ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი- ფოთში გამოჩენილი სიმამაცე

ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი- ფოთში გამოჩენილი სიმამაცე

„ღრუბელ-ღრუბელ მივფრინავდით და რუსები მოგვდევდნენ,“_ აგვისტოს ომიდან ოთხი წლის თავზე ასეთი მნიშვნელოვანი დეტალით შეავსო თავს გადახდენილი საომარი ისტორიები ახალციხეში მყოფმა პრეზიდენტმა. 

ამას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართული საზოგადოების მხრიდან. უშიშროების ყოფილი მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ცდილობს, გმირულ საგად გაასაღოს ის ფაქტი, სადაც მან ყველაზე მეტად შეირცხვინა თავი. სხვა პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ფოთის გმირული ისტორია დამაჯერებლობას მოკლებულია. ვინც მიხეილ სააკაშვილის ბუნებას იცნობს, მან იცის, რომ თავს გადახდენილ საარაკო ამბებს მიხეილ სააკაშვილი ოთხი წლის მანძილზე უთქმელად ვერ შეინახავდა და საზოგადოებას უმალვე ამცნობდა. ისევე, როგორც არ მორიდებია ერთი დელიკატური საკითხის მთელ მსოფლიოში აფიშირებას_რომ ვლადიმერ პუტინი მისი სხეულის ნაწილებით იყო დაინტერესებული.

„მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ღრუბლებში, დამალულები, ყველა მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ცა იყო გადაკეტილი, ასე, ღრუბელ-ღრუბელ მალვით, როგორც იქნა, ჩავფრინდით ფოთში და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში. რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოასხდნენ რამდენიმე ათეულ ბეტეერს და წამოვიდნენ ჩემს დასაჭერად. ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელთან ადგილობრივი პოლიციის რაზმი. რუსებს თან ახლდათ ერთი ქართველი, ქართულად მოლაპარაკე სუბიექტი, ყოველთვის ისინი ამზადებენ ხოლმე მეხუთე კოლონას, მე-11 არმიის პროტოტიპებს და ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი, არავის არაფერს არ დავუშავებთ. ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში, ის ერთი ადამიანი არის საქართველო“,_ ასეთია პრეზიდენტის მონათხრობი, რომელიც მას 28 აგვისტოს ფოთში ჩასვლისას გადახდა, როცა იგი საოკუპაციო ჯარისგან გარშემორტყმულ ფოთში ხალხის გასამხნევებლად ჩაფრინდა. იმ დროს, მართლაც, რუსებს 33 დღის მანძილზე ეკავათ ფოთი და მხოლოდ 14 სექტემბერს გავიდნენ ქალაქიდან.  

მართალია, პრეზიდენტმა აქვე განმარტა, რომ იგი ისე არ გაკადნიერდება, რომ საკუთარი მოკრძალებული პიროვნება საქართველოსთან გააიგივოს, მაგრამ დააზუსტა, რომ ომის დროს საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე, რომ მათთვის (რუსებისთვის) საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება საქართველოს დამონებისა და ფეხქვეშ გათელვის სიმბოლო იყო, რაც ახლაც ასეა. ამდენად, რუსები ვერ ჩათვლიან თავს გამარჯვებულად, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს.

For.ge დაინტერესდა, აგვისტოს ომიდან ოთხი წლის თავზე რატომ დასჭირდა პრეზიდენტს მივიწყებული, თითქოსდა, სამუდამოდ დავიწყებული დეტალების გახსენება?! 

„რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტი არარსებულ ფაქტებს „იხსენებს“. ამის დასტურად ლევან ბერძენიშვილს კიდევ ერთი შემთხვევა ახსენდება, როცა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 2003 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში იმყოფებოდა.

„ეს უკვე დადასტურებული, ძალიან სერიოზული ტყუილია. ეს ის დღეა, როდესაც ოპოზიციის წევრები ასლან აბაშიძის ხელისუფლებამ საშინლად სცემა და სიკვდილის პირას მიიყვანა. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, მაგრამ მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, მას შერცხვა და დაიწყო მოყოლა, თითქოს როგორ შევიდა ქალაქ ბათუმში, როგორ აჭამეს საიდუმლოდ აჭარული ხაჭაპური და ა.შ. სინამდვილეში, იმ დროს ბათუმში არ შესულა, ეს დანამდვილებით ვიცი. რაც შეეხება ფოთს, რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია, რადგან მან ბოლოს თქვა, თითქოს პირდაპირ ეთერში მიმართა მოსახლებას. არადა, არავითარი პირდაპირი ეთერით გამოსვლა არც ფოთიდან და არც სადმე სხვა ადგილიდან, იმ დღეს არ ყოფილა. ასე რომ, ეს არის უბრალოდ ტყუილი. ეს არის ტყუილი ადამიანისა, რომელსაც საკუთარი საქციელის გამო რცხვენია, მაგრამ არ შეუძლია, იმ დღესვე მოიგონოს ტყუილი, რადგან ამისთვის მას დრო სჭირდება. დროის გასვლა აუცილებელია, რათა ხალხს რაღაცეები დაავიწყდეს. ამიტომ ესაჭიროება ახალი ნდობა, ახალი რეიტინგი. მაშინვე, იმ დროსვე რომ ეთქვა, რა თქმა უნდა, ტყუილს არავინ დაიჯერებდა, მაგრამ, ახლა ჩათვალა, რომ საკმარისი დრო გავიდა, რომ ყველაფერი დაგვიწყებოდა. თუმცა, ვისაც არ დაგვავიწყდა, ეს არაფრად მიაჩნია, ახალი თაობა ჰყავს შეკრებილი და მათ ატყუებს“,_აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტის მონათხრობის მიუხედავად, ამ ამბავში გმირობის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ ხედავს. მეტიც, ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი პირველი ქართველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც ტყუის სერიოზულ საკითხებზე.

„ეს უკვე მესამე ქართველი პრეზიდენტია, რადგან არ მახსოვს პრეზიდენტი, რომელიც ასეთ საკითხებში არ გვატყუებდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტებს ჩვევად ექცათ ტყუილების ლაპარაკი. თუმცა თავისი ვაჟკაცობის დამადასტურებელი ტყუილების თქმა ახასიათებს მარტო მიხეილ სააკაშვილს. შევარდნაძე ტყუოდა, რომ დემოკრატია შეუყვარდა, ზვიადი ტყუოდა, რომ ზუსტად იცოდა, ვინ იყვნენ კრემლის აგენტები, მაგრამ ტყუილი, რომელიც აგებულია იმაზე, რომ მე ვაჟკაცი ვარ და თქვენ ვერ ხედავთ და დამაფასეთ, ახასიათებს მარტო მხდალ ადამიანებს. ასეთი კი ჩვენს პრეზიდენტებში მხოლოდ ერთია,“_ გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.

ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძეს პრეზიდენტის გამოსვლა რეალურად არ მიაჩნია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ახსოვს, თუ რა მოხდა გორში თვითმფრინავის დანახვისას. მეტიც, ექსპერტი მიიჩნევს, რომ, ალბათ, მოსახლეობის უმრავლესობაში ზუსტად გორის კადრი აჩენს შეკითხვებს. ამ კითხვების შემდეგ კი იწყება დაზუსტება, როდის იყო მიხეილ სააკაშვილი ფოთში, საერთოდ  იმყოფებოდა თუ არა ფოთში.

„თუ არ ვცდები, ფოთში ჩასვლა საკმაოდ მოგვიანებით მოხდა საიმისოდ, რომ იქ რუსებისგან საფრთხე ჰქონოდა. ეს იყო აგვისტოს ბოლოს. 28 აგვისტოს კი იქ უკვე რუსების საფრთხე არ იყო. ასე რომ, მე მგონი, პრეზიდენტს, ალბათ, თარიღები შეეშალა,“_ასკვნის რამაზ საყვარელიძე.

ამასთან, სააკაშვილის ზოგადი ხასიათისა და მისი რიტორიკის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ძალიან ხშირად აქვს ისეთი მომენტი, როცა ლამაზი სურათის დახატვისას ფანტაზია არ ენანება ხოლმე. მეტიც, მას უყვარს ასეთი ლამაზი სურათების დახატვა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი ეთანხმება იმ აზრს, რომ პრეზიდენტის მიერ ფოთის დრამატული ამბების გახსენებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„ალბათ, ამ საკითხთან მიმართებით, შეფასებებიც განსხვავებულია, რადგან, ერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება მიანიშნებდეს პრეზიდენტის გულმავიწყობას, როდესაც ოთხი წლის მანძილზე არ გახსენებია ეს ფაქტი; მეორე მხრივ, ბარონ მიუნჰაუზენის გარკვეული სინდრომის ნიშნებსაც შეიცავს. ასეა თუ ისე, მადლობა ღმერთს, რომ სააკაშვილმა მშვიდობიანად ჩააღწია ფოთში, მიუხედავად იმისა, მისდევდა ვინმე თუ არა, და შინაც მშვიდობით დაბრუნდა“,_აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. 

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი კი მიიჩნევს, რომ გმირობის ფაქტები თავად საზოგადოების შესაფასებელია, და არა _ თავად კონკრეტული პიროვნებისა, რომელიც საკუთარ თავს მამაცურად წარმოაჩენს.

„რა ვუთხარი ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავზე ლეგენდებს ქმნის და მითებს ყვება ოთხი წლის მერე. თუ ვინმე ქვეყანაში გმირია, ის ხალხმა უნდა დაინახოს და ხალხმა შეაფასოს და არა ის, რომ დადგეს კაცი და საკუთარ თავზე იძახოს, გმირი ვარ, გმირი ვარო. რაც არის სააკაშვილი, ჭირსა და ლხინში, ყველას საკუთარი თვალით აქვს ნანახი და სამწუხაროდ, საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. ასე რომ, დღესდღეობით ამ ბაქი-ბუქობით, მე ვფიქრობ, სააკაშვილი საკუთარ თავს უფრო ვნებს. მისი აზროვნება, პიარის გარდა, ვერაფერს  წვდება. მას ჰგონია, რომ მხოლოდ პიარით არის შესაძლებელი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება“,_  გვითხრა ირაკლი სესიაშვილმა.    

მან აქვე განმარტა, რომ სააკაშვილს მაინცდაიმაინც ოთხი წლის თავზე ამ ამბის გახმიანება იმისთვის დასჭირდა, რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მას საკმაოდ რთულად აქვს საქმე, ამიტომ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე თავი წარმოაჩინოს, როგორც განსაკუთრებულმა პრეზიდენტმა და პირმა.