საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გორის რაიონის სოფლებში კერძო ბიზნესზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საქართველოში ამ სფერომ არ გაამართლა. მერაბიშვილი, კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი ექსპორტის გზებს შეეხო. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფო კომპანიების შექმნა, რომელიც ამ პროდუქტებს ბელორუსიაში და უკრაინაში გაიტანს. საქართველოში 500-მდე ასეთი სახელმწიფო კომპანია შეიქმნება. მერაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის შეცდომა სწორედ კერძო ბიზნესში მთავრობის ჩაურევლობა იყო.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მერაბიშვილის ,,ეკონომიკის” პრეზენტაციები გორის რაიონის სოფლებში გადაიღო. ის გორელ გლეხებს არწმუნებდა, რომ სახელმწიფო კომპანიები უფრო მომგებიან ბიზნესს შექმნიან. ამავე დროს, ამ პროცესებს ფასების სტაბილურობა მოჰყვებაო. მერაბიშვილი აღიარებს, რომ საქართველოში იმპორტირებული ვაშლის მომრავლება კერძო ბიზნესში მთავრობის ჩაურევლობის ბრალია.