ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ერთ თვეში საწვავის ათი თეთრით გაძვირებას ტრადიციულად საერთაშორისო ბირჟებზე არსებული მდგომარეობით ხსნის. შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე ნავთობკომპანიებმა აგვისტოში საწვავის ფასები უკვე მეორედ გააძვირეს.
კავშირის თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან” განმარტავს, რომ ბარელი ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მაქსიმუმზე, 116 დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად, საქართველოში საწვავის ფასების მატება გარდაუვალი იყო. ვანო მთვრალაშვილის თქმით, საწვავზე ფასები იმპორტზე დამოკიდებულმა ყველა ქვეყანამ გააძვირა და საქართველო გამონაკლისი არ არის.
საერთაშორისო ბირჟებზე საწვავზე ფასების მატებას გაზრდილ მოხმარებასა და ირანის ფაქტორს უკავშირებენ. ამასთან, მთვრალაშვილის მტკიცებით, დღეს საქართველოში საწვავზე დაფიქსირებული ფასები საერთაშორისო ფასებს არ შეესაბამება, რადგან კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ მარაგები. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის გათვლებით, საწვავის ფასის კიდევ უფრო მატება არ გამოირიცხება.