მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ინგუშეთის ლიდერ იუნუს-ბეკ ევკუროვთან შეთანხმებით და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მიიერთა ინგუშეთის გარკვეული ტერიტორიები, შესაძლოა ტერიტორიული პრეტენზიები კიდევ ერთ მეზობელს - დაღესტანს წაუყენოს. ამის შესახებ დაღესტნის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რია დერბენტი" იუწყება.
პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშეიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ჩეჩნეთს ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენების უფრო მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე ინგუშეთის შემთხვევაში ჰქონდა. თუმცა, თუკი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერიტორიების ხელახალი განაწილების ეს პროცესი გაგრძელდა, მაშინ ჩეჩნებმა შესაძლოა 3 რაიონი დაკარგონ, რომელიც ადრე სტავროპოლის მხარეს ეკუთვნოდა.
დაღესტნის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ ინგუშეთის ტერიტორიის მიერთების შემდეგ კადიროვმა, შესაძლებელია, ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს დაღესტანსაც და მათი ტერიტორიების მითვისებაც სცადოს.
პირველი ასეთი ნიშანი იყო ნოემბრის დასაწყისში ჩეჩნეთის პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ჩეჩნეთის რუკის გამოქვეყნება, სადაც დაღესტნის ტერიტორიის ნაწილი ჩეჩნეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული. დაღესტნის ხელისუფლების პროტესტის შემდეგ საიტზე ეს რუკა შეიცვალა.
მეორე ასეთი ნიშანი 25 ნოემბერს დაღესტანში, ქალაქ ხასავიურტში აუკელი ჩეჩნების მორიგი ყრილობა იყო. დაღესტნური გამოცემა მიუთითებს, რომ მსგავსი ყრილობა დიდი ხანია ყოვეწლიურად ტარდება. თუმცა, თუკი ადრე მას „აუკელთა ყრილობა ერქვა", წელს პირველად დაერქვა „დაღესტნის ჩეჩენთა ყრილობა".
გარდა ამისა, წელს ყრილობაზე დაღესტნის აუხის რაიონის აღდგენა მოითხოვეს, რომელიც 1994 წელს ამ ადგილებიდან აუკელი ჩეჩნების გადასახლების შემდეგ გაუქმდა და დღეს მისი ტერიტორია დაღესტნის ყაზბეგისა და ნოვოლაკსკის რაიონებს შორისაა განაწილებული.
დაღესტნელი ანალიტიკოსების ვარაუდით, აუხის რაიონის აღდგენის შემდეგ ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ რაიონზე თავის პრეტენზიებს უკვე ოფიციალურად წამოაყენებს.
ცნობისთვის, დაღესტნელებსა და ჩეჩნებს შორის ამ სადაო ტერიტორიის გამო გასულ წლებში ორჯერ მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება - 1964 და 1999 წლებში.
მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ და შესაძლებელია, რომ ტერიტორიული დავა ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის მართლაც დაიწყოს:
„შესაძლებელია. დიდი ხანია ამ თემაზე საუბრობენ. დაღესტანში ცხოვრობენ ე.წ. აკინელი ჩეჩნები. საქმე ისაა, რომ, როდესაც ომის დროს ჩეჩნები და ინგუშები გადაასახლეს იქიდან, მათი ტერიტორიები გადაანაწილეს რამდენიმე რესპუბლიკის ხალხთა შორის, მათ შორის საქართველოსაც ერგო ნაწილი. საქართველოს გარდა, არც ერთმა რესპუბლიკამ 1957 წელს, როდესაც რეაბილიტაცია მოხდა ჩეჩნებისა და ინგუშების ტერიტორიები უკან არ დააბრუნა - არც ოსებმა და არც დაღესტნელებმა.
„თუ კადიროვს აქვს პრეტენზია, ეს სავსებით სამართლიანია დაღესტნის მიმართ. ტერიტორიების შეერთებაზე ჩეჩნეთში დიდი ხანია საუბრობენ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი ისევ დადგეს დღის წესრიგში", - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, რუსეთთან დაკავშირებულ კადიროვს, სურვიის შემთხვევაში, არ გაუჭირდება თავისის გატანა:
„მოხდა დაძაბული და მწვავე კონფლიქტი ინგუშებთან, მაგრამ კადიროვმა მაინც თავისი გაიტანა. თუ ძალიან მოინდომა, შეუძლია ამის გაკეთება, რადგან (დაღესტანთან) პრეტენზია ბევრად უფრო გამართლებულია, ვიდრე ინგუშების მიმართ იყო.
„კადიროვი მომგებიანად ვაჭრობს მოსკოვთან. თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც კავკასიაში სტაბილურობის შემმნარჩუნებელი და როგორც მოსკოვის წარმომადგენელი კავკასიაში. აქედან გამომდინარე, მოსკოვი იძულებული ხდება, რომ აასრულოს მისი პრეტენზიები და კაპრიზები, იქნება ეს ტერიტორიული თუ ფულადი საკითხები.
„სხვათა შორის, ერთ ობიექტურ რეალობასაც უნდა გაესვას ხაზი - ჩეჩნეთის ჩრდილოეთის დღევანდელი სამი რაიონი პრაქტიკულად არ იყო ჩეჩნეთის კუთვნილებაში არასოდეს. ეს ტერიტორიები დღევანდელი სტავროპოლის ოლქს ეკუთვნოდა, შემდეგ, როდესაც 1957 წელს მოხდა მათი რეაბილიტაცია, ეს ტერიტორიები ჩეჩნეთს გადასცეს კომპენსაციის სახით.
„დღეს თუ ტერიტორიულ „გადაკეთებაზე" მიდგა საკითხი, მაშინ სტავროპოლის ოლქს აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზია ექნება ამ სამი რაიონის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე. მაგრამ მოსკოვი იმდენად ჰყავს კადიროვს „დაბმული", რომ ამის მოთხოვნასაც ვერ ბედავენ, კადიროვს კი ხელები აქვს გახსნილი და რასაც უნდა, იმას აკეთებს. ბევრი რამ გასდის კიდეც", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.