უკვე, რამდენიმე დღეა გაცხადდა, რომ „ქართული ოცნების“ აქცია რუსთავში 19 აგვისტოს ჩატარდება. „ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა აქციისთვის ადგილის შესარჩევად გამაფრთხილებელი წერილი რუსთავის მერიაში შეიტანეს. აქციის ჩატარებისთვის რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანს, ან ალტერნატიულ ვარიანტად მეგობრობის მოედანს ითხოვდნენ.
თვითმმართველობამ კოალიციას ორივე ადგილზე უარი უთხრა. დღეს კი რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მასთან შესახვედრად მისული, „ოცნების“ წევრები კაბინეტში არ მიიღო.
„ჩვენ შეხვედრაზე ვიყავით შეთანხმებული. სწორედ, ამისთვის მოვედით აქ. როგორ გავიგოთ ის, რომ რამდენიმე წუთის წინ თანახმა იყავით ჩვენთან საუბარზე და ახლა უარს ამბობთ, რა ხდება?“ - ეკითხებოდა „ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგებელი, გრეტა წიწავა რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომლებს.
წიწავა თანახმა იყო შეხვედრაზე ჟურნალისტები არ შესულიყვნენ და საუბარს მხოლოდ, კოალიციის პრესსამსახურის ოპერატორი დასწრებოდა.
„პასუხს მიიღებთ წერილობით, კანონით განსაზღვრულ დროს. შეხვედრა კი არ შედგება“, - პასუხობდა კოალიციის წევრებს რუსთავის თვითმმართველობის პრესამსახურის სპეციალისტი, თამარ აქუბარდია.
აქუბარდია არ აკონკრეტებდა შეხვედრის გადადების მიზეზს. „შეხვედრა გადაიდო გაუთვალისწინებელი გარემოების გამო“, - პასუხობდა იგი ჟურნალისტებს.
„ჩვენ ხელმეორედ შეგვაქვს განაცხადი მერიაში. ვაფრთხილებთ, ისე, როგორც ამას კანონი გვავალდებულებს, რომ „ქართული ოცნების“ აქცია 19 აგვისტოს რუსთავის შარტავას მოედანზე გაიმართება. ხელს ვერავინ შეგვიშლის“, - ამბობს „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბის ხელმძღავენელი, ნინო ლომიძე.
რუსთავის თვითმმართველობამ „ოცნებას“ აქციის ჩატარების ადგილად ქალაქის 21-ე მკ/რ-ის ავტბაზრობასთან მდებარე ტერიტორია და მე-11 მკ/რ-ის რაგბის სატადიონი შესთავაზა. კოალიცია არ დაეთანხმა ამ შემოთავაზებას, რადგან აღნიშნული ადგილები მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს არ წარმოადგენს.
ორივე ტერიტორია, რომელსაც რუსთავის თვითმმართველობა „ოცნებას“ სთავაზობს წარმოადგენს ტრიალ მინდორს, სადაც ქვეწარმავლების სიმრავლეა.