თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა

თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა

მოახლოებული არჩევნების ფონზე აქტუალობა შეიძინა საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობის თემამ. ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს - თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია - ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა კონტექსტში აკრიტიკებენ. როგორი სავაჭრო ბრუნვაა საქართველო-თურქეთს შორის, რა სფეროებში ხორციელდება თურქული ინვესტიციები და რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ თანამშრომლობას?

 ბოლო 5-6 წლის მანძილზე თურქეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა. თურქეთში ახერხებენ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები სასურველი პროდუქციის ხელსაყრელ ფასად შეძენას და იქიდან უპრობლემო ტრანსპორტირებას. სწორედ ეს აისახება საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს. ამ უწყების მონაცემების მიხედვით, 2012 წლის პირველ ნახევარში თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა, თუმცა იმპორტის საერთო მოცულობაში თურქეთის წილის მცირედი კლება შეიმჩნევა. ამ ქვეყნიდან საქართველოში ძირითადად სამშენებლო მასალების იმპორტი ხორციელდება, შემდეგ მოდის ქაღალდის ნაწარმი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა პროდუქცია.

რაც შეეხება ექსპორტს, ისიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საქართველოდან თურქეთში ძირითადად შავი ლითონები, ფეროშენადნობები, ავტომობილები და ტრიკოტაჟის ნაწარმი გადის. წელს ამ ჩამონათვალს ხორბალიც შეემატა. საქართველო-თურქეთს შორის 2008 წლის ნოემბრიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, რაც საქართველოდან ექსპორტის განხორციელების კარგ პირობებს ქმნის. მაგრამ ქართული ბიზნესმენები ამ შესაძლებლობებს ჯეროვნად ვერ იყენებენ, ამბობს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი თამაზ შავაძე:

”ჩვენ ძალიან ცუდად ვიყენებთ თურქეთთან არსებულ სავაჭრო ხელშეკრულებას. რაღაცებს ვაბრალებთ, რომ თითქოს არ შეიძლება, ვერ ვიღებთ... მაგრამ ერთი რამ არის, რომ იქ ცხადდება ყოველწლიურად, რომ საქართველოდან შეუძლიათ მიიღონ 600 ტონა თაფლი საბაჟო გადასახადის გარეშე. არც ერთ ფირმას არ მიუმართავს ამ კვოტის ასაღებად; არ იციან, რომ თურქულ ფირმასთან უნდა დადონ ხელშეკრულება და შემდეგ მიმართონ. ორი წლის განმავლობაში ნებართვა აიღო მხოლოდ თურქულმა კომპანიამ, რომელსაც პომიდვრის გატანა უნდოდა. ადრე ხომ იქიდან შემოგვქონდა პომიდორი, ახლა ჩვენგან გააქვთ.”

თამაზ შავაძე და სხვა ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ექსპორტს თურქეთის ბაზრის სახით მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს. თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამოქმედდა. ეს ფაქტი „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ თურქეთი სანდო პარტნიორია. იგი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომელთა გამოც მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორის პოზიციაზე რუსეთი თურქეთმა შეცვალა:

 ”სერიოზული ფაქტორი, რაც რუსეთსა და თურქეთს განასხვავებს, არის ის, რომ თურქები გაცილებით უფრო სანდო პარტნიორები არიან და სიტყვის გატეხა არ უყვართ. აჯობებს იმ ადამიანებმა, რომლებიც, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით, თურქეთს აძაგებენ, იფიქრონ იმაზე, რატომ მოხდა, რომ თურქეთი უფრო მისაღები პარტნიორია არა მარტო საქართველოსთვის, ბევრისთვის, ვიდრე რუსეთი.”

მიუხედავად გია ჯანდიერის მიერ ნახსენები ფაქტორებისა, საქართველოს ეკონომიკაში თურქეთის როლის ზრდას ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები აკრიტიკებენ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ქსენოფობიური განწყობა შეიმჩნევა, რასაც ომბუდსმენთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გამოეხმაურა. მისი ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის განცხადებით, ცენტრის მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მურმან დუმბაძეა, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი აჭარის რეგიონში. თავად დუმბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქსენოფობიურ განწყობებს უარყოფს.

მისი აზრით, ხალხის გაღიზიანებას იწვევს, უმთავრესად, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება უცხოელებს გაცილებით მეტად აფასებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რასაც ბიზნესსექტორის მაგალითიც ადასტურებს:

”ის, რომ საქართველოში - და, კერძოდ, აჭარაში - ინვესტიციების აბსოლუტური უმრავლესობა თურქული ინვესტიცია ხორციელდება, ნიშნავს, რომ კონკურენცია არის ნაკლები. ჩვენ გვინდა, რომ კონკურენტულ გარემოში მოხდეს ადამიანების ჩართვა ბიზნესში. მათ შორის, ამ კონკურენციაში უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები და, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმის ტერიტორიაზე.”

 მურმან დუმბაძის ასეთ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს ეკონომიკის ბევრი ექსპერტი - მათ შორის, გია ჯანდიერიც. მისი თქმით, საქართველოში ყველა ინვესტორი თანაბარ პირობებშია. ჯანდიერი იმ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რაზეც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელიც საუბრობდა.

”არა მგონია, თურქებს რაიმე სპეციალური პირობები აქვთ. უბრალოდ, ამ პირობებს ქართველები ვერ იყენებენ და ვერ გრძნობენ, რამდენად გამარტივდა ცხოვრება ბიზნესისთვის. შესაძლებელია გამოცდილება არ არსებობს ასეთი. ქართველები ამას უფრო ნელა აღიქვამენ, ვიდრე უცხოელები.”

გია ჯანდიერის განცხადებით, ინვესტიციები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და საქართველომ კიდევ ბევრი ცვლილება უნდა განახორციელოს მეტი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად. რაც შეეხება თავად თურქეთიდან განხორციელებულ ინვესტიციებს, 2011 წლის მანძილზე თურქეთი მოკრძალებულ მეხუთე პოზიციაზეა და მას წინ უსწრებს საერთაშორისო ორგანიზაციები, დანია, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები. თურქული ინვესტორების ძირითადი ინტერესის სფეროზე საქსტატის წარმომადგენელი ლია ძებისაური ამბობს:

 ”2011 და 12 წელი რომ განვიხილოთ, ყველაზე მეტი თურქული ინვესტიცია ტრანსპორტში და კავშირგაბმულობაშია, შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი.”

ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, თურქული ბიზნესის განსაკუთრებული აქტივობის განცდას ოპოზიციურად განწყობილ წრეებში შეიძლება ქმნიდეს მზარდი ტურისტული ნაკადი. საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, თურქეთი პირველ ადგილზეა. ამ ქვეყნის საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნამდვილი რეკორდი დამყარდა, რადგან მისი მომსახურებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60 პროცენტით მეტმა ადამიანმა ისარგებლა. მოცემულ პერიოდში საქართველოდან თურქეთში ერთი მილიონ 170 ათასი კაცი გავიდა, ხოლო თურქეთიდან საქართველოს ერთი მილიონ 160 ათასი ადამიანი ესტუმრა.