ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მონაწილეობს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ჯორჯიაში“ (საქართველო) უფრო მეტია, ვიდრე რეი ჩარლზის სიმღერის სენტიმენტი. და მით უფრო არ არის ეს ის „ჯორჯია“, რომელზეც ჩარლზი მღერის – ეს სხვა ადგილია – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა კავკასიაში.
პარტია და მისი ლიდერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ფეხდაფეხ მიჰყვება გამოკითხვებში მოქმედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) და დღევანდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ანალიტიკოსების თქმით, ივანიშვილს, არჩევის შემთხვევაში, შეუძლია არსებითად შეარყიოს სიტუაცია.
სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში 2003 წლიდან არიან, როდესაც წინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სადაო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგომა აიძულეს. სააკაშვილმა ორი ვადით უკვე იმსახურა, და კანონით მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს.
მაგრამ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი საქართველოს და რუსეთის საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყანაა, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მეოთხე ერთპარტიული მმართველობაა. „ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა“, ამბობს მიტჩელი. „ის მასზე თავისუფალია, მაგრამ არც საფრანგეთია. არც აშშ. ამ კონტექსტში აქ დემოკრატიის ქონა რთულია. ეს არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
მიტჩელის თქმით, ამ ქვეყნებში ოპოზიციონერობა ღალატად, ხოლო პლიურალიზმი სისუსტედ აღიქმება. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც ცდილობს ენმ და სააკაშვილი ივანიშვილის რუსეთის მარიონეტად წარმოჩენას. ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, რომელიც მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა (ამ დროს მთავრობამ მას უმალ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა).
2008 წელს სამხრეთ ოსეთში, საქართველოს გამოყოფილ რეგიონში, რუსეთის ინტერვენციისა და შემდგომი ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია. ომის შემდეგ საქართველომ გაწყვიტა ყველა დიპლომატიური კავშირი რუსეთთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძემ ყველა რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
მაგრამ ბრალდებები რუსეთთან თანამშრომლობაზე არ მუშაობს. არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი საქართველოში მოსწონთ. ის რუსეთის და ევროპის საბანკო სისტემაში ინვესტიციების განხორციელებით გამდიდრდა („ფორბსი“ ამბობს, რომ მისი ქონება 6,4 მილიარდი დოლარია), და ამ მთავრობის მმართველობის დროს მან საკუთარი ფულის დიდი ნაწილი მშობლიური სოფლის, ჭორვილას მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფასა და გზების რეაბილიტაციაზე დახარჯა. ის პირადად აფინანსებდა ასევე უამრავ ეკლესიას და სამთავრობო პროექტს.
გარდა ამისა, მიტჩელის თქმით, „საქართველოში ვინმესთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება დაახლოებით იგივეა, რაც ობამას სოციალისტობაში დადანაშაულება. ამით უმრავლესობას მიმართავ, მაგრამ დამოუკიდებელ ამომრჩეველს აზრს ვერ შეაცვლევინებ. იმავდროულად, ცნობილია, რომ ივანიშვილის ორ მრჩეველს მტკიცე კავშირები აქვთ შეერთებულ შტატებთან და გაეროსთან, რაც ეხმარება პოლიტიკაში წასულ მდიდარ ინვესტორს თავიდან აიცილოს ბრალდებები პრორუსუბასა და ანტიამერიკელობაზე, რომელსც მას სააკაშვილი უყენებს, რომელსაც თავად განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და დაახლოებულია რესპუბლიკური პარტიის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორიცაა სენატორი არიზონადან ჯონ მაკკეინი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო გამოკითხვებით, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება. რამდენად განსხვავებული იქნება მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი უხელმძღვანელებს? „იდეოლოგიურად, სხვაობა უმნიშვნელოა“, ამბობს მიტჩელი. „მაგრამ საქართველოში არსებობს განცდა, რომ მათ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] საკუთარი თავი ამოწურეს. ახალი მთავრობა ახალ ენერგიას მოიტანს და საქართველოს გაცილებით მეტი შანსი უჩნდება იყოს ნამდვილი დემოკრატია“.
foreignpress.ge