„ქუთაისში პარლამენტის შენობა ააშენა და იქაც ანტიკური პერიოდის ღონისძიება განახორციელა მსხვერპლშეწირვით“

„ქუთაისში პარლამენტის შენობა ააშენა და იქაც ანტიკური პერიოდის ღონისძიება განახორციელა მსხვერპლშეწირვით“

რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლის თავზე ისევ ვნახეთ პრეზიდენტის ცრემლი. აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის გელა თიგიშვილის დაკრძალვაზე კასპში ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა - არავის შევარჩენ მის სისხლსო. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რუსეთი ახალ-ახალი ხერხებით ცდილობს საქართველოზე კონტროლის მოპოვებას და ამისთვის ჩვენსავე თანამემამულეებს იყენებს. ამ თემაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, რესპუბლიკელ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ:

- ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მრჩება, როდესაც სააკაშვილის გამოსვლებს ვუყურებ. ის ასეთივე ემოციით ლაპარაკობდა 2007 წელს, როდესაც ლიახვის ხეობის სოფლებში დადიოდა და მოსახლეობას გარანტიას აძლევდა, თუ კონფლიქტი მოხდა, თქვენი თავიდან ერთი თმა არ ჩამოვარდება, თქვენს ღირსებას მე დავიცავო. მერე ვნახეთ როგორ გადაიბუგა ეს სოფლები და სააკაშვილმა ხელიც ვერ გაანძრია. გავიხსენოთ, რომელი პირობა შეასრულა სააკაშვილმა?  2007 წელს ამბობდა, - რამდენიმე თვეში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დავიბრუნებთო, 2008 წელს ნატოში ვიქნებითო, მაგრამ...  ან მისი ნათქვამი „არ შევარჩენ“ რას ნიშნავს? ომს დაიწყებს? იმის მაგივრად, რომ შევურიგდეთ ჩვენ ხალხს აფხაზებს და ოსებს და ახალი ცხოვრება დავიწყოთ ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოში, სააკაშვილი იმუქრება და შანსებს არ უტოვებს ქართულ საზოგადოებას, რომ შერიგება მოხდეს და მომავალი მსხვერპლი არ დავუშვათ.

თუ მართლა გვინდა რომ დაღუპულ ბიჭებს პატივი მივაგოთ, მომავალში ომი აღარ უნდა დავუშვათ. შურისძიებით კი არა, მომავლის იმედით უნდა განვიმსჭვალოთ და ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც ომი დაუშვა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში.   

სააკაშვილმა განაცხადა, - თუ რუსეთის კაცი მოვა ხელისუფლებაში, ჩვენი მტერი რამდენიმე რეგიონს კიდევ აგვწაპნისო. ხომ ნათელია, ვინც იგულისხმა რუსეთის კაცში.

- ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რაც თვითონ უკვე გააკეთა? თვითონ რადგან რუსეთის კაცია ამიტომ დათმო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? ჩემს შემდგომ მეორე რუსეთის კაცი მოვა და ის კიდევ დათმობსო - ეს უნდოდა ეთქვა? სირცხვილია ილაპარაკო სხვაზე, როდესაც უკვე დაუშვა რუსული პროექტი. სააკაშვილი დაემორჩილა რა რუსეთის აგენტ კვიციანს, კოდორში ჯერ ჯარები შეიყვანა, მერე კი რუსებს ჩააბარა. რუსეთის ფე-ეს-ბემ ვლადიმერ სანაკოევის დახმარებით ჯერ სამხრეთ ოსეთი აღადგენინა სააკაშვილს და მერე ეს ტერიტორია დაიპყრო. რუსეთი არწმუნებდა სააკაშვილს, რომ  ცხინვალი არ აინტერესებდა. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა განუცხადა აშშ-ის ელჩს ჯონ ტეფტს 2007 წლის მაისში, როდესაც ტეფტი ჩამოვიდა სოხუმიდან და თქვა, - შეიძლება ომი დაიწყოსო. მერაბიშვილმა უთხრა, არავითარი ომი არ იქნება, რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი ინტერესი არ აქვს და ომის საშიშროებას ვერ ვხედავთო.

2007 წლის 12 დეკემბერს სააკაშვილმა უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა, - რუსებს ჩემთან წამოსცდათ, რომ ცხინვალი არ აინტერესებთო. ყველამ კარგად ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში როგორ არ აინტერესებდა რუსეთს ცხინვალი. როცა ომის შემდგომ სარკოზი ჩამოვიდა და მოსკოვიდან მედვედევის ხელმოწერილი 6 პუნქტიანი შეთანხმება ჩამოიტანა, მის მეექსვე პუნქტში ეწერა, - საერთაშორისო შეთანხმებით განისაზღვეროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსიო. ამ საკითხზე გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი მუშაობდა, მაგრამ  სააკაშვილმა შეთანხმებიდან ამოიღო მეექვსე პუნქტი, რომელზე ხელმოწერაც საფრანგეთმა აიძულა მედვედევს. ამ შემთხვევაში სააკაშვილი უფრო რუსი იყო, ვიდრე მედვედევი. ეს არის რუსული პროექტები, რომელთაც ხორცი სააკაშვილმა შეასხა, გამოვიდეს ვინმე სააკაშვილის ექსპერტი და ჩამომითვალოს პუნქტობრივად ივანიშვილის რუსობა.

ხელისუფლება ხშირად ახსენებს, რომ ივანიშვილმა რუსეთში იშოვნა ფული.

- ბედნუქიძის ფული რუსული არ არის? სააკაშვილს რომ აფინანსებდა ივანიშვილი მაშინ ეს ფული რუსული არ იყო და საკუთარი თავის პოლიტიკურად დაფინანსება რომ დაიწყო, მაშინ გახდა ეს ფული რუსული? ეს არ სჯერათ ყველაზე ღრმა სოფლებშიც კი.

პრეზიდენტმა მთავარი ოპონენტის მისამართით თქვა - მეტი საქმე არ მაქვს ჩვენი აშენებული თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრვინოთო

- სააკაშვილმა დაანგრია სახელმწიფო, დათმო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამჟამად წყალტუბოში ვცხოვრობ და ჩასაფრებული ვარ წყალზე. იმის მაგივრად, რომ წინასაარჩევნო კამპანია მქონდეს, ველოდები წყალი როდის მოვა, რომ ავზი ავავსო. ავზს ისე ვერ ავავსებ თუ ძრავა არ ჩავრთე. თუ ავზის ავსება ვერ მოვასწარი, მერე მთელი დღე წყალი არ მაქვს. მაღაზიაში ვყიდულობ 10 ლიტრ წყალს და იმით ვრეცხავ უნიტაზს. აი, ეს არის სააკაშვილის საქართველო. სააკაშვილმა ხალხი ონკანებს მიაბა. არ უნდა მუშაობდე, სახლში უნდა იჯდე, რომ ერთი ვედრო წყალი მაინც აავსო. ასე ცხოვრობს ხალხი წყალტუბოში 21-ე საუკუნეში. მათ ენატრებათ საბჭოთა კავშირი, რადგან 24 საათიანი წყალმომარაგება ჰქონდათ. რომელ აშენებაზეა ლაპარაკი? სააკაშვილი ამბობს ცათამჯენები ავაშენეთო და სად ააშენა? სააკაშვილმა მხოლოდ გაარემონტა რუსეთის იმპერიის დროს აშენებული სახლები. ისევე როგორც გაარემონტადა არ აუშენებია სასტუმროები „აჭარა“ და „ივერია“.  ქუთაისში ერთადერთი რამ - პარლამეტის შენობა ააშენა და იქაც ანტიკური პერიოდის ღონისძიება განახორცილა მსხვერპლშეწირვით. პარალმეტის მშენელობა დედა-შვილის მოკვლით დაიწყო და ერთი მუშის სიკვდილით დაასრულა. სააკაშვილი სისხლით აშენებს სახლებს და ეს არის მშენებლობა? სინამდვილეში ის თვითონ აგნრევს ყველაფერს და ხალხს ხოცავს მშენებლობის დროს. მონური შრომით კეთდება ყველაფერი. პარლამენტის მშენებლობაზე მომუშავეების უმეტესობას ჯერ ხელფასი არც აუღია.

ბათუმის აშენებას თუ გულისხმობდა სააკაშვილი, ის თურქებმა ააშენებს და ბათუმიდან მთელი ფული თურქეთში გაედინება. რა აშენდა თბილისში საქართველოს ბიუჯეტით?  შს სამინისტრო და მის მოპირდაპირედ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. ეს მართლაც აშენდა თბილსში, მაგრამ ქუთაისში მხოლოდ ფასადები გარემონტდა. თუ ქუთაისში ჩამობრძანდებით, გაჩვენებთ გარედან გარემონტებულ შენობას, სადაც პირველი სართულიდან ცა ჩანს. ამ სახლს მხოლოდ ფასადი აქვს და არათუ სახურავი, სართულებიც არ აქვს შუაში. ესაა სააკაშვილის აღმშენებლობის რეალური სახე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამგვარ მშებელობას გავაჩერებთ. იმ შენობას სართულებსაც გავუკეთებთ და სახურავსაც. ფასადების გარემონტება მშენებლობა არ არის.

რაც შეეხება განცახდებას, - „მეტი საქმე არ მაქვს ჩვენი აშენებული თქვენ გადმოგაბაროთ“, ეს ავტორიტარის განცხადებაა. ასე ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ ჩაუშესკუ, მუბარაქი, კადაფი და პინოჩეტი. სააკაშვილი კარგად დაფიქრდეს, როდესაც ამას ამბობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სააკაშვილი აუცილებლად არჩევნებით გავისტუმროთ. როდესაც ხელისუფლებას არჩევნებით ისტუმრებ, მერე გაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ გაასამართლო და პასუხი მოსთხოვო. თუ სააკაშვილი ინსტინქტურად იგრძნობს, რომ არჩევნებით მიდის, მას ურჩევნია რევოლუციით წავიდეს, ისე როგორც წავიდა შევარდნაძე. როდესაც ავტორიტარი მმართველი რევოლუციით მიდის, მაშინ იძულებული ხარ მასთან შეთანხმება გააფორმო, რომ სისხლი არ დაღვაროს და თან არ წაიყოლოს უამრავი სიცოცხლე. ამიტომაც მოსული ხელისუფლება იძულებულია გაურიგდეს მტარვალ მმართველს, ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს. ამის გაკეთება მოგვიწია შევარდნაძესთან და აბაშიძესთან. სააკაშვილს ახლა ძალიან სჭირდება რევოლუცია, რათა თავი გადაირჩინოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ რევოლუცია, რომელიც სააკაშვილს სჭირდება. ჩვენ მხოლოდ არჩევნებით უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში.

მაგრამ ხელისუფლებაც არ არის უმოქმედოდ. ამდენი დაყადაღებები თქვენც ხომ გიშლით ხელს?

- ეს ხომ სისუსტის ნიშანია. მუშტზე ის იყურება, ვისაც არგუმენტი არ გააჩნია. სააკაშვილს არგუმენტები რომ არ აქვს, ამიტომ აყადაღებს ყველაფერს. ეს არის მშვენიერი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნებს ფული კი არა,  სამშობლოს სიყვარული და ერთგულება იგებს. ივანიშვილმა ქრისტეს გზა აირჩია. იტანს დამცირებას, შეურაცხყოფას, პატივის აყრას, ქონების და მოქალაქეობის წართმევას. ყოველი ჩვენგანი, ვინც ქრისტაინები ვართ, ქრისტეს გზას უნდა ვადგეთ და ივანიშვილი ჩვენგან ყველზე მეტი ქრისტიანია, რადგან ამდენ შურაცხყოფას იტანს. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ივანიშვილს შეურაცხყოფას აყენებს, მაგრამ ეს ადამიანი მაინც ფეხზე დგება და განგრძობს თავის ჯვრის ტარებას. ხომ ნათელია სად არის სიკეთე და სად - ბოროტება. დაყადაღებები და ამ ხელისუფლების მეთოდები ქრისტიანი ადამიანისათვის სასაცილოა. ჩვენ სახარებაში გვაქვს წაკითხული, რომ არ უნდა შეგვეშინდეს დაყადაღებების, დევნის და რომ ფული არ წყვეტს არაფერს. არჩევნების ბედს სამშობლოს სიყვარული და მიზნისკენ მიმავალი მკაფიოდ გამოკვეთილი გზა წყვეტს.

ბრძანეთ, რომ წყალტუბოში ხართ, თუმც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენი აღარ გეყარა კენჭი წყალტუბოს მაჟორიტარად.

- ეს მარტო ჩემზე არ უთქვამთ. თქვეს ვალერი გელაშვილზე, გუბაზ სანიკიძეზე და კიდევ ბევრზე. ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რაიონებში დაბნეულობა და უნდობლობა შემოიტანოს. როდესაც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ზაქარეიშვილი აღარ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მიაჩნიათ, რომ საქმიანობას წყალში მიყრიან. ხალხს ვაგებინებთ, რომ ეს შეგნებულად გავრცელებული ჭორი და ტყუილია. ეს არის ნათელი დასასტურება იმისა, რომ „რუსთავი 2“ და „იმედი“ პროპაგანდისტული ტელევიზიებია და დეზინფორმაციას ავრცელებენ. ჩემში ეჭვი ერთი წამითაც არავის შეპარვია „ქართულ ოცნებაში“. მე ვიქნები წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდტი. ეს ჭორები სახელისუფლებო ტელევიზიების და პრესის მონაჩმახია. ბიძიან ივანიშვილის განცახდება, რომ შეიძლება რამდენიმე კანდიდატი შეიცვალოს, მე არ მეხება. მინდა საქართველოს ვაჩვენო რას ნიშნავს ნამდვილი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩავიხარშე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემაში, სულსა და გულს ვდებდი ციხეებში მუშობისას და ამასვე ვიზამ წყალტუბოში. მინდა საქართველოს ვაჩვენო რას ნიშნავს სამაგალითო მაჟორიტარი დეპუტატი.   

რატომ გადაწყდა, რომ წყალტუბოში გეყარათ კენჭი, თქვენ ხომ ამ ქალაქის მკვიდრი არ ხართ?

- არ ვარ წყალტუბოელი და აქ არც არავითარი ნათესაური კავშირი არ მაქვს. რადგან არავისთან მაქვს ნათესავური ბმა, ვერ მოვხვდები კლანური მმართველობის სისტემაში. ჩემს მეგობრებს ვინც კერჭს იყრიან იმ რეგიონებში საიდანაც არიან, ორი ამოცანა ექნებათ: გაანადგურონ არსებული კლანები და არ დაუშვან თავისი კლანები. ქალაქში, სადაც სწავლობდი მოვლენ შენი კლასელები, ნათესავები, მეზობლები და ძნელი იქნება უარის თქმა. უარს ეტყვი და ხალხს მოიმდურებ. წყალტუბოში არავისთან დამჭირდება არას თქმა, თუმც „არას“ თქმა ძალიან მკაცრად ვიცი. მე მიბმული ვიქნები მხოლოდ ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებზე და საზოგადოებაზე. წყალტუბოში იმიტომ ვიყრი კენჭრს, რომ აქ წლების განმავლობაში ყოველთვე ჩამოვდიოდი დევნილებთან, ვიცავდი დევნილების უფლებებს, ვსწავლობდი მათი განსახლებისა და სოციალურ საკითხებს. მართალია დევნილებთან ჩამოვდიოდი, მაგრამ ბრმა და ყრუ უნდა ვყოფილიყავი, რომ დანარჩენი წყალტუბო არ დამენახა. ძალიან ცოტა ხანში მოვსპობ აქ ელიტურ კორუფციას, რომელიც კლანებზეა დაფუძნებული. ჩინოვნიკმა უნდა ისწავლოს ხელფასზე ცხოვრება. თუ ჩინოვნიკს ეს არ შეუძლია, კეთილი ინებოს და პოლიტიკიდან წავიდეს. წყალტუბოში ადგილობრივი პრიმიტიული პოლიტიკა ადგილობრივ ბინზესზეა გადაბმული. იკითხავ რესტორნის და მაღაზიის მფლობელს და დაგისახელებენ  გამგეობის თანამშრომლებს ან საკრებულოს წევრებს. მე 20 წლიანი სამსახური გავიარე ქართული საზოგადოების წინაშე. ყველამ ნახა, სადაც შეიძლებოდა ქრთამის აღება (ომის დროს ტყვეთა გაცვლისას და ციხეებში) ერთი თეთრი არ ამიღია.  

სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრობისას ციხეებში იმიტომ შემიშვა, კარგად იცოდა, რომ არ ვარ კორუმპირებული. მე ციხეში დანაშაულს ვებრძოდი და იქ კორუფცია მოვსპე. როდესაც ამბობენ, - კრიმინალი დაბრუნდებაო, ვერ  დაბუნდება იქ, სადაც მე ვიქნები. მე სააკაშვილის გუნდში ვებრძოდი კრიმინალს. ჩვენ დავწერეთ პროგრამა როგორ უნდა გვებრძოლა კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ. მე ვიყავი იმ კონცეფციის ჩამომყალიბებელი, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა, მაგრამ დღეს დანაშაული ელიტაში გადავიდა. სააკაშვილი გახდა საქართველოს კანონიერი ქურდი და ეს მოისპობა. წყალტუბოს მაგალითზე ყველა ნახავს რას ნიშნავს ბიზნესის და პოლიტიკის გაყოფა. შემიძლია დავიფიცო, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთში აქ არასოდეს არ აირევა.