უახლოეს მომავალში არც ხელფასების მატება იგეგმება და მით უმეტეს არც პენსიების. რადგანაც საგაისოდ არც არჩევნებია და არც მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივობებია მოსალოდნელი, ნაციონალურმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ყურადღება მოადუნა.
პირიქით, უკვე დაწყებულია საბიუჯეტო სტრუქტურებიდან იმ ადამიანების გათავისუფლების პროცესი, რომლთაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყურთამდე გაუღეს მუნიციპალური დაწესებულებების კარი. ამის ნათელი დადასტურებაა თბილისის მერია, საიდანაც ყოველ მეექვსე თანაშრომელს კარისკენ მიუთითეს.
ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის მტკიცებით, 2011 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები არ გაიზრდება და არც ახალ ავტომობილებს შეიძენენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა ფინანსთა მინისტრმა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ბიუროკრატიულ მადას კვეცს.
ფინანსთა მინისტრის მტკიცების მიუხედავად, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა წლევანდელთან შედარებით იგივე რჩება, თუმცა შრომის ანაზღაურების მუხლში, თანხები მცირედით, მაგრამ მაინც მატულობს.
იმავდროულად ცხადი ხდება, რომ სამთავრობო გუნდმა 100 დოლარიან პენსიაზე ოცნება საბოლოოდ უკუაგდო. მართალია ბაინდურაშვილი ამტკიცებს, რომ მთავრობას ამ ოდენობის პენსიაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ვერც მის გაზრდას ახერხებს.
„მთავრობა პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას გეგმავდა, თუმცა ამას ხელი ეკონომიკურმა კრიზისმა შეუშალა“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი, რომელსაც არ დაუკონკრეტებია ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება ოდესმე შესრულდება თუ არა.
არადა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პენსიის ზრდასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გურამ ჩახვაძეს.
„პენსია არ იზრდება და მთავრობის მიერ არ ხდება ინფლაციის დონის გათვალისწინებაც, რაც, ფაქტობრივად, „ჭამს“ ამ პენსიას და პენსიონერი ამ თანხით ვერაფრის შეძენას ვერ ახერხებს“, - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
როგორც ცნობილია 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ე.წ. „საპენსიო პაკეტი“, რომლის პრეზენტაციასაც და უშუალოდ ჯანდაცვის ბიუჯეტის პრეზენტაციას პარლამენტის სასესიო სხდომაზე ფინანსთა მინისტრთან ერთად ჯანდაცვის მინისტრიც გააკეთებს.
სხვათა შორის, ამის მომხრეა საპარლამენტო უმრავლესობა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ სასესიო დებატებზე ფინანსთა მინისტრთან ერთად საკუთარი ბიუჯეტის და პრიორიტეტების პრეზენტაციას თავად ჯანდაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძეც გააკეთებს.