ქართული ჩაის სმა და მსოფლიო ფასები

ქართული ჩაის სმა და მსოფლიო ფასები

მსოფლიოში ჩაი ერთბაშად გაძვირდა და ფასმა ყოველგვარ პროგნოზს გადააჭარბა. ბაზრებზე მოთხოვნა მატულობს, პროდუქცია კი მუდმივად იკლებს. ამ დროს საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს ჩაის ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ მისი გამოყენება ვერ ხერხდება. ექსპორტს ვინ ჩივის, ადგილობრივი ბაზარი თითქმის მთლიანად დაკარგული გვაქვს.

საერთაშორისო ბაზრებზე ელიტური შავი ჩაის ღირებულებამ, საბითუმო ბაზარზე 41%-ით მოიმატა. ანალიტიკოსების მტკიცებით, ჩაის ფასი მისი მოსავლის შემცირების ფონზე იზრდება.

ჩაის მოსავლის შემცირების გამო, „მწვანე ოქროს“ ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 2,5 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ჩაის მოსავალი კი თავის მხრივ შრი ლანკასა და კენიაში გადაუღებელი წვიმებისა და გვალვის გამო შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კენიაში ბოლო 1,5 წლის განმავლობაში ჩაის მოსავალი 11,5%-ით შემცირდა, ხოლო ინდოეთსა და შრი-ლანკაში - 10%-ით. ჩაის უმსხვილესმა იმპორტიორებმა: რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, პაკისტანმა, და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ჩაის მარაგები საგრძნობლად გაზარდეს.

საბითუმო ბაზარზე ელიტური შავი ჩაის ფასი 1 კილოგრამზე 4 დოლარამდე გაიზარდა.

მსოფლიოში ჩაიზე მოთხოვნა იზრდება და ის ქვეყნები, რომლებიც ექსპორტს ეწეოდნენ - ინდოეთი, ცეილონი და თუნდაც ჩინეთი - გაზრდილი შიდა მოთხოვნის გამო, ექსპორტს ვეღარ გაზრდიან. საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზრებზე ჩაის გატანის ყველაზე მეტი შანსი იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებიც მას ყველაზე ნაკლებად მოიხმარენ. ასეთ ქვეყნებად დასახელდა საქართველო და კენია.

„საბჭოურ ეპოქაში საქართველოში 64 ათასი ჰექტარი ჩაი იყო.  ახლაც კი მსოფლიო ბაზარზე საქართველოს 70-80 ათასი ტონა მზა პროდუქციის გატანა შეუძლია. ამ ტენდენციის შესაბამისად, ყველა ქვეყანამ ან წარმოება გაზარდა ან ფართობები. მეჩაიეობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელმაც ამ ტენდენციის ფონზე, შეამცირა როგორც ფართობები, ისე წარმოება.

ჩვენ მსოფლიო კონკურენციაში ჩაბმა თუ გვინდა, მწვანე ჩაი უნდა ვაწარმოოთ. იაპონიაში და ჩინეთში ასეთი ჩაი რომ მიიღონ, ბუჩქების დაჩრდილვას ახდენენ, ატარებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, საქართველოში ბუნებრივად შეგვიძლია მივიღოთ მაღალი ხარისხის მწვანე ჩაი. საერთოდ, სჯობს, ჯერ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვიფიქროთ“, -აღნიშნავს სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულია.

თუმცა, სანამ ექსპორტსა და მსფოლიო ბაზრის ტენდენციებს მივხედავთ, შიდა ბაზარზე უნდა გადაიჭრას პრობლემები. საქმე ისაა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ადგილობრივი პროდუქცია ინტენსიურად იდვნებოდა ბაზრიდან. ერთი პერიოდი ქვეყნის შიგნით ქართული ჩაის წილი 5-7%-მდეც იყო შემცირებული. ამჟამად ვითარება ოდნავ გამოსწორებულია, მაგრამ წარმოების განვითარებისთვის ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია.

საქართველოს ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის თქმით, ჩაის ექსპორტი გაიზარდა და ამ მხრივ ბაზარზე სასიკეთო ძვრები გაჩნდა. მისი ინფორმაციით, ეროვნული ჩაის წილი შიდა ბაზარზე უკვე 18-20 პროცენტს შეადგენს. შარშან ეს მაჩვენებელი 15 პროცენტი იყო, ხოლო 2-3 წლის წინათ, დაახლოებით, 10-13 პროცენტი.

„მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება შიდა ბაზრის ასათვისებლად. ცხადია, ჩვენი ჩაის წილი ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ დაბალია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძებები იგეგმება, რომ ბაზარი გააქტიურდეს. მთლიანობაში, სრულად თუ არა, 70 პროცენტამდე მაინც არის შესაძლებელი შიდა ბაზრის ათვისება, მაგრამ ამისთვის დიდი დროა საჭირო და რიგ ღონისძიებებთანაა დაკავშირებული“, - ამბობს სვანიძე.