რუსეთს ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, სპეციალური გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა და ამით საქართველოს ხელისუფლებას მწვანე შუქი აუნთო იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში მხოლოდ რუსული კვალი გამოკვეთოს.
პუტინის თქმით, რუსეთს 2008 წლამდე ქართული აგრესიის საწინააღმდეგო გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რომლის ფარგლებში ოს მოხალისეებს ამზადებდა.
„ეს საიდუმლო არ არის, გეგმა არსებობდა და მის ფარგლებში ვმოქმედებდით. იგი გენერალური შტაბის მიერ 2006 წლის ბოლოს, 2007 წლის დასაწყისში იქნა შემუშავებული და ჩემთან შეთანხმებული. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ სამხრეთ ოსეთში გარკვეულ დაჯგუფებებს ვამზადებდით“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, „სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ამ ჯგუფების მომზადება ფუჭი საქმეა იყო, რამდენადაც ისინი რეგულარული არმიის, თუნდაც ქართულის წინააღმდეგ, წააგებდნენ, თუმცა ისინი გაცილებით უფრო მოთხოვნადები აღმოჩდნენ“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ მოვლენებში მისი პირადი მონაწილეობის შესახებ, პუტინმა უპასუხა - „დიახ, პეკინში ვიმყოფებოდი და ორჯერ დავურეკე დიმიტრი მედვედევს და თავდაცვის მინისტრს 7 და 8 აგვისტოს“.
ძალიან საინტერესოა, რუსეთის მაშინდელი პრემიერის, პუტინის ამ ნათქვამის შედარება მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ნათქვამთან. კერძოდ, მედვედევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი პირველად 8 აგვისტოს, 18:00 საათზე დაუკავშირდა.
„ზარებთან დაკავშირებით, კომენტარები არაერთხელ გავაკეთე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორ იყო ყველაფერი: 7 აგვისტოს ღამეს - 8 აგვისტოს გამთენიისას, როდესაც აგრესია დაიწყო, მე მხოლოდ თავდაცვის მინისტრსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ვესაუბრებოდი. სწორედ თავდაცვის მინისტრს მივეცი მე ბრძანება გამთენიისას, დაახლოებით, 04:00 საათზე საპასუხო დარტყმის შესახებ. სხვა არანაირი საუბარი არ ყოფილა. ამის შემდეგ მე გავფრინდი მოსკოვში და უშიშროების საბჭოს სხდომა ჩავატარე. ვლადიმერ პუტინს, რომელიც პეკინში იმყოფებოდა, 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 18:00 საათზე ვესაუბრე“, - წერს მედვედევი Facebook-ზე.
ამდენად, რუსეთის ფედერაციის ორი ხელმძღვანელი პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც საქართველოში გარკვეულ ეჭვებს აჩენს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი პუტინის განცხადებას იმის დასტურად აცხადებენ, რომ რუსეთი ამ ომისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდა, რაც მათი განცხადებით, იმას ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი არა საქართველომ, არამედ რუსეთმა დაიწყო.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, პუტინს წამოსცდა, რომ იგი ამ ომისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. ასეთი მოსაზრება რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურია, რადგანაც რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების სწორედ ასეთ „წამოცდენებს“ ენდნენ 2008 წელს ჩვენი ქვეყნის მესვეურები, როდესაც დაიჯერეს, რომ რუსეთი ცხინვალს უბრძოლველად დათმობდა, რადგან მაშინაც ასე „წამოსცდათ“, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონი არ აინტერესებდა. ამ დროს საქართველოს ხელისუფლებისგან ამერიკის ადმინისტრაცია კატეგორიულად მოითხოვდა, კონფლიქტურ რეგიონებში სამხედრო ავანტიურა არ წამოეწყოთ, რადგან იმ პერიოდში სიტუაცია უკვე საკმაოდ დაძაბული იყო. ამერიკის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტიც სწორედ ამას უკავშირდებოდა. ამ მოვლენებს მოგვიანებით კონდოლიზა რაისი თავის წიგნში „Higher Honor“ასე იხსენებს: „ერთ საათზე მეტი მოვუნდით ამაზე წინ და უკან მსჯელობას, სააკაშვილი კი ჯიუტად არ იხევდა უკან. ბოლოს გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ტონს გავამკაცრებდი. „ბ–ნო პრეზიდენტო, რაც არ უნდა ქნა, არ მისცე რუსებს საშუალება, რომ პროვოკაციაზე წამოგაგონ. თქვენ გახსოვთ პრეზიდენტ ბუშის გამონათქვამი, რომ მოსკოვი ეცდება რამე სისულელე ჩაგადენინოთ. ამდენად, ნუ ჩაერთვებით ბრძოლაში რუსეთის სამხედრო ძალებთან. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ დამარცხდებით“, - დავამატე მკაცრად.“
მაგრამ სააკაშვილის გუნდისთვის რუსეთის მესვეურების რამდენიმე „წამოცდენა“ უფრო სარწმუნო აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკის დაჟინებული გაფრთხილება, თუ მოთხოვნა. შედეგი კი ყველამ ვნახეთ.
რას ფიქრობენ საქართველოში პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, for.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით ნათქვამ სიტყვა „წამოცდენაზე“ სპეკულირება მაინცდამაინც საინტერესო არ არის, მაგრამ ერთი რამ მართლაც უცნაური და ცოტა ძნელად ასახსნელია. კერძოდ ის, რომ რუსეთის ორი ლიდერი დროის არც თუ ისე დიდ მონაკვეთში რატომ და როგორ აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს იმის თაობაზე, 2008 წლის აგვისტოში ვინ და როგორ მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ეს პასუხგაუცემელი კითხვაა და შესაძლოა, ამ კითხვასაც ოდესმე გაეცეს პასუხი ისევე, როგორც პუტინის ამ ცნობილ განცხადებას.
რაც შეეხება თავად ამ განცხადებას, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, პუტინს ახალი არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც პროცესებს აკვირდებოდა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა.
„მე მგონი ეჭვს არ იწვევს ის, რომ აგვისტოს მოვლენა რაღაც იზოლირებული კონფრონტაცია არ ყოფილა და მანამდე ჩვენ არ ვცხოვრობდით, როგორც ორი შეხმატკბილებული მეზობელი. ის, რომ მდგომარეობა იძაბებოდა და შესაძლებელი იყო ეს სერიოზულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო (თუმცა არ მგონია, ვინმეს ზუსტად ეთქვა, რის გაკეთებას და როდის აპირებდა რუსეთი), ქართულ საზოგადოებაში ამგვარი შეშფოთების განცდა არსებობდა. ის, რასაც ბატონი პუტინი სპეციალური ჯგუფების მომზადების თაობაზე აცხადებს, შეიძლება ზუსტად ასეთი სახით არა, მაგრამ ნათელი იყო, ისევე როგორც ის, რომ რუსეთი მზად იყო თავისი ინტერესები (როგორც ეს ცნება მას თავად ესმის) ძალის გამოყენებით დაეცვა. ასევე არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ რუსეთი სამხედრო მზადების პროცესში გახლდათ. გაიხსენეთ, აგვისტოს ომს წინ უძღოდა ჩრდილოეთ კავკასიაში მსხვილასშტაბიანი სამხედრო წვრთნა, რომლის შემდგომ რამდენადაც უცნაური არ უნდა ყოფილიყო ნებისმიერი დამკვირვებლისთვის, წვრთნებში მონაწილე სამხედრო ძალები მათი დისლოკაციის ადგილებზე არ დაუბრუნებიათ. ამიტომ, ის მოსაზრება, რომ რუსეთი მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის ემზადებოდა, ბატონი პუტინის სიტყვებით მხოლოდ დადასტურდა. ამას არაერთი დამკვირვებელი საქართველოში მანამდეც არაერთხელ აღნიშნავდა“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება, უნდა აჰყოლოდა თუ არა რუსეთის ამ პროვოკაციას და ა.შ. ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ უკანა რიცხვით რაღაცის მტკიცება შეუძლებელია, ამ საკითხს სერიოზული მოკვლევის ჩატარება სჭირდება და ეს ნეიტრალური მხარის მიერ უნდა გაკეთდეს. აქვე ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რათა სამხედრო დაპირისპირება თავიდან ყოფილიყო აცილებული.
„აქ კითხვის ნიშანი მართლაც არსებობს - გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ სამხედრო კონფლიქტი თავიდან აცილებული ყოფილიყო. ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა მე გამიჭირდება. ძნელია ვამტკიცოთ, რომ ომის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, თუკი გავიხსენებთ მაშინდელ სამხედრო რიტორიკას, ასევე საქართველოს ბევრი ოფიციალური პირის მტკიცებას, რომ ის რეაქცია, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა, იყო ერთადერთი და სხვანაირად მოქმედება შეუძლებელი იყო. ალტერნატივების თაობაზე არც მაშინ საუბრობდა ვინმე და არც დღეს და ეს უკვე ცუდია“, - აღნიშნავს მენაღარიშვილი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ ფიქრობს, რომ პუტინს ამგვარი რამ წასმოსცდა, ვინაიდან ის არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომ რამე წასმოცდეს და მით უმეტეს ასეთ თემაზე. არეშიძე განცხადებით, რბილად რომ თქვათ, რაღაცაშია საქმე. მისი თქმით, არ უნდა ძალიან კატეგორიული იყოს და ამიტომ, მხოლოდ იმას იტყვის, რომ რამდენიმე ფაქტი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა ერთმანეთს. კერძოდ, პუტინის ამ გამონათქვამამდე რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები აღარ ჩატარდება. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსული მხარე გარკვეულ გართულებებს მოერიდა და ამასთანავე, სპეკულირების მიზეზი მოუსპო ქართულ მხარეს.
„ერთის მხრივ არის ეს ფაქტი, ხოლო მეორეს მხრივ არის ის შეხვედრები, რომლებიც ქართულ და რუსულ მხარეს შორის 27 ივლის სოფელ დიცთან გაიმართა. ეს იყო დახურული შეხვედრა, რომელშიც ორივე მხრიდან საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა იყო. გარდა ამისა, შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტის სულ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა ხანში აქედან რუსეთის ჯარები გავლენ და აქვე მან დაამატა - დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ისე შეიცვლება, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათო“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საზოგადოების ზურგსუკან რაღაც ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რაღაც გადაწყვეტილებებიც არის მიღებული. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ არ უნდა კატეგორიული იყოს, თუმცა მიიჩნევს, რომ პუტინმა ეს განცხადება სპეციალურად გააკეთა, რათა მავანისთვის თბილისში დამატებითი არგუმენტი მიეცა.
„რატომ ხდება ეს ასე, არ ვიცი. არ მინდა ვიფიქრო, რომ როდესაც ოფიციალური თბილისი მუდამ ოფიციალური მოსკოვის ლანძღვა-გინებაშია, ამ ფონზე ქართული საზოგადოების ზურგს უკან მათ შორის რაღაც გარიგებას აქვს ადგილი, თუმცა ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს. აღარაფერს ვამბობ რუსეთისთვის ეკონომიკური ბერკეტების გადაცემაზე და ამ ყველაფერს ასევე საეჭვოდ დაემთხვა საქართველოს რკინიგზის გაყიდვის საკითხის გააქტიურება. არ არის გამორიცხული, რაღაცა რაღაცაში იცვლება. სამწუხაროდ, ფაქტები ამაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს არეშიძე.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდებაა. დღეს იგი ამ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს ისედაც აკონტროლებს, სომხეთის რკინიგზაც უკვე კაი ხანია მათი საკუთრებაა. საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდებით კი ამიერკავკასიის რკინიგზის 70%-ის გაკონტროლებას მოახდენენ (აზერბაიჯანის რკინიგზის ჩათვლით). ამით კი გაჩნდება იმ ხიდის ამუშავების პერსპექტივა, რომელიც მოსკოვს თეირანთან დააკავშირებს. ამიტომ, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ყველაფერ ამის საფასურად მოსკოვს რაღაცეების დათმობა უწევს, ანუ იმ ტიპის განცხადებებს აკეთებს, რაზეც ზემოთ იყო საუბარი. აქვე ექსპერტი გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ მოლაპარაკებების შედეგი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა იყოს.
„თუნდაც 27 ივლისის შეხვედრაზე საუბარის თემა წყლის საკითხის მოგვარება იყო. საქმე იმაშია, რომ სოფელ არბოში ჩვენი ხელისუფლება წყლის საქაჩს აშენებს, მაგრამ არჩევნებამდე მის დასრულებას ვერ ასწრებს. ამიტომ იქ მოლაპარაკების თემა იყო ის, რომ რუსულ მხარეს (ამ შემთხვევაში უკვე ოსური მხარე აღარ იგულისხმება) წყალი დროებით გამოეშვა, მათ შორის არჩევნების პერიოდში, რათა მოსახლეობას შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებამ წყლის პრობლემა მოაგვარა, რადგან ეს სოფლები, არბო, დიცი და კიდევ რამდენიმე სხვა, უწყლობისა და გვალვისგან პრაქტიკულად გადაიხრუკა. ამდენად, რუსეთს ასეთი ჟესტის გაკეთება სთხოვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი რაღაც ტერიტორიებს დათმობს. მან ძალიან ბევრი „გაიღო“ იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო კონტროლი აღედგინა. ამიტომ, ასე მარტივად ის არაფერს დათმობს“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ის ინფორმაციაც, რომ რუსეთში ქართული თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი განახლდება. მართალია, ოფიციალური თბილისი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ კონტექსტს დაუკავშიროს, მაგრამ ვინაიდან ეს მოვლენები არჩევნების წინ ვითარდება, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ეს არის საკითხისადმი ხელისუფლების კომპლექსური მიდგომა.
„ქართული ოცნების“ კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხან პუტინის, ხან მედვედევის და ხანაც ლავროვის განცხადებების მოშველიებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი პოზიციის გამყარებას ცდილობენ. ვოლსკის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლების ლოგიკას მივყვებით, გამოდის, რომ პუტინიც, მედვედევიც და ლავროვიც ფაქტობრივად შოთა მალაშხიას განცხადებას უჭერენ მხარს. სინამდვილეში კი ვითარების ამ კუთხით წარმოჩენა არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება, რას ამბობს პუტინი და რას ედავება საქართველოს ხელისუფლებას „ქართული ოცნება“, ეს სამი თემა სახელისუფლო პროპაგანდას ისე აქვს ერთმანეთში არეული-დარეული, რომ საზოგადოება საქმის რეალურ არსს ვერ მიხვდეს. ის, რომ რუსეთი საქართველოზე დასარტყმელად ემზადებოდა, პუტინის განცხადებაში კი არა, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არის ჩამოყალიბებული, ძველ კონცეფციაშიც და ახალ კონცეფციაშიც, რომელიც უკვე ომის შემდეგ დაამტკიცეს. ეს არის რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული რესურსების მოპოვების და ტრანზიტის სფეროეზე კონტროლის არ დათმობის თემაზე და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების ხელშეშლის კონცეფცია. ეს ყველაფერი რუსეთის უსაფრთხოების დოქტრინაში არის ჩადებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ამას ვედავებით ხელისუფლებას, რომ რუსეთის ამგვარი ქმედება მოსალოდნელი იყო და ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა პროცესების ინტერნაციონალიზაციის გზით, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 2006 წელს შეწყვიტა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანა (ამ შემთხვევაში რუსეთი) სამხედრო მანევრებისთვის მზადებას იწყებს, ამას რაღაც გარკვეული გამართლება უნდა ჰქონდეს. ამიტომ რუსეთს სჭირდებოდა, რომ საქართველოსთან საერთაშორისო ჩართულობით წარმოებული სამშვიდობო პროცესები შეწყვეტილიყო, რათა ჩრდილო კავკასიაში თავისი სამხედრო აქტივობები გაემართლებინა. ამასთანავე, რუსეთს ცხინვალის მასიური დაბომბვა სჭირდებოდა, რათა თავისი სამხედრო ინტერვენცია გაემართლებინა.
„პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოიცა, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები საქართველოში როკის გვირაბის გავლით 8 აგვისტოს შემოიჭრნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთს საშუალება, სამხედრო ოპერაციისთვის მზადება დაეწყო და შემდეგ სამხედრო ინტერვენცია განეხორციელებინა, ამის საშუალება საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულმა შეცდომებმა, ან თუნდაც არასწორმა მოქმედებებმა მისცა.
პუტინი ამ განცხადებაში ამბობს, რომ ეს გეგმა 2006 წელს შეიმუშავეს, თუმცა იმასაც ამბობს, მაშინ ბევრს არ სჯეროდა, რომ მისი განხორციელება შესაძლებელი გახდებოდაო. სწორედ 2006 წელს შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამონაწილეობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესები, როდესაც კონფლიქტების მოგვარების სამინისტროს გადაერქვა სახელი, როდესაც იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სამხედრო უწყების საქმეა, როდესაც მოგვიანებით, 2007 წელს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალის პრობლემის მოგვარება არის მოყანყალებული კბილის მსგავსი, როდესაც გარანტიები მოგვცა, რომ 2008 წლის ზამთარს სოხუმში შევხვდებოდით, და ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მოლაპარაკებები პრაქტიკულად სრულად შეწყვეტილია. პუტინის და სააკაშვილის ადრეული გამონათქვამები და პუტინის ამჟამინდელი ნათქვამი სწორედ იმას ააშკარავებს, რასაც ჩვენ ამ ხელისუფლებას ვედავებით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არასოდეს უთქვამთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. საერთოდაც, დღის წესრიგში არ დგას ის, თუ ვინ დაიწყო ომი. საქმე იმაშია, როგორ მივედით ომამდე. პუტინი რასაც დღეს ამბობს, არის პასუხი იმაზე, რასაც ჩვენი ხელისუფლება ამბობდა და რა მაგალითებიც ზემოთ ჩამოგითვალეთ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.