ტერორიზმის საფრთხე - 2017 წლის 22 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლებმა განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვით. საკუთარი ბინიდან შიშით გაქცეულებს შემზარავად გვახსოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადება, რომ საქმე საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან გვქონდა. უფრო სწორედ ტერორიზმის საფრთხის წარმოდგენა იყო შემზარავი. ვუყურებდი მშობლებზე ჩახუტებულ და შეშინებულ მეზობლის ბავშვებს და ყველაზე მეტად მაშინ გავიაზრე რვაშვილიანი სირიელი აიშას მდგომარეობა, რომელიც თურქეთში იგივე პრობლემის გამო ლტოლვილად იქცა. ჩვენს ქვეყანას არ აკლია ომები, მაგრამ სპეცოპერაციის დასრულების ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ წესით, ტერორისტული ჯგუფებისთვის საქართველო სასურველი სამიზნე არ უნდა ყოფილიყო.
ეს უბრალოდ სპეცოპერაცია იყო, თუ ქვეყანაში ტერორიზმის დაწყების მცდელობა - სადავოა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ამბებში „ისლამური სახელმწიფოს“ ფრთის ჩეჩენი ლიდერი აჰმედ ჩატაევი ფიგურირებდა, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გაერომ ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
თურქული მედიის ცნობით, ჩატაევი საქართველოს პოლიციამ მოკლა. ქართული მედიის ინფორმაციით კი აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს.
გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოსთვის ტერორიზმთან შეჯახება19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ მოხდა, რის შედეგადაც რუსთაველის გამზირზე დღემდე ვუყურებთ მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტს, რომელიც თავისი შვილის კავშირს აჰმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან კატეგორიულად უარყოფს და შვილის მკვლელობისთვის სამართალს ითხოვს.
ტერორიზმი და ქვეყნის უსაფრთხოება. რამდენად სწორად ებრძვის ჩვენი სხელმწიფო ტერორიზმს და მასთან დაკავშირებულ ცალკეულ შემთხვევებს. არის, თუ არა სახელმწიფო მზად იბრძოლოს ქვეყნის მშვიდობისთვის?
ამ თემაზე for.ge ექსპერტს უსაფრთხოების სფეროში ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
ხათუნა ლაგაზიძე: გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი სპეცოპერაციის და თანმდევი მოვლენების შემდეგ, რომელიც ტერორისტების გაუვნებელყოფის მიზნით იყო ჩატარებული, ტერორისტების ბუნებიდან და იმ ორგანიზაციების არსიდან გამომდინარე, რომლებსაც ეს ტერორისტები წარმოადგენდნენ, მოსალოდნელი იყო, რომ 2018 წელს საქართველოში ტერორიზმის საფრთხის დონე აწეულიყო, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა მოახერხეს სწორად გამკლავება ამ საფრთხესთან. ტერორიზმის საფრთხის დონემ არა თუ აიწია ქვეყანაში, არამედ 12 პუნქტით გაუმჯბესდა კიდეც საქართველოს პოზიციები.
ქალბატონო ხათუნა, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- არსებობს „ეკონომიკისა და მშვიდობის“ საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის გლობალურ ინდექსს იკვლევს და ამ გლობალური ინდექსის მიხედვით 12 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს პოზიციები და შეფასდა, რომ ტერირიზმის საფრთხე და გავლენა საქართველოში ძალიან დაბალია.
ეს შეფასება 2017 წელს, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ დაიდო?
- კი. ფაქტობრივად ეს იყო დასკვნა, ამ ფაქტის შემდეგ საქართველომ თუ რამდენად შეძლო ტერორიზმის მზარდ საფრთხესთან გამკლავება და, როგორც გითხარით, საქართველომ მოახერხა, რომ გაეუმჯობესებინა შედეგი.
ტერორიზმის გლობალური ინდექსი სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდება და მათ შორის არის ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობა, ტერაქტების რაოდენობა, დაშავებულთა რაოდენობა, მატერიალრი ზარალი, ტერორიზმის საფრთხის მატების დონე და ამ პარამეტრების შეჯერებით საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება სხვადასხვა თვალსაზრისით.
მაგალითად, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ინვესტიციების ზრდის პერსპექტივაზე ქვეყანაში, მშვიდობა და საფრთხის დაბალი დონე არის
ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი ინვესტორისთვის, რასაც ყურადღებას აქცევს. მნიშვნელოვანია ტურიზმის თვალსაზრისითაც, მით უმეტეს, როცა ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძული მიმართულება გახდა.
ამასთანავე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც არის საკმაოდ რთულ არეალში მოქცეული, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ ვის სამეზობლოში ვიმყოფებით, ერთია ტერორიზმის საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან“, დაეშისგან მომავალი და მეორეა, როგორ შეიძლება რუსეთისნაირმა ქვეყნებმა ტერორიზმის საფრთხე, ანუ ტერორისტული აქტები ხელოვნურად გამოიყენონ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა.
ამასთანავე, როგორც ცნობილია, საქართველოდან იყო წასული მებრძოლთა საკმაო რაოდენობა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ და ესეც, რა თქმა უნდა, ზრდიდა საშიშროებას, რომ აგრესიული ისლამის გავრცელებას საქართველოში ღრმად მოეკიდა ფეხი, რისი პრევენციაც წარმატებით ხდება.
საქართველოს წარმატებას ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლის საქმეში დიდწილად განსზღვრავს ის ფაქტორი, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ტერორიზმთან ბრძოლის მსოფლიო გლობალური ქსელის ფარგლებში, სადაც წამყვანი სიტყვა აშშ-ს ეკუთვნის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის მდგომარეობა დადებითადაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ საქართველო ამ მხრივ კარგად არის მომზადებული და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შესწევთ უნარი, გამოავლინონ და შეაკავონ ტერორიზმის შემთხვევები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას იმისა თაობაზეც, რომ საქართველო აშშ-სთან ერთად მონაწილეობდა ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ორმხრივ მნიშვნელოვან წვრთნებში. ესეც მოწმობს, რომ საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმება აშშ-სთვის რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში.
ქალბატონო ხათუნა ქართველები იბრძოდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც პირიქით „ტვინის გამორეცხვის“ მეთოდით ტერორისტთა როგებშიც ირიცხებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ ფაქტმა, რამდენად შეიძლება შეუშალოს ხელი აშშ-ს შეფასებას ქვეყნის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დადებით შფასებაში?
- ეს პრობლემა იდგა გაცილებით უფრო მწვავედ და ამ პრობლემასთან გამკლავებაც გარკვეულწილად, როგორც ჩანს, მოხერხდა. ეს არ არის საქმიანობა, რომელიც ზედაპირზე ჩანს, რომელიც ზედაპირზე უნდა ჩანდეს, ან რომლის თაობაზეც ხელისუფლება საზოგადოებასთან მუდმივი ანგარიშის რეჟიმში უნდა იყოს. მოსახლეობამ შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ შედეგით და ტერორიზმისგან დაცვის იმ ხარისხით, რა ხარისხიც არის საქართველოში.
თუმცა, დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, მებრძოლების რეკრუტირება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ხდება, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობითაც და ეს მიმართულება საქართველოშიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შარშანდელ ანგარიშშიც იყო საუბარი რამდენიმე ასეთი ჯგუფის აღმოჩენის და განეიტრალების თაობაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო აშშ-სთან თანამშრომლობა, არამედ თანამშრომლოობა ნატოს ფარგლებში, იმისათვის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროშიც იყოს თავსებადი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.
თქვენ რომელ მწვავე საკითხს ხედავთ ტერორიზმის თვალსაზრისით, რაც გამოსასწორებელია საქართველოში და რაზეც შეგიძლიათ ისაუბროთ?
- მნიშვნელოვანია ტერორიზმის, როგორც საფრთხეს, რამდენად პასუხისმგებლიანად უდგება ზოგადად საზოგადოება და მედია. მნიშვნელოვანია, გაცნობიერებული იყოს საზოგადოების მხრიდან, ზოგადად, ტერორიზმი, როგორც საფრთხე და მეორეს მხრივ, მედიას გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა კონკრეტული ტერორისტული აქტების გაშუქების და ზოგადად, ტერორიზმის, როგორც საფრთის აღქმის პროცესში.
იგივე გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე ოპერაციებმა და 2018 წელმაც აჩვენა, რომ მთლიანად საქართველოს საზოგადოებაში და არც მედიაში ტერორიზმი, როგორც საფრთხე არ აღიქმება იმგვარად, რომელიც მათ აიძულებდა, რომ ჯერ მათი მოქალაქეობრივი პოზიცია დაეყენებინათ წინა პლანზე და შემდეგ უკვე პროფესიული ინტერესი. აშშ-ში ან ნებისმიერი სხვა ქეყანაში არ ჩნდება კითხვის ნიშანი, როდესაც საქმე ტერორიზმის საკითხების გაშუქებას ეხება, რა არის პრიორიტეტული მათთვის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თუ პროფესიული ინტერესები.
ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ბევრია სამუშაო და შესაძლებელია იგივე ნატოს თუ აშშ-ის შესაბამისი საერთაშორისო დახმარების პროგრამებს ვთხოვოთ ფინანსური მხარდაჭერა, რათა შესაბამისი პროფილის, უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეძლონ მედიის გადამზადება ტერორისტული საფრთხეების გაშუქების კუთხით.
ვფიქრობ, თუ არასამთვრობო ორგანიზაციები გამოიჩენენ მსგავს ინიციატივას, იგივე ნატოს ოფისი საქართველოში ან ამერიკის საერთაშორისო დახმარების პროგრამა ასეთ საჭირო ინიციატივაზე უარს არ იტყვიან. მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის საფრთხის დონე საქართველოში დაბალია, ამ კუთხით მომზადების ხარისხი, საზოგადოებაში ვერ შეესაბამება იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც შეიძლება იდგეს ან დადგეს ქვეყანა.