რუსეთის სამხედრო ნაწილები, საქართველოს ბოლო ქართული სოფლიდან, პერევიდან, 18 ოქტომბერს გავიდნენ. სოფელი მათ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ხანმოკლე ომის შემდეგ დაიკავეს
სოფელ პერევს ნოემბრისთვის უჩვეულო მზე აცხუნებს. ხრეშიანი, ციცაბო ბილიკების გასწვრივ ღორები სეირნობენ, ცხენები კი ხის მოჭრილი მორების სიმძიმით წელში მოხრილან. ეს ქართული სოფლის ცხოვრების ფოლკლორია, მთელი თავისი ბანალურობით, თუ არ ჩავთვლით იმას რომ თავად ადგილი ბანალური სულაც არ გახლავთ.
პერევი სადაც 1 100 ადამიანი ცხოვრობს, ბოლო დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე ის ერთადერთი ქართული სოფელი იყო, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს მედვედევი-სარკოზის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევით აკონტროლებდნენ.
საბოლოოდ, 18 ოქტომბერს მოსკოვმა სოფლიდან ის ჯარისკაცები, რომლებიც სოფლის შესასვლელში საკონტროლო-გამშვებ პუნქტს აკონტროლებდნენ, რამდენიმე ასეულ მეტრში სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ყოფილ სეპარატისტულ რეგიონში გაიყვანა. ამ რეგიონმა ომის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. უცნაური დამოუკიდებლობა, სხვისი მფარველობის ქვეშ: იქ შესასვლელად ხიდს თუ გადაკვეთთ, საკონტროლო პუნქტის თავზე ორ - სამხრეთ-ოსეთისა და რუსეთის დროშებს დაინახავთ.
„რუსებისთვის პერევი საინტერესო იმ თვალსაზრისით იყო, რომ სოფელი მათ ორ სამხედრო ბანაკს აკავშირებდა“ – გვიხსნის გეორგიუს პაპაიანუ, რომელიც სოფლის გზაზე მიგვაცილებს. ბერძენი საზღვაო ოფიცერი საჩხერის რაიონში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელია, საჩხერე დედაქალაქ თბილისიდან სამი საათის სავალ გზაზე მდებარეობს. 18 ოქტომბრის შემდეგ პაპაიანუ პერევში ვითარების შესაფასებლად ყოველ კვირას ჩამოდის. სოფლის მცხოვრებლები მის ცისფერ ბერეტს უკვე შორიდან სცნობენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) რეგიონში 2008 წლის ოქტომბერში განთავსდა. ის 300 ადამიანისგან შედგება და ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულების კონტროლზეა პასუხისმგებელი. მისია სადემარკაციო ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ პატრულირებს და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას ეკონტაქტება. რუსები და ოსები მათ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ, ისევე როგორც მეორე სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში. თითოეულ ამ ტერიტორიაზე რუსეთმა 3 600 სამხედრო განათავსა.
46 წლის ლოლა მაკასარაშვილი საკუთარი ეზოს ზღურბლთან იმაში გვარწმუნებს, რომ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. „რუსებს არასდროს არ შევუწუხებივართ. ერთადერთი – გადაადგილების პრობლემა იყო. ისინი ჩვენს საბუთებს მუდმივად ამოწმებდნენ“. მისი თქმით, რუსების გასვლის შემდეგ, მცხოვრებლები ძალიან ფრთხილობენ. „თხილისა და კენკრის შესაგროვებლად ტყეში გასვლას ვეღარ ვბედავთ“. სოფლის მეორე მცხოვრები ვლადიმერ ბერაძე, რომელსაც ხელში გამოხდილი არყის ბოთლი უჭირავს, ასკვნის: „რუსების აქ ყოფნას ერთი სარგებელი ჰქონდა – ისინი ოსებს ამ ადგილებს არ აკარებდნენ“.
თბილისის ხელისუფლებამ რუსების გასვლა საკუთარ თავს მიულოცა, თუმცა თავშეკავებულად: „პერევიდან უკანდახევა, მხოლოდ ერთი პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ ის ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ 1%-ია – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია – ჩვენ ილუზიების ტყვეობაში არ ვართ. პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება“. მოსკოვი დასავლეთთან მოლაპარაკებებში პერევის კარტს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა. პირველად რუსი ჯარისკაცები პერევიდან 2008 წლის დეკემბერში გავიდნენ, თუმცა 24 საათში უკან დაბრუნდნენ.
დღეს მათი პერევიდან გასვლა გადაადგილების პრობლემებს ვერ აგვარებს. ოსი ბავშვები სოფლის სკოლაში სწავლობენ, თავად სოფლის მცხოვრებლებიდან კი ბევრს სამხრეთ-ოსეთში თავისუფლად გადაადგილება სურს, ახლობლების მონახულებისა და ხილის და ბოსტნეულის გასაყიდად. რუსები ყველას ამოწმებენ და ზედმეტი ტვირთის გატანაზე უარს ეუბნებიან. „ომის შემდეგ მხოლოდ 30 კგ ტვირთის გადატანაა შესაძლებელი“ – გვიხსნის რეგიონის პოლიციის უფროსი ვასილ ბახტურიძე.
2009 წლის გაზაფხულიდან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ვითარება სტაბილურია. 2010 წელს სულ 140-მდე გასროლა დაფიქსირდა, მაგრამ მათი უმრავლესობა სიხარულის აღნიშვნის ან ვარჯიშების დროს გაისმა. „დღეს კონფლიქტი ლიკვიდირებულია – ამბობს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გერმანელი დიპლომატი ჰანს იორგ ჰაბერი – ჩვენ ვითარების სტაბილიზაციას მივაღწიეთ, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში მისიის ძალისხმევა არასაკმარისია. საჭიროა პოლიტიკური სტრატეგია“. როგორც ჩანს, ევროკავშირის მისიას აქ დარჩენა დიდი ხნით მოუწევს. დაინტერესებულ მხარეებს შორის ჟენევის მოლაპარაკებებში წინსვლა არ შეიმჩნევა. რუსეთს ერჩია ევროკავშირის მსგავსად რეგიონში მედიატორის ფუნქციით ყოფილიყო აღჭურვილი, მაგრამ ის კონფლიქტის მხარეა.
უმთავრესად პრობლემად რჩება დევნილთა საკითხი, განსაკუთრებით – ახალგორის რაიონში, რომელსაც ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მილიცია აკონტროლებს. „სამხრეთ-ოსეთიდან სულ 30 000 ქართველი გაიქცა. უკან არც ერთი არ დაბრუნებულა – აღნიშნავს ჰაბერი – ზოგიერთები დროდადრო საკუთარი სახლების სანახავად ჩამოდიან, მაგრამ უმალ უკან ბრუნდებიან. საკმარისი უსაფრთხოება არ არის“.
ეს რაიონი დიდწილად ქართველებით იყო დასახლებული, მაგრამ მას შემდეგ რაც თბილისმა მასზე კონტროლი დაკარგა, მუქარებისა და გაძარცვის შიშით, მოსახლეობამ მისი მიტოვება დაიწყო. 7 000 მოსახლიდან, დაახლოებით 5 000-მა თავი დანარჩენ საქართველოს შეაფარა.