ვანო სოციალიზმში - სახელმწიფო კომპანიები ბაზარზე გამოდიან

ვანო სოციალიზმში - სახელმწიფო კომპანიები ბაზარზე გამოდიან

ვანო მერაბიშვილის სოციალისტური იდეებიდან გლეხური მეურნეობების დახმარება ერთ-ერთი მათგანია. უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომპანია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.

ეს დაახლოებით საბჭოთა მოდელია, როცა სპეციალურ პუნქტებში გლეხები ტყემალს და ვაშლს აბარებდნენ, შემდეგ კი ეს პროდუქტი გადამუშავებული თუ ნედლი სახით დიდ რუსეთში გაჰქონდათ. ახლა კი, ჯერჯერობით, არც ჩამბარებელი პუნქტებია და რუსული ბაზრის დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

თუმცა საარჩევნოდ შემართული პრემიერ-მინისტრი შეუპოვარია.  იგი მთელი საქართველოს მასშტაბით ხილისა და ბოსტნეულის შემგროვებელი პუნქტების გახსნას ეპირება, რომლებიც მიღებული პროდუქციის დახარისხების, დაფასოებისა და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

„ყველაზე ცუდი არის ის, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე არ არის სტაბილური ფასები. ერთ წელიწადს ძვირი ღირს, მეორე წელს - იაფდება, ზარალდება მწარმოებელი, ბიზნესმენი და მთელი საქართველო. შედეგად ვიღებთ იმას, რომ საქართველოში ხშირად იგივე პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ შემოდის უცხოეთიდან, ის უფრო კარგად იყიდება, ვიდრე ქართული. ხელი უნდა შევუწყოთ, წვრილ, საშუალო და დიდ ბიზნესმენებს და მწარმოებელ გლეხებს, რომ თავისი ჭარბი პროდუქცია გაიტანონ საქართველოს გარეთ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო კომპანიას ეს ტვირთი გზაში გაუფუჭდა ან გვიან ჩაიტანა, ამ შემთხვევაში ფერმერიც, გლეხიც და მწარმოებელიც კომპენსაციას მიიღებენ.

„2-3 წელიწადში საქართველოში იქნება სტაბილური ფასები, გაორმაგდება და გახუთმაგდება წარმოებაც. წელს ვაპირებთ, რომ ექსპორტზე 30 ათასი ტონა ციტრუსი გავიტანოთ, 200 ტონა - კივი, ხურმა-კარალიოკი - 8 ათასი ტონა, ატამი და ვაშლატამა - 5 ათასი ტონა, მწვანილი - 5 ათასი ტონა, კომბოსტო - 10 ათასი ტონა და შემდეგში, ეს ჩამონათვალი გაფართოვდება. ჩვენ ვიქნებით თქვენი ხიდი ევროპასთან“, - მიმართა ფერმერებს მერაბიშვილმა.

სახელმწიფოს მიერ ამგვარი სტრუქტურების შექმნას დიდი ეჭვით უყურებს ექსპერტი ბაზრების მოძიების საკითხებში ბადრი რამიშვილი. მისთვის გაუგებარია, რატომ ფიქრობს სახელმწიფო პროდუქციის ექსპორტზე, როცა საკუთარ ბაზარზე განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მძაფრი დეფიციტი აქვს.

„სახელმწიფო კომერციული სტრუქტურები ყველა შემთხვევაში ეჭვს იწვევს. თანაც ჩვენი მთავრობა ლიბერალურ ტალღაზეა მოსული.  აქამდე ბაზარზე სახელმწიფოს ნაკლები ჩარევის მომხრე იყვნენ და ახლა გადაუხვიეს თავის პოლიტიკას? ბაზარზე ჩარევა უნდა ხდებოდეს, მაგრამ გონივრულად. ეს შეიძლება იყოს ფინანსური მხარდაჭერა, სტრუქტურული რეფორმები, მოლაპარაკებების წარმოება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან, ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის.

უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურების შექმნით, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდა წარმოუდგენელია ან სად უნდა გავიტანოთ ეს პროდუქტი? ამის ნაცვლად, სჯობს, ევროკავშირთან დაწყებული მოლაპარაკებები ბოლომდე მივიდეს და მივიღოთ მათთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის რეჟიმი. შემდეგ კი ეს სტრუქტურები თავისით შეიქმნება, საკმაოდ სწრაფი ტემპებითაც კი“, - ამბობს რამიშვილი.

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდას უცხოური ბაზრების, განსაკუთრებით კი, რუსეთის ბაზრის დაბრუნებაში ხედავს სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულიაც.

„რუსეთში ქართული პროდუქციისადმი ნოსტალგია კიდევაა შემორჩენილი. ჩვენი პროდუქტი, ხილია ეს თუ ბოსტნეული, ძირითადად, რუსეთის ბაზარზე გადიოდა. ახლაც, უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთის ბაზარზე შევიდეთ, სხვა გამოსავალი არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხილისა და ბოსტნეული ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. უცხოელების მიერაა აღიარებული, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთის ბაზარი საუკუნის ბაზარია“, - საუბრობს კუნჭულია.