მიშას მომავალი ქართულ პოლიტიკაში

მიშას მომავალი ქართულ პოლიტიკაში

საპრეზიდენტო არჩევნებში თავით გადაშვებულმა და ხმალამოღებულმა „ნაცონალური მოძრაობის“ წევრებმა 800 000 -მდე ხმის მოგროვება შეძლეს, მათ შორის უსამართლო იქნება არ აღვნიშნოთ “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მუხლჩაუხრელი შრომა ეკრანიდან, ამომრჩეველთა მობილიზება-შეგროვებისთვის წვლილის შეტანაში. ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფიზიკურად არც კი იმყოფება საქართველოში, არჩევნების შედეგების შემდეგ ხალხს პირველმა მოუწოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ. როგორც ჩანს, სააკაშვილი თავს ისევ ლიდერად თვლის და ქართველი პოლიტიკური ლიდერების წინა რიგებში იმზადებს ადგილს.

და ეს ხდება გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილიგამონათქვამების ფონზე:

„ოთხი წელია არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ! ჩამოვალ! ჩამოვალ! – არ ჩამოვალ! - შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და ბარიკადებზე უნდა დავდგეთ, იმიტომ, რომ ის ასე თვლის – დადგეს და დავთვალოთ ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე. სად არის მიშა? ჩამოვიდა? რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა?“.

მიხეილ სააკაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგაც გაამხნევა საკუთარი მომხრეები - თუ ხალხი დაუძახებდა მაშინვე საქართველოში გაჩნდებოდა. ჩერგოლეიშვილისა არ იყოს, ისევ „ტრუხაზე“ ყვირის მიშა, თუ არა ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, სააკაშვილის განცხადებებს გაემიჯნა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან ერთად მიიღებს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ, რატომ ლიდერობს მიშა? და საერთოდაც, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, კვლავ მიიღებენ ლიდერად ყოფილ პრეზიდენტს ნაციონალები?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების საკითხი არ განხილულა, პარტია ყოფილ პრეზიდენტს დაბრუნების შემთხვევაში, მისი გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე, მიიღებს როგორც ლიდერს, თუმცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყრილობა გადაწყვეტს ვის რა ადგილი ექნება პარტიაში.

„პარტიას ჰყავს თავისი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ყრილობა გადაწყვეტს ვინ იქნებიან თანამდებობებზე, მაგრამ რაც უნდა ფორმალური თანამდებობა ეკავოს, ან არ ეკავოს მიხეილ სააკაშვილს არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ მთელი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ის ყოველთვის ლიდერი იქნება და ეს მე მგონი, გასაგებიცაა მისი გაკეთებული საქმეებიდან, პოლიტიკური უნარებიდან და მასშტაბიდან გამომდინარე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იქნება, როგორც ბიძინა ივანიშვილი - ბელადი, რომელსაც ყველა ემორჩილება. ასე არასოდეს არ ყოფილა და მით უმეტეს, ახლა არ იქნება. თუმცა სააკაშვილს ჯერ არ უსაუბრია ამ თემაზე და როცა დაიწყებს საუბარს, მერე ვისაუბრებთ ჩვენც“, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერად თვლიან და ელიან, თუმცა სააკაშვილის განცხადებებიდან ვიგებთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალური თანამდებობა არ სურს და ლაზიკის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდოარეობაზეც თანახმაა, რაზეც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ეს განცხადებები მოჩვენებითია.

„სააკაშვილი კი აცხადებს ამ ეტაპზე, რომ მას არა აქვს პრეტენზია რაიმე ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნის და თანახმა იქნებოდა იგივე ლაზიკის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდოარე იყოს, მაგრამ ვინც იცნობს სააკაშვილს და მისი მოქმედების მეთოდებს, ადვილად მიხვდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი მორიგი ხრიკი.

თუკი, სააკაშვილი საქართველოში საზღვრის გადმოლახვას მოახერხებს და დაბრუნდება (ალბათ, ამას იზამს იმ მეთოდით, როგოც უკრაინაში გააკეთა, რაზეც როგორც მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი უკრაინაში აცხადებს, 300 000 დოლარი დაიხარჯა ამისთვის), მე არ მჯერა, რომ სააკაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც ოფიციალური სახელისუფლებო პოსტის გარეშე გარედან პოლიტიკური პროცესების მაყურებლად დარჩენას დათანხმდეს.

მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია განაცხადოს, რომ ხალხმა მას სთხოვა და არ შეეძლო ხალხის მოთხოვნების უგულებელყოფა. იტყვის, რომ ის დათანხმდა პოლიტიკური პოზიციის მიღებას. ასე რომ, მიხელ სააკაშვილის განცხადებების ნდობა პირდაპირ, გეტყვით, რომ რთულია.

„ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს სქართველოში პოლიტიკური საქმიანობის წარმატებით გაგრძელებას და რაღაც შედეგის მიღწევას, უნდა ეყრდნობოდეს გარკვეულ სოციალურ ბაზას. სააკაშვილს ეს სოციალური ბაზა გარკვეულწილად აქვს, მაგრამ არასაკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს.

რაც შეეხება მიიღებენ თუ არა სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერად, გეტყვით, რომ ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქცია შეთანხმებულია სააკაშვილთან. სავარაუდოდ, ფინანსებიც მოდის სააკაშვილისგან. არ ვარ ჩახედული „ნაციონალური მოძრაობის“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ შიდა სამზარეულოში, მაგრამ მათი განცხადებები, რომ ისინი ემიჯნებიან სააკაშვილს, განპირობებულია იმით, რომ მათ სურთ შეინარჩუნონ ერთგვარი ლეგიტიმაცია, როგორც პოლიტიკურმა ძალამ“, -აღნიშნავს for.ge -სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ლეგიტიმაციის შენარჩუნება, ალბათ, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანიც კია „ნაციონალური მოძრაობისთვის, რადგან სწორედ, სააკაშვილმა, 28 ნოემბერს, არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება, ექს-პრეზიდენტის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლად ჩათვალა.

„მე, როგორც იურისტს შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოთქმები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია და ამაზე აუცილებელია მოხდეს რეაგირება. ჩვენ დავინტერესდებით რამდენად სწრაფად მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

სამართლის ექსპერტი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან, სააკაშვილზე საუბრობს, როგორც მსჯავრდებულზე და აცხადებს, რომ კობახიძის ამ განცხადებამდეც სააკაშვილი მსჯავრდებული იყო და საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე მან ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს.

„ის მსჯავრდებულია. საქარველოში დაბრუნდეს, სასჯელი არ მოიხადოს და თანამდებობა ისე დაიკავოს, შეუძლებელია. გარდა ამისა, ის არ არის საქართველოს მოქალაქე და ჯერჯერობით არც მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მოქალაქეობა აღუდგეს და ამ ვითარებაში, როცა მოქალაქეობაც არა აქვს, ყველა მისი პოლიტიკური საქმიანობა იქნება არალეგალური.

პარტიის საქმეა, რამდენად მისცემს სააკაშვილს ლიდერად დაბრუნების საშუალებას და ვაშაძემ რომ უარყო სააკაშვილის განცხადებების მხარდაჭერა, ეს არის ყველაფერი მოჩვენებითი. სააკაშვილი ახლავე ბუნტს ითხოვს. ესენი ეუბნებიან - ცოტა ხანი მოიცადე და როცა მოვა ამის დრო, გავაკეთოთო.

პრინციპულად ერთსა და იმავე პოზიციებზე დგანან და აქედან გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და საქმე აკეთოს. ეს თემა კი თავისთვად დაკარგავს აქტუალობას. თუ ეს ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, სულ აქტუალური იქნება ეს საკითხი“, -აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძლების მცირე შანსი აქვს, პოლიტოლოგი, ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი, მიიჩნევს, რომ სააკაშვილის წარსული დამსახურების გარეშე ვაშაძე იმ მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, რაც არჩევნების შედეგებმა აჩვენა.

„სააკაშვილის ლიდერად დაბრუნების შანსი მცირეა, რადგან მან უკვე ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსები და ეს გამოჩნდა კიდევაც საპრეზიდენტო არჩევნებში. ის, რაც პირველ ტურში მიიღეს, ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო ახლნდელი მდგომარეობით. არჩევნების შედეგებით იმიტომ განვსაზღვრავ, რომ, თუკი ვაშაძეს რაღაც წარმატება ჰქონდა არჩევნებში, ეს იმ შარავანდედის წყალობით, რომელიც სააკაშვილს აქვს გარკვეული ოდენობის ადამიანების თვალში.

თქვენ როგორ გგონიათ, ვაშაძე არის ის ადამიანი რომელიც ივარგებს პარტიის ლიდერად? ეს არის დანიშნული ადამიანი და დანიშნეს გარკვეული გარემოებების გამო. სააკაშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია, რომ ვაშაძემ რაიმე ყაიდის ლიდერობა გასწიოს. ვაშაძე არის მენეჯერი, დიპლომატი, კაბინეტური პოლიტიკოსი და არა საჯარო პოლიტიკოსი. მის პიარკამპანიას დიდი დამსახურება აქვს, მაგრამ დამოუკიდებლად ვაშაძე ვერასოდეს ვერ იქცეოდა საჯარო პოლიტიკურ ფიგურად“, - განაცხადა for.ge -სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.