კომპანია

კომპანია "ვისოლი" _ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში!

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ივლისის ბოლოს, ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან ყველა მსხვილმა კომპანიამ მიიღო დავალება, რომ მმართველი პარტიის ანგარიშზე მინიმუმ 300 000 ლარი გადაერიცხა. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე დავიწყეთ იმ შემოწირულობათა გადამოწმება, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე ირიცხება. აღმოჩნდა, რომ კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მაგალითზე, ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეს ძალიან ახლოს დგას რეალობასთან. დავალებულ 300 000-ს, სულ რაღაც 40 000 აკლია.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" აქციონერებისა და ტოპმენეჯმენტის მიერ "ნაცმოძრაობის" ყულაბაში გადარიცხული "შემწეობა" 2012 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, ასე გამოიყურება:

1. ლევან ფხაკაძე _ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" აქციონერი _ 60 000 ლარი

2. სამსონ (სოსო) ფხაკაძე _ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" აქციონერი _ 60 000 ლარი

3. ვასილ ხორავა _ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი _ 20 000 ლარი

4. ნუგზარ აბრამიშვილი _ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე _ 60 000 ლარი

5. ვახტანგ ედილაშვილი _ "ვისოლ სამტრედიას" დირექტორი _ 60 000 ლარი

საერთო ჯამში, 2012 წლის 1 აგვისტოს, კომპანიამ მმართველ პარტიას 260 000 ლარი ჩაურიცხა.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" 5 მმართველი პირიდან 4 მათგანი "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ, ერთი ფიზიკური პირისთვის კანონით დადგენილ მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას _ 60 000 ლარს რიცხავს.

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლი (ა-1) კრძალავს იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღებას, რომელსაც აქვს „დიდი ხვრელი,“ რომელსაც შემოწირულობების მიღებისას აქტიურად იყენებს მმართველი პარტია, სხვა, ოპოზიციური პარტიების მიერ კი მისი გამოყენება ჯარიმებით ისჯება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განცხადებით: „თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. ეს მაშინ, როდესაც შემოსავალი ნამდვილად მათია, უნდა იყოს თავიანთი კუთვნილი ხელფასი ან დანაზოგი. თუ არის საეჭვო გარემოებები, რომ ეს არის საეჭვო თანხა და ამ ადამიანს არ ეკუთვნის და რეალურად ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელით სხვისი ფულის გადარიცხვას, ეს უკვე სახელმწიფო აუდიტის შესწავლის საგანია.“

არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის შესწავლისა და დაჯარიმების საგანი მხოლოდ ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან, რომელთა დაჯარიმებაში ერთგული და საიმედო პარტნიორი _ სასამართლო ჰყავთ.

პ. ს „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, კომპანია „ვისოლის“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ყულაბაში ჩარიცხულმა თანხამ, საერთო ჯამში, 476 000 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის წევრებმა, საერთო ჯამში, ფიზიკური პირების სახელით, წლის განმავლობაში განსახორციელებელ შემოწირულობათა მაქსიმალური ოდენობა (24 ათასი ლარი აკლია 500 000-ს) გაიღეს.

მაგრამ, რადგან ამ ეტაპზე „ვისოლთან“ დაკავშირებული სხვა პირების იდენტიფიცირება შემომწირველებთან ვერ ხერხდება, მათი დასახელებისგან თავს შევიკავებთ.