ესპანეთმა შუადღის ძილზე უარი თქვა

ესპანეთმა შუადღის ძილზე უარი თქვა

რეცესიის გამწვავების და უმუშევრობის ზრდის გამო ესპანეთმა გადაწყვიტა ტრადიციულ სამსაათიან შუადღის სიესტაზე უარი თქვას, რომ სავაჭრო ქსელებმა მეტი შემოსავალი მიიღონ. თანაც, ახალი სავაჭრო წესები ესპანეთს ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველს გახდის. შესაძლოა, იტალიელებმა და ბერძნებმა, რომლებიც სადილის შემდეგ წაძინების სიყვარულით ასევე გამოირჩევიან, მალე ესპანელებს მიბაძონ.

ახალი სავაჭრო კანონი ძალაში მიმდინარე თვეში შევა. იგი მაღაზიებს საშუალებას მისცემს 25 პროცენტით მეტ ხანს იმუშაონ. ახალი წესების მიხედვით, მაღაზიები კვირაში 72-ის ნაცვლად 90 საათს იმუშავებენ. გარდა ამისა, რეტეილერებს უფლებას მისცემენ წელიწადში არა 8, არამედ ათ კვირა დღეს და სახელმწიფო დღესასწაულზე იმუშაონ.

ხელისუფლებას იმედი აქვს, ახალი წესები გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის. საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საცალო გაყიდვებმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,3 პროცენტით მოიკლო, რაც მართლაც შემაშფოთებელია.

აღსანიშნავია, რომ სამ საათიანი სიესტა ესპანეთში ოფიციალურად 2005 წელს გააუქმეს და იგი 1 საათამდე შეამცირეს. მაგრამ ეს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში. ამით ხელისუფლებას სურდა შრომის ნაყოფიერება გაეზარდა. მაგრამ კერძო კომპანიებმა ოფიციალურ სექტორს არ მიბაძეს და მათთვის ცალკე წესების შემოღება გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზომები ესპანეთისათვის, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს, რომ საცალო ვაჭრობაში მოთხოვნილების კლება შეჩერდეს. სავაჭრო სფეროში კრიზისის გამო ყოველთვიურად უარესდება ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე უმუშევარია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საცალო ვაჭრობის ბრუნვა 217 მილიარდ ევრომდე დაეცა, ხოლო აღნიშნული სფეროს გაბანკროტებული კომპანიების რიცხვმა 2224 მიაღწია, რაც შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22 პროცენტით აღემატება.

ანალიტიკოსთა აზრით, საცალო ვაჭრობისათვის ძირითადი სტიმული უმუშევრობის შემცირება იქნება. ბოლო დროს უმუშევრობისათვის დახმარება გვარიანად, თვიურ 400 ევრომდე შემცირდა. ცხადია, ამგვარი შემოსავლის მქონე ადამიანი მაღაზიაში მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისათვის შედის და “შოპინგის” ხალისი სულაც არ აქვს. მაგრამ თუ უმუშევართა რაოდენობა მოიკლებს, მაღაზიების კლიენტურა, ცხადია, მოიმატებს.

მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ახალი სავაჭრო კანონები ესპანეთს ტურისტებისათვის ბევრად მიმზიდველს გახდის. საქმე იმაშია, რომ ტურისტებს, რომლებიც ესპანეთს არასოდეს აკლდა, არასოდეს მოსწონდათ, რომ მაღაზიების ძებნისას ისინი სამსაათიან შესვენებაზე დაკეტილი ხვდებოდათ. თანაც, ესპანეთში ბევრია მაღაზია, რომლებიც შემოსავლის ნახევარზე მეტს სწორედ ტურისტთა მომსახურებით იღებენ. მათი შემოსავალი, ცხადია, ძალიან გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ, 2011 წელს ესპანეთს 57 მილიონი ტურისტი ეწვია. მათგან მიღებულმა შემოსავალმა ქვეყნის შიდა პროდუქტის დაახლოებით 10 პროცენტი შეადგინა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლოა, ესპანეთს მალე იტალიამ და საბერძნეთმა მიბაძონ. ამ ქვეყნებშიც უძილობას ნამდვილად არ უჩივიან. მაგალითად, იტალიაში სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება, შემდეგ, შუა დღისას 13-დან 15 საათამდე შესვენებაა, სამუშაო დღე კი 18-19 საათზე მთავრდება. მსგავსი სიტუაციაა საბერძნეთშიც.

ამგვარია ევროპის სამხრეთში მდებარე ქვეყნების სპეციფიკა, მათი ეკონომიკური მდგომარეობა კი ერთნაირად სავალალო. ასე რომ, თუ მათი სიტუაცია ჩვეულების შეცვლით ოდნავ მაინც გამოსწორდება, წაძინებაზე წესით უარი უნდა თქვან.