ფოთი, მერისა და „ნაციონალი მაჟორიტარის“ გარეშე

ფოთი, მერისა და „ნაციონალი მაჟორიტარის“ გარეშე

ვინ იქნება ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ისევ გაურკვეველია. სავარაუდო კანდიდატზე, სარიშვილზე საუბარი მას შემდეგ შეწყდა, რაც სატელიტურ თეფშებთან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ომის პერიოდში, ერთ-ერთ მოქალაქეს თავადვე აჩუქა და დაუმონტაჟა.

ფოთის მერი კი თანამდებობიდან გადადგა. არადა, გადადგომამდე ვახტანგ, იგივე, გოჩა ლემონჯავა მედიასთან ამტკიცებდა, რომ არანაირი თანამდებობრივი, ან სხვა სახის გადაადგილება არ იქნებოდა. ის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე, სულ უფრო ახლოვდება, არც სარიშვილი და არც სხვა ვინმე, საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ არის.  კულუარებში კი, ისევ დაჟინებით ამტკიცებენ, რომ სარიშვილის კანდიდატურა არ შეიცვლება და კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამარჯვებისთვის ბრძოლაში, „ნაციონალებს“ ხელს არ უშლის.

ამასობაში, ისევ ვაკანტურია ფოთის მერის თანამდებობა. ლემონჯავას გადადგომის შემდეგ, მერის მოვალეობას, მისი პირველი მოადგილე ასრულებს. მერის პარალელურად, თანამდებობა დატოვა, კიდევ ერთმა მოადგილემ, მამუკა ბაბილუამ, რომელიც ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს. ბაბილუა, საქმიანობას ცენტრალური დასასვენებელი პარკის დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს.

ფოთელები, მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად, მერის ვაკანტური თანამდებობის კანდიდატებზეც ბევრს საუბრობენ. პირველი ვერსიით, მერის სავარძელი ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ წურწუმიას უნდა დაეკავებინა, რომელიც სხვადასხვა დროს, პარლამენტარობამდე, საკრებულოს მდივანი, თავმჯდომარე, ბოლოს კი, ვიცე-მერი იყო. თუმცა, როგორც ის გვეუბნება, მსგავსი შეთავაზება მას არავისგან მიუღია.

უფრო მეტს საუბრობენ საკრებულოს წევრზე, ბიზნესმენ, დავით ბაბილუაზე, რომელიც პოლიტიკური აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა მისი კანდიდატურის განხილვისას, პირად საუბრებში სახელისუფლებო წრეებში ყოველთვის აპელირებენ „პატიოსნებაზე და წესიერებაზე“. სწორედ ამ ნიშნით შეირჩა, ჯერ კიდევ 2005 წელს ვანო საღინაძის კანდიდატურა, რომელმაც 5 წელი მერის თანამდებობაზე დაჰყო, ბოლო ორი წელი კი, საკრებულოს თავმჯდომარეა. საღინაძე, ფაქტობრივად, ერთადერთი მერი აღმოჩნდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რომლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მისი წინამორბედებიდან სამი ექს-მერი, სხვადასხვა ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

ვინც არ უნდა მოვიდეს მერის თანამდებობაზე, წინ დიდი გამოცდა ელის, მითუმეტეს საარჩევნოდ, თუ გავითვალისწინებთ, ლემონჯავას უშუალო ინიციატივით დანგრეულ 2500-მდე ავტოფარეხს, რომელთა ნაწილი მოსახლეობას პირად საკუთრებად ჰქონდა დარეგისტრირებული და ამ დრომდე იბრძვიან თავიანთი უფლებების აღსადგენად. სწორედ ამ ამბების გათვალისწინებით, ფოთის ექს-მერს ლემონჯავას, ფოთელების ერთმა ნაწილმა „ვახტანგ დამანგრეველი“ შეარქვა. მისი მერობის ორ-წლიანი პერიოდი, ისე დასრულდა, რომ ვერცერთი იმ „გრანდიოზული პროექტის“ დასრულება ვერ მოესწრო, რომელსაც ის ჟურნალისტებთან შეხვედრებზე ხშირად აანონსებდა, მათ შორის იყო „რივერსაიდის“ პროექტი, რომელიც ქალაქის ნაწილში, მდინარე რიონის სანაპიროზე ბულვარის მოწყობას გულისხმობდა. სწორედ ამ პროექტს შეეწირა კერძო საკუთრებაში არსებული მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები. მათი ადგილი კი, გარემოვაჭრეებმა დაიკავეს და პირდაპირ მიწაზე დალაგებული იყიდება კიტრი, პომიდორი, ლობიო და ა.შ. ერთადერთი, რაც ამ ტერიტორიაზე აშენდა, ბეტონის გზაა, რომელიც სანაპიროს, ბაზრის გასწვრივ გასდევს. იგივე ბაზრის მეორე მხარეს კი, გზა იმდენად არის დაზიანებული, აგვისტოს ხვატშიც კი, ტბები დგას და მანქანით გადადგილებაც პრობლემაა.

ამ ყველაფერს ემატება, ფოთის პორტიდან, გასულ წელს განთავისუფლებული 600-მდე ადამიანი და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტობრივად, იმის შემდეგ, რაც პორტის მიერ კომპენსაციის სახით შენარჩუნებული ხელფასის ნაწილის მიღება შეუწყდებათ, შიმშილობისთვის არიან განწირულები.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, წინ დიდი და მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი ელოდება.

ამასობაში კი, ოპოზიცია, უკვე იმაზე ალაპარაკდა, რომ მმართველი პარტია, ფოთში ადმინისტრაციულ რესურსს, სათავისოდ იყენებს.

„წინასაარჩევნოდ, სადაც არ უნდა შეხვიდეთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ყველგან მიდის ადამიანების დაბარება, დავალებების მიცემა, თუ ვინ რამდენი კაცი უნდა მოიყვანოს არჩევნებზე. უკვე რამდენიმე თვეა ამ მიმართულებით მუშაობს ხელისუფლება. საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატები არის გადაბერილი, ეს საკითხი მე არაერთხელ დავაყენე საკრებულოში, თუმცა უშედეგოდ. შტატები, დაახლოებით 30%-ით არის გაბერილი. ძალიან ბევრი ადამიანი ყავის დალევის მეტს არაფერს აკეთებს. მერია და საკრებულო, იმის ნაცვლად, რომ ეფექტურად მუშაობდეს, ბიუჯეტს მიზნობრივად ხარჯავდეს, სინამდვილეში, არამიზნობრივად და უყაირათოდ ხარჯავს ხალხის ფულს.

არ არსებობს ხელისუფლებაში დასაქმებული ადამიანი, რომელიც არ მუშაობს არჩევნების მოგებაზე. ამას უცხო თვალი ვერ ხედავს, მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით?! იბარებენ ხალხს და აშინებენ ტერმინალების, მაღაზიების, სხვა სავაჭრო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და ყველას, ვისთანაც ხელი მიუწვდებათ. ასეთი მიდგომით მუშაობს ხელისუფლება, რაც  მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ისინი გაყალბებისთვის ემზადებიან“, - აცხადებს გოჩა დოლბაია, საკრებულოს წევრი და „სახალხო კრების“ სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი.

თავიანთი რჩეულები, ფოთში ამ ეტაპზე არც სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენიათ, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელმაც ფოთელებს ეკა ბესელიას კანდიდატურა შესთავაზა და, რომელიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევა. მისი აქტივობა კი იმით დაიწყო, რომ სამოქალაქო რეესტრში, ფოთში დარეგისტრირდა. ბესელიას და მის მხარდამჭერებს ნახავთ ყველგან, ფეხბურთის სტადიონიდან დაწყებული, პლაჟის დასუფთავების აქციით დამთავრებული. ვისზე შეაჩერებს ამომრჩეველთა უმრავლესობა ყურადღებას, ეს 1 ოქტომბერს გაირკვევა, მანამ კი, წინ საინტერესო პოლიტიკური პროცესებია.