საქართველოს წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობები სჭირდება

საქართველოს წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობები სჭირდება

მაშინ, როდესაც ევროპელების უმრავლესობა სანაპიროზე ისვენებს ან ოლიმპიურ თამაშებს ადევნებს თვალს ტელევიზიით, ცოტა თუ ფიქრობს საქართველოზე, შორეულ ქვეყანაზე კავკასიაში, სადაც 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მაგრამ როგორც ამ ქვეყნის ამაყ მოქალაქეს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მე ყოველთვის ვფიქრობ საქართველოზე.

ათი წლის წინ, მე „ვარდების რევოლუციის“ გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი. ჩემს ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩევლის და შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის რანგში ვემსახურებოდი. თუმცა ოთხი წლის წინ გადავწყვიტე, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის სწორად მართვა შეუძლია. რუსეთთან დამანგრეველი ომი იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც პოზიცია შევიცვალე. მეორე მიზეზი გახლდათ ის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო რიგითი მოქალაქეების პრობლემებთან გამკლავება; ამ ყველაფერთან ერთად კი მთავრობა საგანგაშოდ გადაიხარა ავტორიტარიზმისკენ. რეპრესიები მედიის მიმართ და პოლიტიკური ოპონენტების დევნა საქართველოში ძალიან გახშირდა. ამ ტენდენციას აღიარებენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო დროს არაერთი განცხადება გააკეთეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მოწოდებით. პარადოქსული იქნებოდა, რომ დასავლეთისგან ასეთი მნიშვნელოვანი დახმარების ფონზე, საქართველოს ზურგი შეექცია დემოკრატიული ნორმებისთვის. მაგრამ ეს რეალური საფრთხეა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირობებში, რომელიც პუტინის მიბაძვას და უკანა კარით ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს.

კარგი ამბავია ის, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ერთიანი ოპოზიცია ჩამოყალიბდა. კოალიცია „ქართული ოცნება“ ადამიანებს ალტერნატიულ პროგრამას სთავაზობს, რომელშიც აქცენტი ეკონომიკის აღდგენაზე, ჯანდაცვის შესაბამის სისტემაზე და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე კეთდება, სადაც გააზრებულია ის, რომ უსაფრთხოება უკავშირდება არამხოლოდ სამხედრო და დიპლომტიურ საკითხებს, არამედ უფრო ფართო კონტექსტს დაკავშირებულს ეკონომიკურ განვითარებასთან და ურთიერთქმედებასთან, ენეგრეტიკულ მოწყვლადობასა და ქვეყნის შიდა მმართვის მეთოდებთან.

უკანასკნელი გამოკითხვებით, „ქართული ოცნება“ ფეხდაფეხ მიჰყვება მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის შეშფოთების მიზეზი და ის, რის გამოც პოლიტიკური ოპონენტების დევნა გაძლიერდა. ევროკავშირი და სხვა ინსტიტუტები არჩევნებში დამკვირვებლებს გამოგზავნიან. მაგრამ არჩევნებს 1 ოქტომბერს არ მოიპარავენ. მას ახლა ჩვენს თვალწინ იპარავენ. ამიტომ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძონ თბილისზე ზეწოლა, რათა არჩევნების წინ სათამაშო მოედანზე თანაბარი პირობები უზრუნველყონ.

საქართველო კავკასიის პრობლემურ რეგიონში ყველაზე მეტად ინარჩუნებს დემოკრატიის იმედს. თუ დასავლეთს უნდა, რომ ნდობა შეინარჩუნოს, ის ვერ გადგება განზე და არ მისცემს მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბების უფლებას. დროა, დაგვარწმუნოთ, რომ საქართველოზე ცოტათი მაინც ფიქრობთ.

თედო ჯაფარიძე – საგარეო საქმეთა მდივანი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, თბილისი, საქართველო