ფქვილისა და საწვავის ფასები “საშიშ” ნიშნულს მიუახლოვდა

ფქვილისა და საწვავის ფასები “საშიშ” ნიშნულს მიუახლოვდა

ზაფხულის მიწურულს საქართველოში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პროდუქცია გაძვირებას იწყებს. საწვავის, ხორბლის და ფქვილის საბითუმო ფასები უკვე “საშიშ” ნიშნულამდეა გაძვირებული. მატებაა საცალო ქსელშიც. რომ არა ე.წ. “წინასაარჩევნო სტაბილურობა”, ფასები გაცილებით მაღალი იქნებოდა.

ქართულ ბაზარზე საწვავის გაძვირება 5 დღის წინ დაიწყო. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე კი ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობით ხსნის. ბოლო პერიოდში “ბრენტის ტიპის ნავთობი 15%-ით გაძვირდა და ამჟამად 1 ბარელი 112 დოლარის ნიშნულზეა. გაზრდილია “პლატცის” ფასიც - 1 ტონა ბენზინი 1044 დოლარია. საცალო ქსელში საწვავი ჯერ მხოლოდ 5 თეთრით გაძვირდა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იქნება ბოლო საფასო ცვლილება.

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობპროდუქტებზე ფასის მომატება მოსალოდნელი იყო, რადგან ზაფხულის სეზონზე  მათი მოხმარება  ყოველთვის იმატებს. მისი თქმით, ზაფხულში ტურისტების რაოდენობა იზრდება და ზოგადად მსოფლიოში ამ დროს საწვავს გაცილებით მეტს მოიხმარენ.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, იმისთვის რომ საერთაშორისო ფასები საქართველოში აისახოს, 15–20 დღიანი პერიოდია საჭირო, თუმცა, ქართულმა კომპანიებმა ფასები შეინარჩუნეს და კორექტირება მხოლოდ 40-დღიანი ინტერვალის შემდეგ განახორცილეს. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებითვე, საქართველოში 9–10 წელია ბენზინის ფასი  მხოლოდ 5 –5 თეთრიანი ბიჯებით მატულობს.

რაც შეეხება ხორბალს და ფქვილს, აქ გაცილებით უარესი ვითარებაა. მსოფლიოში მარცვლელული სწრაფად ძვირდება და ამის მიზეზი მწარმოებელ ქვეყნებში არსებული უამინდობაა. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო ბირჟებზე ხორბალი მნიშვნელოვნად გაძვირდა და მისი ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა - 1 ტონა 340 დოლარი. ეს შარშანდელთან შედარებით 50-70 დოლარით მეტია.

საქართველოში ჯერ გაძვირებული ხორბალი არ შემოსულა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფქვილის გაძვირების ტენდენცია შეინიშნება. 50 კგ-იანი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 38-40 ლარი ღირს და საშუალოდ 5-8 ლარით არის გაძვირებული. ამას პურის ფასზე ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ პურის მწარმოებლები არ გამორიცხავენ პურის ფასების ზრდას იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ფასი კიდევ გაიზრდება.

“ფქვილი კი გაძვირდა, მაგრამ პურის ძველი ფასის შენარჩუნებას ვახერხებთ მოგების შემცირების ხარჯზე..თუ ფქვილის ფასი კიდევ მოიმატებს, იძულებული გავხდებით, პურის ფასი გავზარდოთ. მაგალითად, თუ ტომარა ფქვილის ფასი გასცდება 40 ლარს, მაშინ პურის მწარმოებლები ფასებს 5 თეთრით მაინც გაზრდიან”, - ამბობს მალხაზ დოლიძე, მე-4 პურის ქარხნის ხელმძღვანელი.

ქართული ოპოზიცია კი ფქვილი ფასის მატებაში საერთაშორისო ტენდენციების პარალელურად, პოლიტიკურ მოტივებსაც ხედავს. “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია თვლის, რომ სწორედ მთავრობას მიუძღვის წვლილი ადგილობრივ ბაზარზე  წარმოქმნილ ცვლილებებში.

“მთავრობამ მოვაჭრეებისგან ფქვილი გაიტანა და ფული არ გადაუხადა, რის გამოც მოვაჭრეებს საქონელის გაძვირება მოუხდა. მთავრობამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებს სახლში წაღება და მოვაჭრეების ხარჯზე კახეთში მომხდარი სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება სურს, - აცხადებს ბაღათურია, - თუ ჩვენ მთავრობა არ ვაიძულეთ , რომ ამ ადამიანებს ფული გადაუხადოს, ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ ფულის გადახდა მოუწევს ხალხს”.