ლუის ნავარომ უნდა ისწავლოს, როგორ უნდა შიშის სინდრომის გადალახვა

ლუის ნავარომ უნდა ისწავლოს, როგორ უნდა შიშის სინდრომის გადალახვა

ამერიკული კომპანიის „Penn Schoen Berland“-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას ექსპერტების ნაწილი დამაჯერებლად მიიჩნევს. ამასთან, სპეციალისტები ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიასაც იწონებენ, რაც საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამომრჩეველთა შიშის გასანეიტრალებლად, „ფარული ბიულეტენის“ მეთოდოლოგიის გამოყენებას გულისხმობს.

კვლევა გვიჩვენებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთი პუნქტით უსწრებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მას გამოკითხულთა 42 % უჭერს მხარს, ხოლო მმართველ პარტიას - 41%. სხვა პარტიებმა კი 8 % დააგროვეს.

აღნიშნულ კვლევაშიც იგრძნობა საქართველოს მოსახლეობის შეფარული დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 60% საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს, ნახევარზე მეტი მაინც ფიქრობს, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაა საჭირო. ხოლო, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად ახალი სამუშაო ადგილების პრობლემასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ კითხვებზე პასუხი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ იხრება.

ყველასათვის ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია „Penn Schoen Berland“-ის კვლევამდე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა NDI-სა და IRI-ს დასკვნებს. მეტიც, საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი შეეცადა, ამ ორგანიზაციების მიერ დადებული არადამაჯერებელი ციფრების მიღმა რეალური ციფრი ამოეკითხა. ასე მაგალითად, - „ვის მისცემდით ხმას არჩევნებში?“ - ამ შეკითხვაზე პასუხგაუცემელთა სიმრავლემ ექსპერტებს აფიქრებინა, რომ შეფარულთა ხმები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იხრებოდა.

ამას წინათ „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ NDI-სა და IRI-ს თუნდაც ერთი უწყინარი კითხვის გაანალიზებისას, რესპონდენტთა ოპოზიციური განწყობა კარგად გამოჩნდა. კერძოდ, „ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის ტელეარხი „რეალთივი?“ ამ კითხვაზე რესპონდენტთა დადებითი პასუხის მიუხედავად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი არ უყურებენ ამ არხს. ეს კი გია გაჩეჩილაძისთვის პირდაპირი მანიშნებელია, რომ ეს ადამიანები ოპოზიციურად, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არიან განწყობილნი.

შეიძლება თუ არა ციფრებს მიღმა რეალობის დანახვა? For.ge-ს ამ შეკითხვაზე ექსპერტთა პოზიცია ცალსახაა, რომ, მართლაც, კონკრეტული ციფრების მიღმა რეალობის დანახვა ზოგჯერ უფრო ადვილია, ვიდრე უკვე მზამზარეული ციფრებში სინამდვილის ამოკითხვა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამერიკული კომპანია „Penn Schoen Berland“-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ მას სურვილი აღუძრა, რომ ამ კვლევის ავტორებმა შემდგომი კვლევა ჩაატარონ ისე, რომ თოკზე გამოიბან ბატონი ნავარო, NDI-ს ლიდერი, და მას ასწავლონ, თუ როგორ უნდა შიშის სინდრომის გადალახვა სოციოლოგიური გამოკითხვების დროს.

„დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებს შევთავაზებდი, რომ ნავაროს ცალკე მოუწყონ ამ შედეგების პრეზენტაცია. რასაკვირველია, ტექნოლოგია, რომლითაც ეს კომპანია სარგებლობდა, ბევრად უფრო დამაჯერებელი და სანდო გახლავთ, ვიდრე თარხნიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი კომპანიის, NDI-ს დაკვეთით მიღებული ციფრები. ასეთი უთანაბრობის მიზეზებს, მოდით, დღეს ნუ განვიხილავთ. ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ რეალური ქმედების იმედი ვიქონიოთ „დემოკრატიული არჩევნების გარანტის მხრიდან“, რომელსაც ჯერჯერობით სულ გადაავიწყდა, რომ თავად გახლავთ გარანტი ქვეყანაში სამართლიანი გარემოს შექმნისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, როდესაც პიროვნებას აძლევ საშუალებას, რომ მისი პირადი შეხედულებები ამოუცნობი რჩებოდეს, რასაკვირველია, აქ სანდოობის ხარისხი ბევრად უფრო მეტია.  

ექსპერტ გია ხუხაშვილ ეჭვი არ ეპარება, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეთა მაჩვენებელი ბევრად უსწრებს ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობას. თუმცა ჩვენს ქვეყანაში გამეფებული შიშისა და საფრთხის შეგრძნების ფაქტორის გათვალისწინებით, ექსპერტი ფიქრობს, რომ მონაცემები განსხვავებულია. უფრო ზუსტად კი, ხელისუფლებისთვის რეალური სურათი ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც ეს კვლევა აჩვენებს.

„რა თქმა უნდა, კარგია, როცა ხელისუფლება რაღაცას აკეთებს - მშენებლობა, ადმინისტრაციაში გარკვეული წესრიგის შეტანა, თუმცა სისტემურად, ამით პრობლემა არ წყდება და ეს ყველაფერი რადიკალურად შესაცვლელია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პოზიტიური ძვრები არაფერს იძლევა. საზოგადოება ზუსტად ამას გრძნობს და თვლის, რომ, კი ბატონო, ხელისუფლება რაღაცას აკეთებს, მაგრამ ქვეყნის მომავლისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის ეს არათუ საკმარისია, არამედ, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს. პირადად მეც არ ვარ მომხრე, ყველაფერზე ვიძახოთ, რომ არაფერი არ ვარგა. თუნდაც ის, რომ საშუალო და დაბალი დონის მენეჯმენტში კორუფცია შემცირებულია, ეს არის შედეგი. თუმცა, ამის პარალელურად, ელიტური კორუფცია აყვავდა. ასე რომ, ერთი მხრივ, რაღაც გაკეთდა, მაგრამ სისტემურად, ქვეყანა უპერსპექტივოა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი მოსაზრებით, ამ ციფრებს მიღმა რეალობა ჩანს. კერძოდ, ამერიკული კომპანია „Penn Schoen Berland“-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 41 % ნაცმოძრაობას პოზიტიურად უყურებს. თუმცა ექსპერტის შეხედულებით, ამ 41 %-ის სტრუქტურა ძალიან მარტივია: აქ არიან რეალური მიშისტები, ასევე, აქ არიან შიშისტებიც (რამაზ საყვარელიძის ტერმინის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც ეჭვი კი ეპარებათ, მაგრამ ეშინიათ რეალური აზრის გამოხატვის და იტყუებიან, ვითომ ხელისუფლებას უჭერენ მხარს) და აქ არიან კომფორმისტები, ანუ ე.წ. „აფერისტები“.

„ვფიქრობ, ხელისუფლების რეალური, ნატურალური მხარდამჭერი არის არა უმეტეს 10-12 %. იმ 41 %-ში დანარჩენი სტრუქტურა აბსოლუტურად არაკეთილსაიმედოა ხელისუფლებისთვის. ეს არის ელექტორატი, რომელმაც არჩევნებში შეიძლება ხელისუფლებას ძალიან სერიოზული სიურპრიზები შესთავაზოს. ეს ასეც იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ,“ - გვითხრა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამერიკული კომპანია „Penn Schoen Berland“-ის გამოკვლევას დამაჯერებლად მიიჩნევს.

„ამას წინათ აჩვენეს გარკვეული შედეგები, მე მგონი, ბიძინა გიორგობიანის ფირმის მიერ ჩატარებული, ოღონდ, მეთოდი იგივე გახლდათ და იქაც დაახლოებით მსგავსი რიცხვები დაიდო - 42%-42%-ზე. ახლა პლუს-მინუს სამ პროცენტიან ცთომილებას ყველა გამოკვლევა უძლებს. ეს ორი მონაცემი, შეიძლება ითქვას, ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, ეს შედეგი დამაჯერებელია. გარდა ამისა, განსხვავებით სხვა სოციოლოგიური ჯგუფებისაგან (NDI და IRI), კომპანია „Penn Schoen Berland“-ის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ნდობის ფაქტორი.

რამაზ საყვარელიძის განმარტებით, გამოცდილების მქონე მკვლევრებმა ძალიან კარგად იციან ნდობის ფაქტორის ფასი. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელიძეს NDI და IRI გამოუცდელად არ მიაჩნია, მაინც ეჭვობს, რომ, შესაძლოა, მათ იმის ინტერესი ჰქონოდათ, რომ უნდობლობა გაეღვიძებინათ მკვლევარების მიმართ და მოსახლეობას ეპასუხა ის, რაც სურს ხელისუფლებას. რაც შეეხება „Penn Schoen Berland“-ის შედეგს, რომ მმართველ პარტიას 1 პუნქტით უსწრებს ივანიშვილი, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ, რეალურად, „ქართული ოცნება“ უფრო მეტითაც წინაა, თუმცა, როგორც არ უნდა დაარწმუნო რესპონდენტი, რომ კონვერტი, რომელშიც მან ჩადო თავისი პასუხი, მხოლოდ მოგვიანებით გაიხსნება, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მაინც დარჩება ეჭვი, რომ გამოკვლევამ შეიძლება მას მიაგნოს. ასე რომ, რამაზ საყვარელიძის აზრით, „ფარული ბიულეტენის“ მეთოდოლოგიის შემთხვევაშიც, ადამიანების დაახლოებით 5 %-დან 10 %-მდე არ გამოავლენდნენ თავიანთ რეალურ ოპოზიციურ განწყობილებას. თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ივანიშვილს მისცემენ ხმას.

რაც შეეხება თავშეკავებულთა რიცხვს, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კომპანია „Penn Schoen Berland“-ის თანახმად, მათი რიცხვი 10 %-ი უნდა იყოს. ამდენად, თუ ამ მაჩვენებელს NDI-სა და IRI-ს თავშეკავებულთა რიცხვს შევუდარებთ (რომელიც დაახლოებით 40 %-მდე ადიოდა), ასეთ შემთხვევაში, მაინც თავშკავებულთა რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია.

„ამ შეკითხვებს თავიანთი აზრი სწორედ იმ რეალობით აქვთ, რომელიც მათში ჩანს.  მაგალითად, - ვის მისცემდით ხმას? - ამ შეკითხვიდან ირკვევა, რომ ეს ხელისუფლება, მინიმუმ, მოსახლეობის ნახევარს არ სურს“, - აცხადებს ექსპერტი.