თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ თანხის 16 შემომწირველი შეწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. დაჯარიმებული პირებიდან 8 „ქართუ ბანკის“ თანამშრომელია, 8 კი - „ქართული ოცნების“ წევრი. დაჯარიმებულები არიან გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ნატო კოპლატაძე, მაგდა მუშკუდიანი, ნინო უძლიაური, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, ირაკლი ბერაია, ნატო ხანდრავა, ია გამცემლიძე და დავით გალუაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციისთვის შეწირული თანხა 100-დან 25 ათას ლარამდე მერყეობს, ჯარიმის თანხა კი მთლიანობაში დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაკისრებული ჯარიმის, 85 000 ლარის გადახდას ცოცხალი თავით არ აპირებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მისი, როგორც 16-ვე დაჯარიმებული პირის, ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია. ამდენად, მათ მიმართ უახლოეს მომავალში აღსრულების ღონისძიებები დაიწყება, თუმცა ჯავახიშვილი სვამს კითხვას - როდესაც ნახავენ, რომ არც ანგარიშზე მაქვს თანხა და არც არანაირი ქონება გამაჩნია, საიტერესოა, რას იზამენო?
აქვე იგი განმარტავს, თუ რა თანხა ჩარიცხა კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თანხის წარმომავლობა ნათელი იყო, სასამართლომ ეს მხედველობაში მაინც არ მიიღო.
„როდესაც ბანკის ე.წ. დროებითმა მმართველობამ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გამაბუნძულა ბანკიდან, კანონმდებლობის თანახმად, მათ გადამიხადეს მათ მოსვლამდე იმ თვის ნამუშევარი თანხა, ასევე ერთთვიანი კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების თანხა. ის, რაც მათ მოსვლამდე ვიმუშავე, ეს იყო 3000 ლარი, მთლიანად კი მათ 20 000 ლარი გადამიხადეს. ეს სამი ათასი ჩავიდე ჯიბეში, ხოლო 17 000 „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩავრიცხე კატეგორიული პროტესტის ნიშნად. ამ ათი თვის განმავლობაში ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის მეოთხე ხელისუფლება, ანუ მედია (მათი ნაწილი) აღვირახსნილი მეთოდებით იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ და მე არ უნდა ვიყო მათ ოპოზიციაში? რა უნდა გავაკეთო, იარაღს ხომ არ ავიღებ? ამიტომ, ეს ფული, რომელიც პრინციპში არ მეკუთვნოდა და მათ გადამიხადეს, ავიღე და ავტომატურ რეჟიმში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შევიტანე. მოგელაძე და სასამართლო კი მიმტკიცებენ, რომ ამ თანხის წარმომავლობა არ არის დასაბუთებული. დღეს მათ ვუთხარი, სხვა რა უნდა მექნა, ბაბუაჩემი კოლას სურათი უნდა ჩამეკერებინა შიგ?“, - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.
მისთვის გაუგებარია, სხვაგვარად როგორ უნდა დაადასტუროს თანხის წარმომავლობა, რადგან მას ანგარიშზე თანხა ჩაერიცხა და სასამართლოში ბანკის ამონაწერი წარადგინა. ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელსაც და მოსამართლესაც ჰკითხა, რამდენი უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რომ პარტიის ანგარიშზე თანხა ჩარიცხოს და ამისთვის აღარ დააჯარიმონ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე აცხადებს, რომ დაჯარიმებულთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელა, ნაწილმა კი, ვინც კოალიციის წევრია, თავიანთი პარტიების საწევროები გადაიხადა. მისი თქმით, აბსოლუტურად ყველამ, ანუ 16-ვე პიროვნებამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც და სასამართლოსაც მათი შემოსავლების ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად წარმოუდგინა. ეს იყო ხელფასების ცნობები, ნასყიდობის ხელშეკრულებები, იჯარის ხელშეკრულებები და ა.შ. თედო კობახიძის თქმით, ამ პირების შემოსავლები ბევრად აღემატებოდა იმ თანხებს, რაც შემოწირულობის სახით კოალიციის ანგარიშზე იქნა ჩარიცხული, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მტკიცებულებად არ მიიჩნია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის უსაფუძვლო შუამდგომლობაზე დაყრდნობით სრულიად უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.
„მაგალითად, ვიქტორ ჯაფარიძემ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდა, ამასთანავე, ამ ადამიანს მხოლოდ ერთ სამსახურში ხელფასი 7000 ლარი აქვს, თან იგი რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობს. კოალიციის ანგარიშზე მან 20 000 ლარი ჩარიცხა და მას ამ თანხას ედავებიან. იგივე სიტუაციაა „ქართუ ბანკის“ თანამშრომლების შემთხვევაშიც, მათ რამდენიმე ათასლარიანი ხელფასები აქვთ და მიუხედავად ამისა, სამ და ოთხ ათასზე ედავებიან, საიდან გაქვთო“, - აცხადებს თედო კობახიძე.
მისი თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობს. აქვე იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაჯარიმებულებს შორის მოხვდნენ მერაბ კაჭახიძის ოჯახის წევრები, შვილი და მეუღლე. შეგახსენებთ, კაჭახიძე კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელი მდივანია, რომელიც ორიოდე კვირის წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. დღეს იგი ციხეში ზის, მისი მეუღლე და შვილი კი, რომლებსაც 1200-1200 ლარი ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული 6-6 ათასი ლარით დააჯარიმეს. თედო კობახიძე ამბობს, რომ კაჭახიძეების მთელი ოჯახი პრაქტიკულად პოლიტიკური დევნის მსხვერპლად იქცა. მისი თქმით, დაჯარიმებული პირები, უკლებლივ ყველა, ამ უკანონო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მაგრამ მათ არ აქვთ ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ამიტომ, ვინაიდან 16-ვე დაჯარიმებული პირების ქონება უკვე დაყადაღებულია, თედო კობახიძე ვარაუდობს, რომ აღსრულების ღონისძიებების შესაბამისად, ეს ქონება აუქციონზე გაიყიდება.