ფარული და ვითომ სოციალური რეკლამები წინასაარჩევნოდ

ფარული და ვითომ სოციალური რეკლამები წინასაარჩევნოდ

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონიტორები 6 ქართულ ტელეარხზე (“საზოგადოებრივი მაუწყებელი,” “იმედი,” “რუსთავი 2,” “კავკასია,” “მაესტრო” და “მეცხრე არხი”) 18 ივნისიდან 29 ივლისამდე პრაიმტაიმში 19:00 – 23:00 სთ. პერიოდში გასულ რეკლამებს აკვირდებოდნენ.

მონიტორინგის ფარგლებში დაითვალა რა დრო დაეთმო თითოეულ სუბიექტს სარეკლამო ჭრებში, როგორი იყო გაშუქების ტონი და ტიპი. იყო თუ არა სხვადასხვა გადაცემაში პიარი და ინფორმაცია ერთანეთიგან გამიჯნული და თუ იკვეთებოდა ფარული რეკლამის ნიშნები. ასევე, შეესაბამებოდა თუ არა სოციალური სტატუსის მქონე რეკლამები სოციალური რეკლამის კანონით განსაზღვრულ განმარტებას და ა.შ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ერთდროულად რამდენიმე კანონის დარღვევა ფიქსირდება, რაზეც უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა იმსჯელოს.

„მონიტორინგმა სამწუხარო ტენდენციები გამოავლინა: ხშირად სოციალური რეკლამის სტატუსი აქვს მინიჭებული იმ რეკლამებს, რომლებიც საქართველოს კანონის შესაბამისად სოციალური არ არის, წარმოადგენს ფარულ რეკლამას და ხელისუფლებისა თუ მმართველი პარტიის რეკლამირებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ სერიოზული დარღვევებია არაეთიკური რეკლამების კუთხითაც. ირღვევა „მაუწყებლობის შესახებ კანონი“. საუბარია ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ რეკლამაზე, რომელიც ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ შეკვეთით ტრიალებს. კანონმდებლობა კრძალავს მსგავსი სახის რეკლამების გაშვებას და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს,“ - ამბობს ნანუაშვილი.

არასოციალური სოციალური რეკლამები

“რეკლამის შესახებ კანონში” სოციალური რეკლამა განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული არაკომერციული და არაწინასაარჩევნო რეკლამა. მაუწყებლები სოციალურ რეკლამას ეთერში უსასყიდლოდ ათავსებენ.

არსებული კანონმდებლობა ტელევიზიებს არ ავალდებულებს, რომ ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებს შესაბამისი წარწერა ჰქონდეს და ამ წარწერით გამოირჩეოდეს კომერციული რეკლამებისგან. ტელევიზიები თვითონ წყვეტენ, რომელ რეკლამას მიანიჭონ სოციალური სტატუსი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” წერილს კითხვით, რომელი სოციალური რეკლამები გადის ეთერში, მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და „მე-9 არხმა“ უპასუხეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხში სოციალური რეკლამების ჩამონათვალში მოხვდა “დამზადებულია საქართველოში,” “მე მიყვარს თბილისი,” “უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან”.

კლიპში “დამზადებულია საქართველოში” მუშა გემბანზე წერს “სანაპირო დაცვა”, ბოლოს კი ეკრანზე ჩნდება შსს-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი. “ეს ხაზს უსვამს ამ კონკრეტული სახელმწიფო უწყების მიღწევებს და ნათლად არ ჩანს, თუ რა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა თუ საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ არის იგი მიმართული, რაც აუცილებელი რეკვიზიტია იმისთვის, რომ რეკლამა სოციალურად ჩაითვალოს.”

მოქმედი ხელისუფლების მიღწევებზე ირიბად მიუთითებს კლიპიც “მე მიყვარს თბილისი.”

რაც შეეხება უფასო ინტერნეტის რეკლამას, ორგანიზაციის განმარტებით, ის არღვევს რეკლამის შესახებ კანონის მე-12 მუხლს, (“სოციალური რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მის მიერ გაწეული მომსახურების რეკლაამას”) ამასთან, ის შეიძლება საარჩევნო დაპირებადაც კი აღვიქვათ, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის სტატუსით გაშვებული ანონსი, რომ სექტემბრიდან ჯანდაცვის პოლისების დარიგება დაიწყება.

„მე-9 არხისგან“ მიღებული ინფორმაციით, მონიტორინგის პერიოდში მათ ეთერში არ გასულა სოციალური სტატუსის მქონე რეკლამა. „მაესტროსაგან“ მიღებული სოციალური რეკლამების ჩამონათვალში არსებული რეკლამები კი პრაიმ-თაიმის პერიოდში არ დაფიქსირებულა.

ანტირეკლამა წინასაარჩევნოდ

მონიტორინგის პერიოდში „რუსთავი 2-ზე“. “იმედსა” და “კავკასიაზე” გადიოდა ქართული ოცნების ანტირეკლამა. ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდებას“ მიერ შეკვეთილი რეკლამები ივანიშვილის სხვადასხვა გამოსვლიდან, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზების გაერთიანებაა და მაყურებელს მიეწოდება, როგორც პოლიტიკოსის პოზიცია, რეკლამებში ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ პირი ვერ საუბრობს სწორად და აუდიტორიის წინაშე ისმება კითხვა, განახორციელებს ის ქართულ ოცნებას? ეს რეკლამები არაეთიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და მაუწყებლობის შესახებ კანონის 63 მუხლს არღვევს,“ - ნათქვამია ანგარიშში.

კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც მონიტორები მიუთითებენ, არის წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული რგოლი - „მეტი სარგებელი ხალხს“.

ფარული რეკლამა

მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ფარული რეკლამის ნიშნები გამოიკვეთა როგორც კერძო კომპანიების რეკლამებში, ისე გასართობ-იუმორისტულ შოუებში. მაგალითად, „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ რეკლამაში „ქალაქში კარგი ინტერნეტია,“ რეკლამის ბოლოს წითელ ფონზე ჩნდება 5-იანი და ფრაზა“კარგი ინტერნეტი იწყება 5 მეგაბიტიდან“ . ასევე ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავდა „ვანოს შოუს“ 22 ივნისის გადაცემაც.

„მონოლოგში წამყვანის ხუმრობების სიხშირე და ხასიათი სცდება იუმორისტულ მიზანს. ის პრეზიდენტს დადებით კონტექსტში წარმოაჩენს, ოპოზიციონერ ივანიშვილსა და მის გეგმებს კი დასცინის. შემდეგ კი რამდენჯერმე იმეორებს, რომ პრეზიდენტთან ერთად 5 საათს მგზავრობდა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრის ამგვარი სიხშირით გამეორება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომრის რეკლამირებას ემსახურება,“ - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ცენტრში განმარტავენ, საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ შეიცავს ფარული პოლიტიკური რეკლამის განსაზღვრებას. „რეკლამის შესახებ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები კი ფარული პოლიტიკური რეკლამის აღსაკვეთად არასაკმარისია.“

საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვლევისთვის რელევანტური რეკლამებიდან ყველაზე ხანგრძლივი დრო დაეთმო ჯანდაცვის სამინისტროს, შსს-ს, საკონსტიტუციო სასმართლოს, მთავრობას, პირველ ლედის და ა. შ. ტელეკომპანია „იმედის“ ამგვარი რეკლამების 26 % ხელისუფლებას დაეთმო, 7% განათლების სამინისტროს, 5 კი „ქართულ ოცნებას“, რაც შეეხება „მაესტროს“, „კავკასიასა“ და „მეცხრე არხს“, აქ ყველაზე ხშირად ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური რეკლამები გადიოდა. „მე-9 არხზე“ ყველაზე ხანგრძლივი დრო ივანიშვილის აქციების ანონსების შემდეგ დაეთმო კამპანია ეს შენ გეხებას - 30 % დაეთმო, ამომრჩეველთა ლიგას - 17 %.