მსოფლიო ეკონომიკის შავი ხვრელი

მსოფლიო ეკონომიკის შავი ხვრელი

დამოუკიდებელი ბრიტანული ორგანიზაცია Tax Justice Network-ის მონაცემებით, მსოფლიოს ოფშორულ ზონებში გაცილებით მეტი ფული მიედინება, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, 2010 წლის ბოლოსათვის მსოფლიოს მილიარდერებმა ოფშორულ ზონებში გადასახადებისაგან 21 ტრილიონ დოლარამდე გადამალეს. ეს თანხა ერთად აღებული აშშ-ს და იაპონიის ეკონომიკების ექვივალენტურია.

ორგანიზაციის ერთ-ერთი თავკაცი ჯეიმს ჰენრი თვლის, რომ მდიდრების მიერ ოფშორებში გადამალული ფულის რაოდენობა გაცილებით მეტი, 32 ტრილიონამდე იქნება და რომ 21 ტრილიონი ერთობ კონსერვატული შეფასებაა. საქმე იმაშია, რომ წინასწარი შეფასება მხოლოდ ფინანსურ აქტივებს ითვალისწინებს და მხედველობაში მიღებული არ არის უძრავი ქონება, იახტები და ფუფუნების საგნები.

კვლევაში მითითებულია, რომ 2010 წლის ბოლოსათვის კერძო კლიენტთა 12,1 ტრილიონი დოლარი 50 უმსხვილეს ბანკში იყო თავმოყრილი. თანაც, ამ თანხის ნახევარი 10 ბანკში გახლდათ მოქუჩებული. 2005 წლისათვის ეს მაჩვენებელი 5,4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. საბანკო მომსახურების სფეროს უმსხვილესი ბანკები გახლდათ UBS, Credit Suisse და Goldman Sachs.

ამასთან, აღნიშნულია, რომ 100 ათასამდე ადამიანს ოფშორებში დიდძალი თანხა აქვთ გადამალული. აქედან მიუღებელი გადასახადები იმდენად დიდია, რომ არაერთი ქვეყნის მდგომარეობის საგრძნობლად გამოსწორებაა შესაძლებელი. ანალიტიკოსთა აზრით, ეს გარკვეულწილად კარგი ამბავიცაა, რადგან მსოფლიომ დიდ ფინანსებს მიაკვლია და შეუძლია პრობლემების დასაძლევად მათ გამოყენებაზე იფიქროს.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება განვითარებად ქვეყნებზეა გამახვილებული. Tax Justice Network-ის კვლევაში მიმოხილულია საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე 139 ქვეყნის მდგომარეობა, რომლებზეც მსოფლიოს მოსახლეობის 85 პროცენტი, მსოფლიოს შიდა პროდუქტის 51 პროცენტი, სავალუტო რეზერვების 75 პროცენტი და 4,1 ტრილიონი დოლარი საგარეო ვალი მოდის.

ანალიტიკოსთა შეფასებით, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან 2010 წლამდე ამ ქვეყნების მოქალაქეებმა ოფშორებში 10 ტრილიონ დოლარამდე გადაისროლეს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებში, რადგან მათი გვარიანი შემოსავლის დიდი ნაწილი, იმის ნაცვლად, რომ შიდა ბაზარზე ინვესტირდეს, ოფშორულ ზონებში მიედინება და ქვეყნის ბიუჯეტი ხახამშრალი რჩება.

ოფშორულ ზონებში გადინებული თანხების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა ჩინეთი, საიდანაც 70-იანი წლებიდან 2010 წლებში 1,189 ტრილიონი დოლარი გაიტანეს. მეორე ადგილზე 798 მილიარდი დოლარით რუსეთია, მესამეზე კი 779 მილიარდით კორეა. შემდეგ მოდიან: ბრაზილია (520 მილიარდი), კუვეიტი (496), მექსიკა (417), ვენესუელა (406), არგენტინა (399), ინდონეზია (331) და საუდის არაბეთი (308).

გადასახადებისაგან თავის არიდებას კარგა ხანია ებრძვიან განვითარებულ ქვეყნებში. სხვადასხვა სახელმწიფოში ერთობ მკაცრი სასჯელია დაწესებული. გერმანიის მთავრობა კი იმ პირებს, ვინც აღიარებს, რომ ოფშორებში კაპიტალი გაიტანა და გადასახადების გადახდას თავი აარიდა, ხელშეუხებლობას და ჯილდოსაც კი დაპირდა.

Tax Justice Network იუწყება, რომ მსოფლიოს მთავარი საგადასახადო თავშესაფარი შვეიცარიაა, რომელიც სხვა განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით ყოველთვის ცდილობდა თავისი ბანკების კლიენტთა შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახა. მეორე განთქმული კაიმანის კუნძულებია, მესამე კი ლუქსემბურგი. მეოთხე ჰონკონგი გახლავთ, ხოლო მეხუთე ბაჰრეინი.