შემოდგომიდან მივიწყებული ინფლაცია შემოგვიტევს

შემოდგომიდან მივიწყებული ინფლაცია შემოგვიტევს

საქართველოში დეფლაციური პროცესები დასრულდა, ახლა ინფლაციას უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, შემოდგომიდან ფასების ზრდა შეგვაწუხებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ფასები იმატებს. ინფლაციისთვის დამატებითი “სტიმულია” არჩევნებიც.

მსოფლიოში მთელი რიგი კვების პროდუქტები ძვირდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში კვების პროდუქტების ღირებულება 6%-ით გაიზარდა. რადგან საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, მსოფლიო ფასები ადგილობრივ სამომხმარებლო ფასებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ამასთან, კახეთის სტიქიის გამო, ადგილობრივი პროდუქციაც 20-40%-ითაა გაძვირებული.

ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, კვების პროდუქტებზე ფასის ზრდა, ინფლაციის ზრდის ტემპზე აუცილებლად იქონიებს გავლენას.ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოში წლის პირველ ნახევარში დეფლაციური პროცესები მიმდინარეობდა, ამიტომ, პროდუქტის გაიაფებისა და ფასების შემცირების ყოველგვარი ეკონომიკური რესურსი ამოწურულია. ამასთან, ზაფხული მთავრდება და როგორც წესი, დეფლაციურ თვეებს ინფლაციური თვეები მოსდევს.

“მსოფლიო ბაზარზე კვების პროდუქტების ფასების ზრდა შეინიშნება. ამიტომ, საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება ვისაუბროთ, რომ წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ინფლაციური კვების პროდუქტებზე იქნება”, - ამბობს არჩვაძე.

კვების პროდუქტების ფასების ზრდის პარალელურად, ინფლაციის ზრდაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძეც. მისი თქმით, საქართველოში პროდუქტზე ფასების ზრდა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებითაა განპირობებული. ობიექტურია ის, რომ იაფი პროდუქტის ხანა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დასრულებულია. სუბიექტურ ფაქტორად კი ექსპერტი ქვეყანაში არსებულ არაკონკურენტულ გარემოს ასახელებს.

ამავე დროს ექსპერტებს უჭირთ პროგნოზი იმისა თუ რამდენ პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს წლის განმავლობაში ინფლაცია.

“გააჩნია რა პროცესები წარიმართება. პროდუქტის ფასები პოლიტიკურ კონიუქტურაზე ბევრადაა დამოკიდებული. უახლოეს პერიოდში ინფლაციის განსაკუთრებულ ზრდას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ბოლო პერიოდში პროდუქტის ფასების ზრდა შესამჩნევია. შემდგომი პერიოდისთვის კი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. თუკი მიმდინარე პროცესები მართვადი იქნება ინფლაცია საშიში არაა, მაგრამ თუ გაურკვეველი ვითარება შეიქმნება, ამით მონოპოლიური ჯგუფები კიდევ უფრო ისარგებლებენ და უარეს შედეგს უნდა ველოდოთ”, - ამბობს გიორხელიძე.

სოსო არჩვაძესთვისაც ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი პროცენტით შეიძლება გაიზარდოს ინფლაცია.

“დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ინფლაციის ზრდის ტენდენცია დაიწყება. მთავარია ინფლაცია ერთნიშნა იყოს.  ისევე, როგორც ეს მითითებულია ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, სადაც ორიენტირად 6%-იანი ნიშნულია აღებული. რამდენად მოხდება მისი პარამეტრების ჩატევა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსში, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს”, - განმარტავს არჩვაძე.

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში ინფლაციის მაჩვენებელი კი არ იქნება საშიში, არამედ ეს პეოცესი როგორ აისახება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე. ამიტომ, ინფლაციის კონტროლი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს.