ლათინური ამერიკის ახალი “ეკონომიკური ვეფხვები”

ლათინური ამერიკის ახალი “ეკონომიკური ვეფხვები”

მსოფლიოში გამოჩნდა ახალი ქვეყნები, რომლებსაც საერთაშორისო კაპიტალის მიზიდვაზე აქვთ პრეტენზია. პერუ და კოლუმბია ეკონომიკურ ბუმს განიცდიან და ინვესტორებს სტაბილურობით ხიბლავენ.

საკმაოდ ახლო წარსულში ბიზნესმენებს, რომლებსაც ლათინურ ამერიკაში კაპიტალდაბანდების განხორციელება სურდათ, საკმაოდ მწირი არჩევანი ჰქონდათ: ბრაზილია, მექსიკა და, შესაძლოა, ჩილი. მაგრამ ახლა, როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, სიტუაცია შეიცვალა.

პერუ და კოლუმბია ინვესტორთა ყურადღებას იპყრობენ ისეთი მახასიათებლებით, როგორებიცაა მოსახლეობის ახალგაზრდა ასაკი, მზარდი საშუალო კლასი, შედარებით დაბალი სახელმწიფო ვალი, ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი და დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალგაზრდა მოსახლეობა და მზარდი საშუალო კლასი პერუსა და კოლუმბიაში ახალი მომხმარებლების მოზღვავებას იწვევს. ეს ის ხალხია, რომლებმაც ახლახანს თავისი პირველი სარეცხი მანქანა იყიდა და ახლა სურს შეიძინოს პირველი ავტომობილი, პირველი სახლი, დაიწყოს საკრედიტო ბარათებით ოპერაციების განხორციელება. კოლუმბიის მოსახლეობის საშუალო ასაკი 26 წელია, პერუს მოსახლეობის საშუალო ასაკი კი ნაკლებია. შედარებისათვის, აშშ-ს მოსახლეობის საშუალო ასაკი 37 წელი გახლავთ.

ორივე ქვეყანას შეუძლია თავი ეკონომიკის სწრაფი ზრდით მოიწონოს. კერძოდ, 2011 წელს კოლუმბიის შიდა პროდუქტის მოცულობა 5,9 პროცენტით გაიზარდა, პერუსი კი 6,9 პროცენტით. მიმდინარე, 2012 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კოლუმბიის შიდა პროდუქტის მოცულობა 4,7 პროცენტით, პერუსი კი 5,5 პროცენტით გაიზრდება.

ორივე ქვეყანას სტაბილური საკრედიტო რეიტინგი აქვს. სამივე ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტომ - Fitch, Moody’s, Standard & Poor’s კოლუმბია და პერუ საინვესტიციო გრადაციის ბოლო საფეხურზე განათავსეს, და ეს მაშინ, როცა რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა ამ ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. მათზე უკეთესი რეიტინგი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მხოლოდ ბრაზილიას და ჩილის, მათი დონის კი მექსიკას აქვს.

მართალია, ბრაზილიას, ჩილის და მექსიკას კრედიტუნარიანობის კოლუმბიასა და პერუზე უკეთესი შეფასება აქვთ, ექსპორტის უმჯობესი დივერსიფიცირებით და ფასიანი ფაღალდების უფრო ძლიერი ბაზრით გამოირჩევიან, მაგრამ ისინი თავს ვეღარ იწონებენ განვითარებადი ბაზრების ისეთი მნიშვნელოვანი დახასიათებით, როგორიცაა საშუალო კლასის “განახლება”.

მართალია, პერუში სიღარიბის დონე, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობაში, მაღალია და 30 პროცენტს აღწევს, მაგრამ ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდა ბევრად თანაბარია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. იგივე უნდა ითქვას კოლუმბიაზე, სადაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისათვის, აშენდება 100 ათასი სახლი უღარიბესი კოლუმბიელებისათვის და გამოიყოფა 140 ათასი იპოთეკური სესხი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის.

უნდა ითქვას, რომ კოლუმბიის და პერუს ეკონომიკების განვითარებას ბიძგი მისცა ნედლეულის ბაზარზე არსებულმა ბუმმა. ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და თუთიის ექსპორტმა 1999-2005 წლებში პერუს ეკონომიკა გვარიანად მოამაგრა და 2006 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა სხვა მიმართულებებზე გადაერთო. კერძო ინვესტიციებმა ხელი შეუწყო მომსახურების ბაზრის აღმასვლას, მომძლავრდა გადამამუშავებელი მრეწველობა და სამშენებლო სექტორი.

კოლუმბიის ეკონომიკა შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული ლითონთა ბაზარზე. მისი აღმასვლისათვის მნიშვნელოვანი იმპულსი გახლდათ ნავთობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი. ქვეყნის მთავრობა ამ წარმატების განვითარებას შეუდგა. კერძოდ, თანდათანობით გაზარდა ნავთობის მოპოვება, შემოსული ფული ეკონომიკის სხვა დარგებისა და საშუალო კლასის სტიმულირებაში, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სამშენებლო სექტორის განვითარებაში გადაისროლა.

საერთოდ, ტერმინს “ეკონომიკური ვეფხვი” იყენებენ იმ ეკონომიკების დასახასიათებლად, რომლებიც ზრდის სტაბილურ ტემპს დემონსტრირებენ. ყველაზე დიდ ხანს ეს წოდება შეინარჩუნა “ოთხმა აზიურმა ვეფხვმა” – სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა, ჰონკონგმა და ტაივანმა, რომელთა შიდა პროდუქტი მაღალი ტემპით იზრდებოდა 1960-იანი წლების დასაწყისიდან 1990-იან წლებამდე.