ინსტიტუციური სისტემის წესრიგის აღდგენა, ანუ მმართველობითი სისტემის ალგორითმის ისე დალაგება, რომ მან შეიძინოს ეფექტურობა და პერსონებს ჰქონდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა. ყველაფერი ისე უნდა დალაგდეს,  რომ ყველა ვექტორი ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილამდე არ მიდიოდეს.  ყველამ უნდა იცოდეს, თავისი  კომპეტენცია და შესაბამისად  ყველას უნდა გაუჩნდეს პასუხისმგებლობის განცდა. ინსტიტუციური წესრიგია აღსადგენი. როდესაც პოლიტიკურად ეს ყველაფერი დალაგდება,  ყველა შესაბამის ადგილებზე განწესდება. არსებულ სისტემაში მნიშვნელობა არ აქვს ვის რა ერქმევა. თუ სისტემა არ არის დალაგებული და ინსტიტუციური შესაძლებლობა რეალურ შესაძლებლობასთან აცდენაში მოდის, რა აზრი აქვს ამ გადაადგილებას? არანაირი“, აცხადებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, რამდენად პრინციპული და ქარიზმატული იქნება პრემიერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

"პრინციპულობას და ქარიზმატულობას მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ინსტიტუციური წესრიგი იქნება აღდგენილი. თუ ინსტუიციური წესრიგი არ  აღდგა, რაც არ უნდა კარგი იყოს ესა თუ ის ადამიანი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. მე პირადად არც გახარიასთან მაქვს პრეტენზია, ის ნამდვილად საინტორესო ადამიანია საქართველოს მთავრობაში, არც ბახტაძეს  ჩამოვწერდი, მასაც აქვს თავისი დადებითი თვისებები.  თუ ადამიანი არის პრემიერი, ის რეალურად უნდა იყოს პრემიერი- მინისტრი და თავის მოვალეობებს უნდა ასრულებდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის აზრით, არასტაბილურობის განცდა ყველას ექნება ქვეყანაში, როდესაც ერთი წლის განმავლობაში პრემიერ მინისტრი ორჯერ იცვლება. „თუ სისტემურად არ დალაგდა ყველაფერი ქვეყანაში, მანამდე ბუნებრივია,  სულ ასეთი რყევები იქნება“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პარტიულ თანამდებობებს დატოვებენ თბილისის მერი კახი კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ექსპერტი ამბობს, რომ ჯობია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

„ვერ ვიჭორავებ და კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია, მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბრო, ვიღაცას რაღაც დაესიზმრა და მერე ინფორმანცია გამოაგდო, მე ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო. ჯობია,  ყველამ თავისი საქმე აკეთოს, მაგრამ ვერც ირაკლი კობახიძეს და ვერც თბილისის მერს პარტიპულ საქმიანობას  ვერ აუკრძალავ, რადგან კანონი ამას არ უკრძალავს“, - აცხადებს ექსპერტი.