როგორც ცნობილია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა და Roubini Global Economics-ის მმართველობის თავმჯდომარემ ნურიელ რუბინმა სახელი 2008 წლის გლობალური კრიზისის ძალიან ზუსტად წინასწარმეტყველებით გაითქვა. მას შემდეგ მის სტატიებს უდიდესი ინტერესით ელიან. ამჯერად რუბინი საუბრობს აშშ-ს ეკონომიკაზე, რომელიც, მისი აზრით, გვარიანად ცუდ მდგომარეობაშია.
ყველასათვის აშკარაა, რომ ევროს ზონა ღრმა, დამანგრეველ კრიზისშია ჩავარდნილი. ევროპის ფონზე ბევრს ეჩვენება, რომ ამერიკაში საქმე არცთუ ცუდადაა. მეტიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში გავრცელდა აზრი, რომ აშშ-ს ეკონომიკა აღზევების პირასაა. მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა – სახელმწიფო და კერძო სექტორი ისეთ ვალებშია ჩავარდნილი, რომ ეკონომიკის აღდგენა თუ მოხდება, ბევრად ნელა, ვიდრე წინა წლებში.
წლევანდელი მოლოდინიც არ მართლდება – ექსპერტები აშშ-ს ეკონომიკას 3 პროცენტიან ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ იგი 1,5 პროცენტზე მეტი არ იქნება. ანუ, შარშანდელ 1,7 პროცენტზე ნაკლები. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ნავთობის გაიაფება, ავტომობილების გაყიდვების გაზრდა და უძრავ ქონებაზე ფასების მატება ამერიკის ეკონომიკას ზრდისაკენ სერიოზულ ბიძგს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მისცემს. მაგრამ ასე არ მოხდება.
რეალობა ძალიან მკაცრია: ამერიკის ეკონომიკური ზრდა 2012 წლის მეორე ნახევარში და 2013 წელში კიდევ უფრო შენელდება. ჯერ ერთი, მკვეთრად შენელდა სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი, მეორეც, ჩვენს წინაშეა ე.წ. “საგადასახადო-საბიუჯეტო კლდე” – გადასახადების გაზრდა დანახარჯების შემცირების ფონზე, რაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სერიოზული გაურკვევლობა სუფევს. ამ სიტუაციაში ბევრი ფირმა და მომხმარებელი ფრთხილად ეპყრობა თავის დანახარჯებს, რაც ეკონომიკაზე აგრეთვე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში სამომხმარებლო დანახარჯების ზრდა ხორციელდებოდა კიდევ ერთი 1,4 ტრილიონიანი პაკეტით, რომელიც გადასახადების შემცირებას და სოციალურ სუფსიდირებას ითვალისწინებდა. ეს კი სახელმწიფო ვალის იმავე 1,4 ტრილიონი დოლარით გაზრდას ნიშნავს. ევროს ზონისა და ბრიტანეთისაგან განსხვავებით, სადაც კრიზისის მეორე ტალღა მოკლევადიანი საგადასახადო-საბიუჯეტო ზომების გამო უკვე დაიწყო, აშშ-მ პრობლემები ნაწილობრივ მოაგვარა, მაგრამ ეს მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე მოახერხა.
2013 წელს ამოიწურება სოციალური სუფსიდირების პაკეტის მოქმედება და დასრულდება დაბალი გადასახადების მოქმედების ვადა. შედეგად, შემცირდება შემოსავლები და სამომხმარებლო აქტივობა. აი სწორედ მაშინ აშშ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
ყველაფერ ამასთან ერთად, ამერიკის ეკონომიკურ ზრდას ხელს რამდენიმე საგარეო ფაქტორი შეუშლის. ესენია ევროს ზონის კრიზისის გამწვავება, ჩინეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2013 წელში არსებობს ნავთობის გაძვირების საფრთხე, რადგან ირანის პრობლემის მოგვარება არა და არ ხერხდება. დოლარის კურსი ალბათ არ დაეცემა, რადგან სხვა ქვეყნებიც “რაოდენობრივი შესუსტების” პოლიტიკას მიმართავენ.
პირიქით, აშშ-ს ეკონომიკის ზრდის თანდათანობით შემცირების გამო დოლარი ალბათ გამყარდება, რადგან ევროს ზონის კრიზისის გამო ევრო შესუსტდება და ინვესტორები რისკების ოპტიმიზირებას შეეცდებიან. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა წელს კიდევ ერთ “რაოდენობრივ შესუსტებას” განახორციელებს, მაგრამ იგი არაეფექტური იქნება: გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი ისედაც ძალიან დაბალია და მისი მცირედით კიდევ შემცირება დანახარჯების ზრდას ხელს ვერ შეუწყობს.
ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი აისახება აქციების კურსზეც, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციების ფასი დღეს იმდენად დადაბლებული არ არის, როგორც 2009 ან 2010 წლებში.
და თუ მსოფლიოს უდიდეს, ამერიკის ეკონომიკას კვლავ მძიმე სენი შეეყრება, დანარჩენი მსოფლიო, რომლის ეკონომიკური იმუნიტეტი ევროს ზონის კრიზისის და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელების გამო ძალიან დასუსტებულია, კოლაფსში აღმოჩნდება.