ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების ღამე საქართველოს მთელმა მოსახლეობამ ისევე უნდა გაათენოს, როგორი სიფხიზლითაც ახალ წელს ვეგებებით, უკვე ორ ოქტომბერს კი ახალი საქართველოს შემობრძანება უნდა ვიზეიმოთ. For.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
„მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენს მიერ აშენებული ქვეყანა დაგანგრევინოთ“, - სააკაშვილის ასეთ რიტორიკას უკვე შეფასება მიეცა და ზოგიერთებმა ეს გამოთქმა აზიელი დესპოტის ტიპურ გამოვლინებად მიიჩნიეს. გამოდის, იგი არაფრის დათმობას არ აპირებს და არ თვლის საჭიროდ, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების თაობაზე ობამასა და ჰილარი კლინტონის თხოვნა გაიზიაროს?
- არაფრის დათმობას რომ არ აპირებს, ეს, მე მგონი, ცხადი იყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საარჩევნო ციკლი დაიწყებოდა. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაიტოვა იმის შანსი, რომ ლეგიტიმურად, მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ მათი მოქმედებები წლების განმავლობაში მუდმივად სცილდებოდა პოლიტიკური მორალის ფარგლებს და, ფაქტობრივად, დანაშაულებრივ ქმედებებში გადადიოდა, საკუთარი დანაშაულის შიში, ბუნებრივია, მათ არ მისცემს საშუალებას, რომ წავიდნენ ხელისუფლებიდან და გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება. შეიძლება, ფიზიკური საფრთხის შიშიც კი აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი თავს კედელთან მიყენებულად გრძნობენ და არ აპირებენ ხელისუფლების დატოვებას. ისინი მთლიანად შეეზარდნენ ხელისუფლებას და ვერ წარმოუდგენიათ თავი სახელისუფლო რესურსის გარეშე. ეს ყოვლისმომცველი შიშია. რაც შეეხება სააკაშვილის გამონათქვამებს, ადრე ფასადურად მაინც ცდილობდა, დემოკრატიის ნამსხვრევები ფასადზე მაინც დაეტოვებინა, ახლა კი პირდაპირ იწყევლება. ეს ფრაზა ძალიან ჰგავს წყევლას - „ვერ მოესწრებით“ და ა.შ. რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებამდე, მალე პირდაპირ წყევლაზე გადავა. რა თქმა უნდა, ამ ტიპის გამონათქვამებს არანაირი შეხება დემოკრატიულ პროცესთან არ აქვს და პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებში ვერ ეტევა. ამერიკული, თუნდაც, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსული გაგებითაც კი, ავტორიტარული გაგებითაც კი, ყოველგვარ ზღვარს სცდილდება. ასეთი რამ არცერთ ავტორიტარს არ უთქვამს, თუნდაც რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
ამას წინათ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, „სულ მოკლე ხანში, ერთ პატარა გაელვებაში, მოვესწრებით ახალ რუსეთს, სადაც საბჭოეთის აღდგენის ნოსტალგია დასამარდება“. ეს ხომ არ არის თავის დაზღვევა იმისგან, რომ, თუ „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფლების სათავეში და რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს, სააკაშვილის აწ უკვე ყოფილ გუნდს სათქმელად ექნება, რომ რუსეთი სასიკეთოდ შეიცვალა.
- სააკაშვილის ლოგიკა არის ძალიან მარტივი. ის ხვდება, რომ საომარი რიტორიკა და გოლიათთან მებრძოლი დავითის პოზაში დგომა არ არის საინტერესო. ადამიანები თვლიან, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ ექნება, თუ რაღაცნაირად არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ამასთანავე, სააკაშვილი ხვდება, რომ მას რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების არანაირი რესურსი არ აქვს და ამ მხრივ გაკოტრებულია. ამიტომ ასეთი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ოდიოზური სახით, ახალ იმედს ქმნის, რომ რუსეთი დაინგრევა და მას შემდეგ იქ კეთილი ბიძიები მოვლენ და ის კეთილი ბიძიები მას დაელაპარაკებიან. თვითონ იცის, რომ ქმედების არანაირი რესურსი არ აქვს. ამიტომ თავისი პოლიტიკის აგება უნდა რუსული პოლიტიკის პროცესზე, რაც პარადოქსული და აბსოლუტურად გაუგებარია. მე არ ვიცი, ვის გულისხმობს სააკაშვილი, რადგან ერთი წამითაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთში ხელისუფლება შეიცვალა (რაც, ჩემი აზრით, ილუზორული და ტყული იმედების შექმნაა), ხომ უნდა გვესმოდეს, რომ რუსული პოლიტიკა არ შეიცვლება, ვინც არ უნდა იყოს სათავეში?!
ის დემოკრატიული ძალებიც, რომლებზეც მუდმივად გაჰკივის ჩვენი პროპაგანდა, ვინ არიან ეს დემოკრატიული ძალები?! საქართველოში ყველაზე მეტად გაპიარებულია მათი წარმომადგენელი ნავალნი. თქვენ შეგიძლიათ, ამოსწიოთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი ნავალნის წერილი, როდესაც ის რუსეთის ხელისუფლებისგან პირდაპირ თბილისის დაბომბვას მოითხოვდა. პუტინს ამისმაგვარი არაფერი უთქვამს, რასაც ამბობდა ნავალნი.
თუ სააკაშვილს ასეთი ადამიანით ჩანაცვლების იმედი აქვს, რომელიც პირდაპირ აგრესიას მოითხოვდა საქართველოსთან მიმართებით, მე არ ვიცი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის სახელმწიფო და გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოზე კონტროლს, გავლენას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, რუსული პოლიტიკა ისე არასდროს შეიცვლება, როგორც ამაზე სააკაშვილი გველაპარაკება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ნებისმიერი ხელისუფალი ვალდებულია, პირველ რიგში, მტერს ელაპარაკოს, თორემ მეგობართან საუბარს არაფერი უნდა. მაგრამ, სამწუხაროდ, თავისი უგუნური პოლიტიკით სააკაშვილმა იმის რესურსი დაკარგა, რომ მტერს ელაპარაკოს, რადგან ის მტერიც არ ელაპარაკება, იმდენად არაადექვატურია ჩვენი ხელისუფლება.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რუსეთი ადგება და ყველაფერს დათმობს. უბრალოდ, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც რუსეთი დაელაპარაკება და რუსეთს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, თუკი საერთაშორისო გლობალურ პროცესებში საკუთარი ადგილის პოვნას მოვახერხებთ. სააკაშვილის პოლიტიკა კი არის ვირტუალური დავითის პოზიცია, რომელიც თითქოს გოლიათს ებრძვის, ამ დროს კი ყოველთვის გალახული გამოდის და თავად გალახული უკვე ქართველ ხალხს სცემს. ეს არის მთელი მისი პოლიტიკა.
თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს უნდა დაელაპარაკოს, თუმცა ნაციონალური მთავრობა იმის გამოც ვერ დაელაპარაკება რუსეთს, რომ მათი წარმოსახვით, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი არ არის გამარჯვებული, არამედ გამარჯვებულია საქართველო, რომლის ხელისუფლებაც შენარჩუნდა. იგივე აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმაც, რომ ჩვენ თურმე გავიმარჯვეთ. ამდენად, „დამარცხებულ“ რუსეთს რატომ უნდა ელაპარაკონ?
- სხვათა შორის, 2008 წლის 12 აგვისტოშიც მმართველმა გუნდმა გამარჯვება იზეიმა. რა არის, იცით, თუ თქვენ გახსოვთ, იმ პერიოდში მე ამაზე კომენტარი გავაკეთე. როდესაც გამარჯვებას ზეიმობდა სააკაშვილი, მას უკვე კაპიტულაციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი. სხვათა შორის, მაშინაც ამბობდა, რომ ჩვენ არ წაგვიგია ომი, ჩვენ გავიმარჯვეთ და ამ აქტზე ვაშაძე აწერდა ხელს, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც იმ პერიოდისთვის მართლაც იყო რუსეთის მოქალაქე. იმ დროს ჩემი კომენტარი ძალიან მარტივი იყო - რა თქმა უნდა, ეს არის წესიერი ადამიანი, ტყუილის თქმა არ უყვარს ვაშაძეს და, როგორც რუსეთის მოქალაქემ, ვაშაძემ ნამდვილად გაიმარჯვა ამ ომში. აქვე მინდა გავიხსენო, ბატონი მიტჩელის ადრინდელი სტატია, რომელსაც სრულიად ვიზიარებ. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა რუსული ოცნება აასრულა. თავისი უგუნურებით ისეთი საქმე გაუკეთა რუსეთის ხელისუფლებას, ვერცერთი რეზიდენტი, აგენტი ასეთ დიდ საქმეს რუსეთს ვერ გაუკეთებდა.
მიტჩელი ახსენეთ და, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით, იმის თქმა, რომ ვიღაც საქართველოში რუსეთის აგენტია, ეს იგივეა, ბარაკ ობამა სოციალისტად მოიხსენიო. ამ დღეებში ჩვენ შევესწარით, რომ ლინკოლნ მიტჩელის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ისმოდა და ნაციონალებმა მას არალოგიკურ აზროვნებაშიც დასდეს ბრალი.
- რა თქმა უნდა, ნაციონალებს სხვა გზა არ აქვთ, მაგრამ საღად რომ გავაანალიზოთ ყველაფერი, საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება რუსეთის მხრიდან თავის სასარგებლოდ იყო გამოყენებული. ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთს საბაბი მისცა, რომ დიდი ხნის აგრესია განეხორციელებინა საქართველოში, თორემ, რუსეთს აგრესიის დაწყება დიდი ხნით ადრეც უნდოდა. წლების განმავლობაში ლამობდა, რომ საქართველოსგან მიზეზი მისცემოდა, ამათ კი შეუქმნეს ეს მიზეზი. ამიტომ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლო გარიგებაშია თუ არა, მთავარია, რომ მისი ქმედების შედეგი რუსეთისთვის სასარგებლოა. ეს შეგნებულად ხდება თუ შეუგნებლად, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ საქართველო არ არის სამხრეთ კორეა, არც საფრანგეთია, არც ამერიკა და, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება რთულია. მეტიც, მისი თქმით, მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება. ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში ოპოზიციონრობა ითვლება ღალატად, ხოლო პლურალიზმი - სისუსტედ.
- ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ლინკოლნ მიტჩელი, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცნობს ქართულ სინამდვილეს. ბუნებრივია, ხელისუფლება თავის თავს ქართულ სახელმწიფოსთან იდენტიფიცირებულად აღიქვამს და მოსახლეობას ეუბნება, რომ ნებისმიერი სხვაგვარი აზრი ღალატს ნიშნავს. თუ არ მეთანხმები, ე.ი. შენ ხარ მოღალატე. ავტორიტარიზმი, დიქტატურა ამას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ მე ვარ სახელმწიფო. ამიტომ ვიზიარებ ლინკოლნ მიტჩელის ამ მოსაზრებას.
ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც თქვენი მოსაზრება მაინტერესებდა. მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ნუგზარ წიკლაური კი ამ თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბურჯანაძეს პერსპექტივა ისედაც არ ჰქონდა.
- ზუსტად ამ გადაწყვეტილებით დაიტოვა ბურჯანაძემ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მაშინ იქნებოდა უპერსპექტივო. შეიძლება, ბევრი პრეტენზია მქონდეს ბურჯანაძესთან, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მას აქვს ადექვატური პოლიტიკური აზროვნების უნარი. რამდენად პერსპექტიულია, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკოსს შეეძლო, მიეღო.
კარგა ხანია, გვესმის ასეთი მოსაზრება, რომ არჩევნები მაინც გაყალბდება და, ამდენად, ქართველებს ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი, რომ არჩევნების მეორე დღეს თავი ისევე გასწირონ, როგორც თავის დროზე - მაჰათმა განდის მომხრებმა.
- სიტუაციის დრამატიზება არ გვინდა. ჩვენ თავი კი არ უნდა გავწიროთ, უბრალოდ, თავი უნდა შევიწუხოთ. არ აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ქართველ ხალხს მასშტაბური ომი გამოუცხადოს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ახალი წლის ღამის გათენება. ამ ღამეს ათენებს მთელი საქართველო. მოდით, ეს ახალი წელი გადმოვიტანოთ პირველ ოქტომბერს და მთელმა საქართველომ პირველი ოქტომბერი გავუთენოთ საქართველოს. თუ ჩვენ არჩევნების დღეს ყურადღებით ვიქნებით, ცოტათი კი ინერვიულებენ, მაგრამ ვერ გაგვიყალბებენ. ორ ოქტომბერს კი ვიზეიმოთ ახალი წელი, ახალი საქართველო. ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ქართველმა ერმა, ყოველგვარი დაძაბვის, ომის რიტორიკისა და ისტერიის გარეშე. ეს ღამე მშვიდად და წყნარად უნდა გავათენოთ, სანამ საარჩევნო ხმები გამოვა უბნებიდან. ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. დამარცხებულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და მომხრეებსაც არაფერს ვერჩით. ამიტომ, მეორე დღეს ჩავეხუტოთ ერთმანეთს. ეს იქნება ყველაზე კარგი ახალი წელი. პირველი ოქტომბერი უნდა ვაქციოთ ზეიმად და არა საომარ ან სამოქალაქო დაპირისპირების დღედ.
1-ელ ოქტომბერს ბიძინობა დღეა. თქვენც ფიქრობთ, რომ ამაში არის რაღაც საკრალური? თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის რიცხვებისადმი სტიქიას, ციფრებთან მიმართებითაც არ უმართლებს ხელისუფალს?
- აქციებთან დაკავშირებით არ უმართლებდა. სულ ნატრობდა, წვიმა მოსულიყო, წვიმა არცერთხელ არ მოვიდა. ბოლოს ბათუმში, როგორც იქნა, „მოახერხეს და წვიმა მოიყვანეს“, მაგრამ ხალხი მაინც არსად არ წასულა. ანუ, ბოლო პერიოდში ხელისუფლებას ძალიან არ უმართლებს. რაც შეეხება 1-ელ ოქტომბერს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არაფერი ხდება. ახლა ხელისუფლების ჩანაფიქრი რაც იყო, გასაგებია - იმდენად ეჩქარებათ, იმდენად შეზღუდული რესურსი აქვთ, რომ პირველივე შესაძლო დღეს დანიშნეს არჩევნები, ისე, რომ არც დაფიქრებულან ამ ყველაფერზე. ეს მათი სულსწრაფობა, მათი პანიკა, მათი ისტერია 1-ელ ოქტომბერს ბიძინობას რომ დაემთხვა, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის.