კახეთი კვლავ სტიქიური უბედურების ზონად იქცა. 20 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. ლაგოდეხში, გურჯაანში, თელავსა და საგარეჯოში 900-მდე შენობა უსახურავოდ დარჩა. მათ შორის არის კერძო სახლები და სახელმწიფო დაწესებულებები.
ყველაზე მეტ სახლს სახურავი ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში აქვს გადახდილი. დაზარალებული ნონა მათიაშვილი ამბობს, რომ 20 აგვისტოს მსგავსი სტიქია სოფელში მცხოვრებ უხუცესებსაც კი არ ახსოვთ. მათიაშვილებს, სხვების მსგავსად, 19 ივლისის სტიქიას გადარჩენილი მოსავალიც გაუნადგურდათ:
"წუხანდელი ღამე იყო შოკისმომგვრელი. ღმერთს ვთხოვთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. თავშესაფარს ვეძებდით საკუთარ სახლებში. ფარდულები დაგვენგრა, საქონელი კი წყალში იდგა. ახლაც გვაქვს პრობლემა. თუ იწვიმა, კვლავ წყალი ჩამოვა ოთახებში. ხანში შესულებიც კი ამბობენ, რომ ასეთი უამინდობა არ ახსოვთ."
საცხოვრებელი სახლების გარდა დაზიანდა საჯარო სკოლებიც. მათ შორისაა სოფელ ჩუმლაყის სკოლა. მას ქარმა სახურავი გადახადა. ჩამტვრეულია მინები და ოთახებში წყალი ჩავიდა. შეუქმნის თუ არა პრობლემას დაზიანებული შენობა ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ამ თემაზე სკოლის პედაგოგები ჯერ ვერ საუბრობენ. სკოლის გარდა სოფელ ჩუმლაყში მოსაკრეფად გამზადებული ყურძნის მოსავლის 50 პროცენტამდე განადგურდა:
"სკოლაში ხის მასალა ძველი იყო, ისედაც დიდი ხანია რემონტი არ ჩატარებულა. დაზიანებულ ადგილებს ლოკალურად ვარემონტებდით. ამიტომ ხის მასალის დიდი ნაწილი ჩამოწვა და, ფაქტობრივად, სახურავი არის ახდილი."
"ქარისა და სეტყვის შედეგად, თქვენც ხედავთ, რა მივიღეთ. ყურძნის მტევნები განადგურებულია. ახლა მზე რომ გამოვა, უფრო მეტად გაფუჭდება."
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო, პარალელურად მიმდინარეობს დაზარალებულთა აღწერა.
"ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა. ჩვენ ვიკვლევთ კონკრეტულად ვინ რამდენით დაზარალდა. ასევე მიმდინარეობს ღონისძიება მიყენებული ზარალის აღმოფხვრისა და რეაბილიტაციისთვის."
მოგლეჯილი ხეებისგან გზების გათავისუფლება თითქმის დასრულებულია, თუმცა პრობლემები რჩება ენერგომომარაგების მხრივ. გურჯაანსა და ლაგოდეხს შეფერხებით მიეწოდება ბუნებრივი აირიც. ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განაცხადეს, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ცდილობენ მაქსიმალურად უმოკლეს დროში მოხდეს ელექტროენერგიით ქალაქების მომარაგება:
"ჩვენი კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაზიანების ხარისხის მიხედვით, ეტაპობრივად მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ვვარაუდობთ, რომ შემჭიდროებულ ვადებში, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება ელექტროენერგიის აღდგენა."
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო. შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონი სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, მობილიზებულია ტექნიკაც. რა ფორმით მოხდება დაზარალებულთა დახმარება, ამ თემაზე განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ, პირველ რიგში, საცხოვრებელი სახლების სახურავებია აღსადგენი.