„სოლიდარობა გაშვებულ ლექტორებს“, - თსუ-ს სტუდენტებმა სპეციალური გვერდიც კი შექმნეს ინტერნეტში და ამ გზით თანადგომა გამოუცხადეს უსაფუძვლოდ დათხოვნილ ლექტორებს, რომელთა რიცხვს უკვე კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადურიც მიემატა. ნოდარ ხადურს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო უნივერსიტეტში კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.
აღნიშნულის შესახებ ნოდარ ხადურმა სოციალურ ქსელში განაცხადა:
„პარადოქსია, მაგრამ დღეს ძალიან მძიმე დღის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ საკონკურსო კომისიამ და უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჩათვალეს, რომ არ ვიმსახურებ უნივერსიტეტის პროფესორობას, ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინე ჩემი კოლეგებისაგან (ყოფილს ვერ დავწერ) და განსაკუთრებით სტუდენტებისაგან, რომ ამ ყველაფერმა გადაფარა! გულწრფელი მადლობა საკონკურსო კომისიას და აკადემიურ საბჭოს, რომ ასეთ სიყვარულში დარწმუნების საშუალება მომცა! ერთიცაა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი უსაყვარლესი საქმე ჩემს უსაყვარლეს უნივერსიტეტში გავაგრძელო!“
For.ge პროფესორ ნოდარ ხადურს ესაუბრა. –
არ ვიცი, ჩემს მსგავსად, მომავალში შეექმნება თუ არა პრობლემა ოპოზიციურად განწყობილ სხვა ლექტორებსა და პროფესორებს, მაგრამ ვისურვებდი, უნივერსიტეტი უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე პოლიტიკა ან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიაა. ვერცერთი ჩემი სტუდენტი ან ჩემი კოლეგა ვერ იტყვის, რომ მე უნივერსიტეტის შენობაში, განსაკუთრებით კი, ლექციაზე, პოლიტიკურ დებატებში ვმონაწილეობდი ან პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდი. ექვსი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი გახლდით, ახლა კი გამოცხადებული იყო კონკურსი იმ ადგილზე, რომელზეც მე ვიყავი. სამწუხაროდ, კონკურსი ვერ გავიარე.
კონკურსამდე ვერ მიაღწიეთ? რატომ ვერ გაიარეთ კონკურსი?
- კონკურსამდეც მივაღწიე და კონკურსის გარეთაც „გამოვაღწიე“. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ გავიარე კონკურსი. აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს საკონკურსო დოკუმენტაციაში ხარვეზის შეტანა, პრაქტიკულად, გამორიცხული იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ მუშაობას, რომელიც მე კათედრაზე გავწიე. ამიტომ, ერთადერთ არგუმენტად რჩება პოლიტიკური საკითხი. როგორც ჩანს, ეს თემა მტკივნეულია. ფაქტია, უნივერსიტეტი პოლიტიკური დებატებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. თავისთავად ცხადია, უნივერსიტეტის შენობაში პროფესორი არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს, ხოლო უნივერსიტეტის შენობის გარეთ ჩვენი, როგორც პროფესიული, ისე პატრიოტული ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველო უფრო დემოკრატიული იყოს.
ის ადგილი, რომელზეც განაცხადი გქონდათ შეტანილი, ვაკანტური დარჩა და არავინ მიუღიათ?
- ოთხი ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას იმ ადგილზე, მაგრამ საკონკურსო კომისიამ ჩათვალა, რომ ოთხიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებდა პირობებს.
ვინ იყვნენ კომისიის წევრები და კომისიის გადაწყვეტილება ტენდენციური იყო?
- თავისთავად ცხადია, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მიმართ საკონკურსო კომისია ობიექტური იყო. ახლა სხვასთან მიმართებით არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გასაუბრებისას ნამდვილად კეთილგანწყობილნი იყვნენ კომისიის წევრები და სულაც არ ეტყობოდათ, რომ რაღაცის „გაფუჭებას“ აპირებდნენ. იმედი მაქვს, უნივერსიტეტში დავბრუნდები. შეიძლება, ეს არ იყოს ძალიან მოკლე დროში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უნივერსიტეტთან არ გავწყვეტ კავშირს, რადგან ვალდებულებები მაქვს აღებული ჩემს სტუდენტებთან, მართლა ბევრი რამ მაქვს გაკეთებული და მენანება მისი დატოვება.
თავად სტუდენტების დამოკიდებულება როგორი იყო თქვენი წასვლისას?
- რაც შეეხება სტუდენტების დამოკიდებულებას, შეგიძლიათ, შეხვიდეთ ფეისბუკზე, გნებავთ, ჩემს გვერდზე და ნახოთ, იქ რა პოსტებია. სპეციალური გვერდიც კი გააკეთეს ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა - „სოლიდარობა გაშვებულ ლექტორებს“.
პოლიტიკურად სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს თქვენს კვალს თუ მიაყოლებენ? ზოგადად, როგორია ლექტორების განწყობა მიმდინარე პროცესების მიმართ და ისევ მიზერულ ხელფასზე თუ მუშაობენ?
- ნამდვილად არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, აპირებენ თუ არა სხვების გაშვებას. ვერც იმას ვიტყვი, რომ მიზერული ხელფასია უნივერსიტეტში. ეკონომიკის ფაკულტეტზე სრული პროფესორის ხელფასი 3500 ლარია. მოდით, თავად ამ ლექტორებს ჰკითხეთ, მოსწონთ თუ არა ქვეყანაში არსებული ვითარება.
ისინი არ იქნებიან გულწრფელნი.
- ჩემი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, ყველამ იცის, მე რას ვფიქრობ არსებულ სიტუაციაზე.
მსგავსი კონკურსები არასასურველ პირთა გასაცხრილად ხომ არ მოიგონეს?
- კანონია ასეთი. აქამდე იყო სამწლიანი ვადა, ანუ აკადემიური თანმამდებობის დასაკავებლად პირს კონკურსი უნდა გაევლო. მე ორჯერ გავიარე კონკურსი და ორჯერვე გავედი. 2006 წელს სამი წლით გავედი, ხოლო 2009 წელს - კიდევ სამი წლით. ახლა კი იყო ექვსწლიანი კონკურსი. სამწუხაროდ, მესამე ცდაზე არ გამიმართლა.
ზოგადად, მეცნიერებს ძალიან უჭირთ უნივერსიტეტთან განშორება. თქვენ ამ ხარვეზს რით ამოივსებთ?
- მეც ძალიან მიჭირს. ჩემთვის უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ სამსახური, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ჩემთვის უნივერსიტეტი გაცილებით უფრო დიდი რამ არის, ვიდრე უბრალოდ სამსახური. თუ ზედმეტ სენტიმენტალობად არ ჩამითვლით, ძალიან მიყვარს და არ ვაპირებ, გავშორდე უნივერსიტეტს. თავისთავად, ცხადია, აქ მხოლოდ ჩემს სურვილებზე არ არის საუბარი, მათი მხრიდანაც უნდა იყოს სურვილი. თუმცა, დღეს არანაირი შემოთავაზება არ მაქვს და ადმინისტრაციიდან ამ თემაზე არავისთან მისაუბრია.
რა გითხრეს, რატომ ვერ დააკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა?
- არ მქონია საუბარი.
არ დაგაინტერესათ, რა არ მოიწონეს?
- საბუთებში ვერაფერს ვერ ნახავდნენ ისეთს, რაც არ მოეწონებოდათ. ვფიქრობ, დავაკმაყოფილე მათი მოთხოვნები. მე მაქვს საზღვარგარეთ ციტირების მაღალი ინდექსი, სტუდენტების დაინტერესება გავზარდე, ახალი წიგნები ვთარგმნეთ მაკროეკონომიკაში, ანუ იმ სფეროში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ამიტომ ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული ექვსწლიანი პერიოდი დავასრულე.
თქვენ ტკივილი მოგყვებათ უნივერსიტეტიდან, ამიტომ ხომ არ ნანობთ, რომ პოლიტიკური კარიერა არჩიეთ, რასაც თქვენი მეცნიერული კარიერა შეეწირა?
- არ ვნანობ. ჩემი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი მიზანი იქნება, რომ უნივერსიტეტს ავტონომია დაუბრუნდეს და უნივერსიტეტი თავისუფალი იყოს.