არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლება ახალ-ახალი პროგრამებითა და დაპირებებით ანებივრებს ჩვენს ხალხს. "ძლიერი ოჯახი ძლიერი საქართველოა" - ამ სლოგანით წარმოგვიდგინა ხელისუფლებამ კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომლითაც თითოეულ ოჯახს ათასლარიანი ვაუჩერი უნდა გადაეცეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსთავში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას ბრძანა. ახალ პროგრამაში ნათქვამია, რომ ვაუჩერი ოთხწლიანია და მისი საშუალებით თითოეული ოჯახი შეძლებს სურვილის მიხედვით დაფაროს კომუნალური ხარჯები, შეიძინოს სასკოლო სახელმძღვანელოები, მედიკამენტები, მოიმარაგოს სასუქი, საწვავი და ა.შ... ათასლარიანი ვაუჩერის "შუქ-ჩრდილებზე" გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა:
- "ძლიერი ოჯახი ძლიერი საქართველოა" - მსგავსი ფრაზა აქვს ნათქვამი ხალხთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილს და რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს სიტყვები შემდეგ ვანო მერაბიშვილმაც გაიმეორა. ნაციონალებმა ბევრი რამ გადაიღეს ოპონენტებისაგან, მაგრამ ათასლარიან ვაუჩერზე საავტორო უფლებები მხოლოდ მათ ეკუთვნით, ასეთ "გენიალურ" იდეას სხვა ვერავინ მოიფიქრებდა.
- ბატონო ლადო, თუ ოთხ წელიწადში თითოეულ ოჯახს ათასი ლარი ერგება, წელიწადში ეს 250 ლარი გამოდის, თვეში კი - მხოლოდ 20 ლარი და 83 თეთრი, როგორ შეიძლება ეს თანხა ეყოს ან მედიკამენტებს, ან კომუნალურ ხარჯებს, ან საწვავს?
- უფრო მეტიც, ავიღოთ საშუალოდ 3-სულიანი ოჯახი და ვიანგარიშოთ, მის თითოეულ წევრს ამ ვაუჩერით დღეში რა თანხა მოუწევს: ოჯახს - 70 თეთრი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრს - 23 თეთრი. თანაც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვაუჩერი ეს არის სახეშეცვლილი ფული. ხოლო მოსახლეობაში ფულის სუროგატის დარიგება თავისთავად ხელს უწყობს ფასების ზრდას. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაუჩერი არის ინფლაციური ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში შეიძლება გამოვიყენოთ, რადგან ეს მოსახლეობის შეჭირვებული ფენებისათვის მაინც შეღავათია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობა განუწყვეტლივ არიგებს სხვადასხვა სახის ვაუჩერს და ახლაც ოთხწლიანი ვაუჩერი შემოგვთავაზა, ანუ, კრიზისულ ინსტრუმენტს მთავრობა ოთხი წლის განმავლობაში იყენებდა, ახლა კი გვპირდება, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გამოიყენებს. მთავრობა ამით გვეუბნება: ქვეყანა კრიზისამდე მივიყვანე და არც ვაპირებ გამოვიყვანო ამ კრიზისიდანო. თურმე ეს ვაუჩერი შეიძლება გამოიყენო კომუნალური ხარჯებისათვის, მედიკამენტების შესაძენად, მიწის დასამუშავებლად თუ სასუქის შესაძენად... მაშასადამე, არც ერთ ამ სფეროში მთავრობას ეფექტიანი პოლიტიკა არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ აღიარა თავისი უუნარობა, მართოს ქვეყანა. ხალხს სრულიად განსხვავებული მიდგომა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას მოსახლეობას უთხრა - ვაუჩერებით აღარ შეურაცხგყოფთო. თუ სწორ სოციალურ პოლიტიკას ატარებ, ხალხის უზრუნველსაყოფად ვაუჩერები აღარ უნდა გჭირდებოდეს. სწორი სოციალური პოლიტიკა კი ნიშნავს, რომ მინიმალური ხელფასი და პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეული შრომით ღირსეული არსებობის საშუალება. აი, ეს "მენიუ" შესთავაზა ივანიშვილმა ამომრჩეველს. მერაბიშვილმა კი შესთავაზა ვაუჩერები, ანუ ისევ კრიზისსა და სიდუხჭირეში ყოფნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მერაბიშვილს ნამდვილად არ უნდოდა ცუდი რამ შეეთავაზებინა ამომრჩევლისათვის, მაგრამ მან და მისმა მთავრობამ უკეთესი ვერაფერი მოიგონეს. ეს არის პრინციპული განსხვავება მოცემულ პრობლემაზე მერაბიშვილისა და ივანიშვილის იდეებს შორის.
- თუმცა, როდესაც გამოცხადდა, რომ ათასლარიან ვაუჩერებს დაარიგებდნენ, ეს ბევრს მოეწონა.
- დიახ, აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს "ნაციონალურ მოძრაობას": მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რა არის ვაუჩერი, ვერ ხვდება, რომ ეს სიდუხჭირეში ყოფნას ნიშნავს. ზოგმა ამ ათასი ლარის უკან მაცივარი წარმოიდგინა, ზოგმა - ტელევიზორი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ ასეთ ხალხზე გათვალა ყველაფერი. ჩვენ კი, ვისაც გვინდა, საზოგადოებას ავუხსნათ, რაც ხდება, შესაძლებლობები გვაქვს შეზღუდული. კი ბატონო, გაზეთებსაც ვაწვდით ინფორმაციას, არის რამდენიმე ტელეკომპანია, სადაც შეიძლება სიმართლე თქვა, მაგრამ ეს გზები შეზღუდულია. "ნაციონალური" არხები იმ სპეციალისტებს, იმ ექსპერტებს, რომლებიც მოსახლეობას თვალს აუხელენ, ეთერს არ უთმობენ, ამიტომ, ინფორმაცია, რომ ვაუჩერები ხალხის მოტყუებაა და სხვა არაფერი, ქვეყნის მასშტაბით ვერ ვრცელდება.
- სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება ქვეყნის მასშტაბით 1-ლი იანვრიდან დაიწყება, ესე იგი, ნაციონალები წასვლას არ აპირებენ?
- შეიძლება ითქვას, რომ ვაუჩერების დარიგება უკვე დაიწყო. ყველამ ვნახეთ, როგორ მიიტანა პრემიერ-მინისტრმა ის ერთ-ერთ ოჯახში. წასვლას რომ არ აპირებენ, ეს მესმის, პოლიტიკოსი უნდა იბრძოდეს, რომ პოლიტიკაში დარჩეს. ისინი ფიქრობენ, რომ დარჩებიან და ცდილობენ, ამისათვის ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ მათი მომავალი მეტწილად რიგით ამომრჩევლზეა დამოკიდებული.
- ვთქვათ, ისინი სხვა პოლიტიკურმა ძალამ შეცვალა, ვაუჩერებს და მათთვის გამოყოფილ თანხას რა ბედი ეწევა?
- ვითარება საკმაოდ რთულია: თუ პარლამენტში უმრავლესობით მოვა "ქართული ოცნება", არ უნდა დავივიწყოთ, რომ პრეზიდენტი კვლავაც სააკაშვილი იქნება და ამას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული დაპირისპირება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. თუ პარლამენტი ძალიან გაურთულებს სააკაშვილს მთავრობის დამტკიცებას, კანონის მიხედვით, ექვსი თვის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი დაითხოვოს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რაც პროცედურულად ძალიან რთულია, ექვსი თვის შემდეგ პრეზიდენტს აქვს ბერკეტი პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისათვის. თუ სააკაშვილს რამდენიმე თვეში მოიცილებენ, მაშინ ქვეყანას ეშველება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ერთი წელი საკმაოდ რთული იქნება ქვეყნისათვის და რაიმეს წინასწარ თქმა ძნელია. ამიტომ, ვერ ვიტყვით, ათასლარიანი ვაუჩერების ბედი როგორ გადაწყდება.
- თქვენც ფიქრობთ, რომ ნაციონალებმა "ქართული ოცნების" ბევრი იდეა მიითვისეს?
- ის დაპირებები, რომლებიც ხალხს მისცა ივანიშვილმა, ერთი-ერთზე განმეორდა მთავრობის პროგრამებში. ოღონდ ნახეთ, აქაც რა თვალთმაქცობა იმალება: თუ ივანიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება სოფლის მეურნეობისათვის, მერაბიშვილმა თქვა - ოთხ წელიწადში ოთხი მილიარდი დაიხარჯებაო, ეს ხომ ერთი და იგივეა? საყურადღებოა კიდევ ერთი რამ: პროგრამაში, რომელიც წარმოადგინა ახალმა მთავრობამ, ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი წინა პროგრამებისა და გეგმების შესახებ. მთავრობა არაფერს ამბობს წინა პროგრამების შეუსრულებლობის მიზეზებზე და ჩვენც რატომ უნდა გვქონდეს განცდა, რომ ის ახალ პროგრამას განახორციელებს? ხომ შეიძლება არჩევნების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" მოიძებნოს სხვა ხალხი და იმ ხალხმა ახალი პროგრამების შესრულება მოიწადინოს? ან იმავე ივანე მერაბიშვილმა შეიძლება შემოგვთავაზოს სულ სხვა პროგრამა, სადაც საერთოდ არ იქნება ნახსენები ამჟამინდელი? ასე იყო 2011 წლის ნოემბერში, როდესაც მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით გვამცნო ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც ხუთ წელიწადზე იყო გათვლილი. ერთი წელიც არ გასულა, მაგრამ ეს დოკუმენტი მთავრობას რატომღაც არ ახსოვს. იმის მიუხედავად, რომ ნაციონალები პიარტექნოლოგიის დიდოსტატები არიან, უკვე ვეღარ ახერხებენ დამალონ ის უკმაყოფილება, რაც ბოლო წლებში დაგროვდა "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ხალხი უკვე რეალურად აფასებს სიტუაციას და არა აქვს იმედი, რომ ნაციონალები ქვეყნის ბედს ძირფესვიანად შეცვლიან, ამავე დროს ხალხს გაუჩნდა იმედი, ეს იმედი გააჩინა "ქართულმა ოცნებამ". ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობამდე მივიდეს ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც აქვთ "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს, არჩევნებში წარმატებას რომ მიაღწიონ.
- ბატონო ლადო, ხელისუფლების მომხრეები ამტკიცებენ, რომ მერაბიშვილი შეძლებს დაპირებების შესრულებას, რადგან ის წარმატებული მინისტრი და კარგი მენეჯერია.
- ეს უსუსური არგუმენტია, უფრო მეტიც, ეს არის სიბრიყვე. თუკი მინისტრი მენეჯერია, ესე იგი, ის ცუდი მინისტრია. მენეჯერი ბიზნესსტრუქტურის წარმმართველია და ის არ უნდა იყოს მთავრობაში, მთავრობაში უნდა იყოს სახელმწიფო მოღვაწე. თავის დროზე ზურაბ ნოღაიდელი ტრაბახობდა - კარგი მენეჯერი ვიყავიო, მაგრამ თუ მენეჯერი იყო, რა უნდოდა პრემიერ-მინისტრად? - ესე იგი, ცუდი პრემიერ-მინისტრი იყო. რაც შეეხება მერაბიშვილის წარმატებულ მინისტრობას, მისი და მის მიერ შექმნილი უწყების ანგარიშზეა საპატრულო პოლიცია, სოდი და კუდი - უწყებები, რომლებიც ხალხს არბევენ, უსმენენ და რომლებმაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ღირსება დააკარგვინეს. თუკი ეს მისთვის წარმატებაა, ჩვენს პრემიერს მართლაც შეუძლია ამგვარი "წარმატებებით" იტრაბახოს.