ანზორ თხილაიშვილი:

ანზორ თხილაიშვილი: "წლევანდელმა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთელთა იმედი ვერ გაამართლა!"

საქართველოში ტურისტულმა სეზონმა პიკს მიაღწია. ხელისუფლება წელს ქვეყანაში დაახლოებით ოთხი მილიონი ტურისტის შემოსვლას ვარაუდობდა, თუმცა ოპონენტების აზრით, ამ რაოდენობის სტუმრის მიღება და გასტუმრება საქართველოს არ შეუძლია. ამ თვალსაზრისს იზიარებს ქობულეთის საკრებულოს წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელი ანზორ თხილაიშვილი, რომლის თქმით, წლევანდელი ტურისტული სეზონი მის ქალაქში არც ისე წარმატებული გამოდგა.

- ტურიზმის სექტორში დაკავებულთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა წლევანდელი სეზონით. ტურისტული სეზონი ლამის იწურება და ქობულეთში იმის ნახევარი ტურისტიც კი არ ჩამოსულა, რამდენსაც ველოდით.

- რამ გამოიწვია ეს?
- ძალიან ბევრმა ფაქტორმა, მაგრამ ვიდრე ამ საკითხს განვიხილავდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქობულეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მფლობელთა უმეტესობა ბანკების ტყვეობაშია მოქცეული. დაახლოებით 272 ოჯახს საკუთარი სახლ-კარის მიტოვება ემუქრება, მათი დიდი ნაწილი კი სწორედ ტურიზმის სექტორშია დასაქმებული. ამ ხალხმა თავისი ბიზნესის საჭიროებისათვის ოთხი-ხუთი წლის წინ ბანკებიდან კრედიტები აიღო. 2008 წელს დაიწყო აგვისტოს ომი და სეზონი ჩავარდა, რის გამოც ვერც ძველი ვალი გაისტუმრეს და ახალიც დაემატათ, რადგან ძალიან მაღალი პროცენტის გადახდა უწევდათ. არც მომდევნო წლებში ყოფილა უკეთესი მდგომარეობა: 2011 წელს ქობულეთის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყეს, მთელი ქობულეთი გადათხრილი იყო და მოუწესრიგებელი გარემოს გამო აქ ტურისტები ვეღარ ჩერდებოდნენ. საოჯახო სასტუმროების მფლობელთა დიდი ნაწილი თანდათან ჩაცვივდა ვალში, რომელსაც ვერ ისტუმრებენ. ბუნებრივია, გაკოტრებული ადამიანი ვეღარ იზრუნებს, რომ დამსვენებელს უკეთესი პირობები შეუქმნას, რადგან სახსრები არ აქვს. ტურისტიც იქ მიდის, სადაც უკეთეს მომსახურებას სთავაზობენ - სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში...

- ხელისუფლება ამ ხალხს შეღავათის გაწევას დაჰპირდა. ორიოდე თვის წინ ამ მიზნით ქობულეთში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძეც იყო ჩამოსული. ყოველივე ამან ნაყოფი ვერ გამოიღო?
- ახლავე მოგახსენებთ, რა შეღავათიც გაუწიეს ამ გასაცოდავებულ ხალხს: ყველა, ვისაც ბანკის ვალი ჰქონდა, პოლიციაში დაიბარეს და იქ გაესაუბრნენ, საბოლოო შედეგი კი ის არის, რომ 1-ელ ოქტომბრამდე გადაუვადეს ვალის გადახდა - ესე იგი, არჩევნებამდე. ჯერ ერთი, პოლიციაში რა უნდოდათ - სად ბანკი და სად - პოლიცია?! ჩემი აზრით, ეს ყოველივე ეჭვის საბაბს იძლევა: როგორც კი ხმას მისცემენ ხელისუფლებას, მაშინვე დაიწყებენ ამ ხალხის საკუთარი სახლებიდან გამოძევებას. მე ვესაუბრე ამ ადამიანებს და ვთხოვე, არ წამოეგონ ამ ანკესზე, რადგან თუ არჩევნებში ეს ხელისუფლება გაიმარჯვებს, მაინც ჩამოართმევენ სახლ-კარს. სხვათა შორის, ძალიან განიცდიან იმას, რაც მათ თავს ხდება. სამიოდე კვირის წინ ერთი კაცი, გვარად ვერულიძე, გადაჰყვა კიდეც ამ ამბავს. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მას სწორედ ვალებზე დარდმა მოუსწრაფა სიცოცხლე. გამოსახლებულთა შორის არის ერთი ქალბატონი - მედეა გოროზია, რომელსაც ყველაფერი წაართვეს და ამჟამად ავტოფარეხში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ცოტა ხანში, ალბათ, იმ ავტოფარეხიდანაც გამოაძევებენ, რადგან ისიც ჩამორთმეული აქვს. შვიდი ოჯახი უკვე გამოასახლეს და მათი სახლები აუქციონზეა გატანილი. ქობულეთში სახლებს ძირითადად თურქები, სომხები და ებრაელები ყიდულობენ, მკვიდრი მოსახლეობა კი ღია ცის ქვეშ რჩება. როგორც ვიცი, ერთ-ერთი სახლი ხათუნა კალმახელიძის უწყებასაც ჩაუვარდა ხელში.

- ბატონო ანზორ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ ტურიზმის ხელშეწყობაზე...
- არ ვიცი, რაში გამოიხატება ხელშეწყობა, რომელზეც ხელისუფლება ასე გულმოდგინედ და გამუდმებით ლაპარაკობს. ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა შორის ხელშეწყობილი და გახარებული მე არავინ შემხვედრია, ყოველ შემთხვევაში, ქობულეთში მაინც. არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი სერიოზული მიზეზიც, რომლის გამოც ბოლო წლებში ქობულეთში ტურისტების რაოდენობა მცირდება: მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, ბუნებრივია, რომ გადათხრილ და მტვრიან კურორტზე დასვენებას არავინ მოისურვებს. იმ ტერიტორიაზე მცხოვრები საოჯახო სასტუმროების მფლობელები ჩივიან - ერთი დამსვენებელიც კი არ მიგვიღია ბოლო თვეების განმავლობაშიო. გაჩერებულია ქობულეთის პარკიც, მისი აღმშენებლობა რატომღაც საკურორტო სეზონს დაამთხვიეს, იქაც მტვერი და ბუღი დგას. არ ვიცი, რატომ ვერ მოახერხეს ამ პარკის დროულად გახსნა, ეტყობა იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პიარისთვის შემოინახეს. პლაჟის გასწვრივ მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოებიც, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოესწროთ? კიდევ ერთი პრობლემა: ქობულეთში ვერ ნახავთ ე.წ. წყლის სოკოს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წყალგაყვანილობის სისტემა შეცვალეს. დამსვენებელმა სანთლითაც რომ ეძებოს, წყალს ვერსად ნახავს, მაშინ, როცა არცთუ ისე შორეულ წარსულში ყოველ ორმოცდაათ მეტრში სანაპირო ზოლშიც კი შეგეძლოთ დაგელიათ გემრიელი ცივი წყალი, რომლითაც ქობულეთი განთქმული იყო. სწორედ ამ ფაქტორებს უნდა დავაბრალოთ, რომ ტურისტულმა სეზონმა წელს ვერ გაამართლა ქობულეთელების იმედი. უფრო რომ დავაზუსტოთ, წლევანდელი სეზონი შარშანდელზე უარესი იყო, მაშინ, როცა შარშან ერთ-ერთი ცუდი სეზონი გახლდათ ბოლო წლების განმავლობაში. იმ ადამიანების მოლოდინი, ვისაც საბანკო დავალიანება აქვს, წელსაც ვერ გამართლდა, რადგან მათი შემოსავალი კვლავაც ვერ უზრუნველყოფს იმ ვალის გასტუმრებას, რომელიც აქვთ. არ არის გამორიცხული, რომ იმ 272 ოჯახის ბედი, რომელიც გამოსახლებისათვის არის განწირული, წელს სხვებმაც გაიზიარონ.