15 აგვისტოს მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შევიდა. განაცხადის წარმდგენი პირია კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს და ზიანისათვის კომპენსაციას მოითხოვს. ზიანის ზუსტი ოდენობა ჯერ არ სახელდება, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გათვლებით, ის, საბოლოოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წევრის, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, ზიანი სამ კატეგორიად იყოფა: პირდაპირი მატერიალური ზიანი, პროცენტების ზიანი, რომელიც ახლაც იზრდება და მორალური ზიანი. რც შეეხება მატერიალურ ზიანს, მისი ყველაზე მსხვილი კომპონენტია 186 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი, რომელიც, ადვოკატის განმარტებით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიღებულ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს ბანკ ”ქართუსთან” დაკავშირებით მოჰყვა. მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრში, ვაშინგტონში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის საარბიტრაჟო დავის სამართლებრივი საფუძველია საქართველოსა და საფრანგეთს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება საინვესტიციო ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. ხელშეკრულება ორივე სახელმწიფოს ავალდებულებს, მასპინძელი სახელმწიფოს რანგში მეორე ქვეყნის ინვესტორებს ისეთივე საინვესტიციო რეჟიმი და დაცვა შესთავაზონ, როგორც თავიანთ ქვეყანაში და, ამავე დროს, მათთვის ზიანის მიყენება არ დაუშვან. საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადება საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე პროცედურულად დარეგისტრირების სტადიაშია. არჩილ კბილაშვილი განმარტავს:
”რეგისტრაციის შემდეგ უნდა მოხდეს არბიტრაჟის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ არბიტრს წარადგენს ბიძინა ივანიშვილის მხარე, მეორე არბიტრს მთავრობა, ხოლო ეს ორი აირჩევს მესამეს. ანუ უნდა მოხდეს არბიტრაჟის შექმნა, უნდა მოხდეს შემდგომ პროცედურების მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრების გაცვლა, წარმოდგენა, განხილვა და, საერთო ჯამში, ეს არის დაახლოებით ორწლიანი პროცესი და სადღაც ორი წლის თავზე უნდა იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება.”
არჩილ კბილაშვილის თანახმად, სწორედ გადაწყვეტილების გამოტანის შემჭიდროებული ვადების და ეფექტურობის გამო მიენიჭა უპირატესობა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრს, სხვა საერთაშორისო სასამართლოებთან, იმავე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან შედარებით. ამას გარდა, ამ ინსტიტუტს ფინანსური დავების კონკრეტული პროფილი აქვს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის მოპასუხემ ამ საქმეში, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, სწორედ საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქცია გახადოს სადავო.
მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი, ბიძინა ივანიშვილის სახელით, იურიდიულმა კომპანიამ ”Skadden”-მა შეიტანა.
საარბიტრაჟო საქმის წარმოების დაწყებამდე, 2012 წლის 31 ივლისს, კომპანიამ შეტყობინება დავის შესახებ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს გაუგზავნა. ამ შეტყობინებით ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას მის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ქმედებებით შელახული საინვესტიციო უფლებებისა და ზიანის ანაზღაურებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად 14 დღიანი ვადა მისცა. ”მხარეებმა, პირველ რიგში, უნდა სცადონ მათ შორის არსებული უთანხმოება მოლაპარაკებების გზით ამოწურონ“, -გვითხრა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა დავით ჯანდიერმა.
”ეს არის სავალდებულო პროცედურა იმისათვის, რათა შემდგომში განხილვამ გადაინაცვლოს საერთაშორისო არბიტრაჟში. რომ თვითონ სახელმწიფოს, პირველ რიგში, მიეცეს შესაძლებლობა აღმოფხვრას დარღვევა, რომელზეც მიუთითებს მომჩივანი მხარე. ეს არის ზოგადად საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომ სახელმწიფოს მიეცეს ყველა შესაძლებლობა ჯერ თვითონ გამოასწოროს დარღვევა მანამ, სანამ საერთაშორისო ორგანო - არბიტრაჟი, სასამართლო - განიხილავს პრეტენზიას მის წინააღმდეგ.”
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის შეთავაზების ვადად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 14 დღე განისაზღვრა, რაც სახელმწიფოს სამართლებრივი მრჩევლების მიერ არაგონივრულ ვადად ჩაითვალა. ვადა უკვე ამოწურულია. ამავე ვადაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინა ბურჯალიანის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო უფლებების შელახვის საქმეზე სამუშაოდ მთავრობამ იურიდიული ფირმა ”Dechert LLT” დაიქირავა.