ვინ არის სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფი ფოთელი რეალური გმირი?!

ვინ არის სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფი ფოთელი რეალური გმირი?!

გუშინ, ფოთის 2008 წლის 33 დღიანი რუსული ოკუპაციიდან ოთხი წელი შესრულდა. თუმცა, ეს დღე გარდა ჟურნალისტებისა, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ პარკში სპორტისა და ტურიზმის მიერ მხარდაჭერილ „თქვენი შოუს“ ღონისძიებას აშუქებდნენ, არავის გახსენებია. არადა, პორტის დაბომბვის შემდეგ, ფოთელების ყველაზე მძიმე მოგონებები, სწორედ ამ დღეს უკავშირდება.

გამაყრუებელი მუსიკის ხმის და მოწოდების-ფოთელები შოუს სანახავად გამოსულიყვნენ, ცენტრალურ პარკში, სადაც ღონისძიება გაიმართა, რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა არავინ გამოსულა, მათ შორისაც, უმეტესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდამჭერები იყვნენ. ემღერებოდათ თუ არა გუშინ ფოთელებს, სწორედ მათი აქტიურობიდან გამოჩნდა.

4 წლის წინ, რუსი სამხედროების ქალაქში შემოსვლით შეშინებულმა და გურიის სოფლებში გახიზნულმა ფოთელებმა უკან დაბრუნება, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიხვდნენ, რომ რუსმა ძალებმა თავისი ავი საქმე გააკეთეს-ასაფეთქებელი ააფეთქეს, ხოლო, წასაღები-წაიღეს.

ფოთის ოკუპაციის პერიოდში რუსი სამხედროები განსაკუთრებული აგრესიულობით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩეოდნენ. 33 დღიანი ოკუპაცია, ყველაზე მტკივნეულად ქალაქის ეკონომიკაზე აისახა და ეს კვალი დღემდე მოყვება. ქართული ეკონომიკის მექად გამოცხადებულ ქალაქში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების იმედით ბანკებიდან კრედიტების აღება, ბევრი ფოთელისთვის, რუსულ ბომბებს გადარჩენილი სახლების ბანკებისთვის დათმობის მიზეზი გახდა.

12 აგვისტოდან, მათი ნახვა შესაძლებელი იყო ყველგან, ქალაქის ნებისმიერ ნაწილში. ფოთის პორტში სიტუაცია უკონტროლო, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც იქ 19 აგვისტოს რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შევიდა და 22 ქართველი ჯარისკაცის დატყვევება დაიწყეს. არავინ იცის, საიდან მოხვდნენ ქართველი ჯარისკაცები იმ დღეს პორტის ტერიტორიაზე და ვინ მიიღო მათი ფოთში ჩამოყვანის გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ისინი ამ გადაწყვეტილებით მავანმა გაწირა, რადგან იმ სიტუაციაში არავინ იცოდა, კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები მათ ლიკვიდაციას დაიწყებდა, თუ დატყვევებას.

ჯარისკაცების დახვრეტის წინაპირობა რომ არსებობდა, ეს ინფორმაცია, ფოთის ყოფილმა მერმა და მაშინდელი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა, ვანო საღინაძემ რეგიონული სამაუწყებლო კომპანიის „მეცხრე ტალღის“ ეთერში საუბრისას, დაადასტურა.

ამის მიუხედავად, ამ დრომდე ამ უგუნური და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ქმედების გამო არავინ დასჯილა, უფრო მეტიც, ბრძანების გამცემის ვინაობაც არავინ იცის, მათ შორის იმ ჯარისკაცებმა, რომლებმაც ტყვეობას თავი მხოლოდ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ძალისხმევითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით დააღწიეს.

როგორც მაშინ გავარკვიეთ, 50-მდე ჯარისკაცს, ამერიკიდან შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტვირთვაში პორტის თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა დაეცვა, თუმცა დასაცავი ჯარისკაცები თავადვე გახდნენ, რადგან ისინი რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვას ვერაფერს მოახერხებდნენ, თუ არა ჩაბარებას.

ამ მოვლენებიდან, მხოლოდ ათი დღის შემდეგ ჩამოვიდა ფოთში, პრეზიდენტი სააკშვილი, უფრო სწორად, ჩამოფრენილა, თან ღრუბელ-ღრუბელ, რაზეც ფოთელებმა და მთელმა საქართველომ, მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეიტყო. ამდენივე დრო დასჭირდა, კიდევ ერთი საგმირო საქმის სააშკარაოზე გამოტანას, რომელიც სააკაშვილმა ახალციხეში სხვაგვარად მოჰყვა, ხოლო ფოთისა დ ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის რეგიონული ტელევიზიის „მეცხრე ტალღასთან“ ინტერვიუში კი, - სხვაგვარად.

ფოთელი მალხაზ კუხიანიძე იხსენებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჩამოსვლის დროისთვის, მიუხედავად ოკუპაციური ჯარების ქალაქში ყოფნისა, ფოთში აბსოლუტური სიმშვიდე იყო. კუხიანიძე, ამბობს, რომ სააკაშვილის ლოგიკა, საკუთარი თავის პოპულარიზაციას ვერ ცდება.

საკრებულოს წევრი და აგვისტოს მოვლენების უშუალო მონაწილე, გოჩა დოლბაია, რომელიც საგანგებო შტაბის წევრი იყო, პრეზიდენტის მიერ მაგალითად მოყვანილ პოლიციელის ისტორიას ვერ იხსენებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ნამდვილი გმირების იგნორირებას ეწევა.

მიხეილ სააკაშვილის ფოთში ჩასვლისა და გამოსვლის ტექსტი, დღემდეა შემონახული პრეზიდენტის ადმინისტრაცის ვებ-გვერდზე. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ არქივის მიხედვით კი, საჰაერო ფრენებს „აირზენა“ ამ დროისთვის ბათუმის მიმართულებით, 10 დღით ადრე ასრულებდა. ფოთიდან ბათუმამდე, სახმელეთო მანძილი, მხოლოდ 80 კილომეტრია, საჰაერო გზით, კიდევ უფრო ნაკლები, რაც ფოთელთა დიდი ნაწილის აზრით, ჰაერიდან რაიმე სახის საფრთხეს უკვე გამორიცხავდა, მითუმეტეს, დიდი ხნის შესული იყო ძალაში ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, რუსეთ-საქართველოს შორის მოეწერა ხელი.