ჩოჩელის ხორცის ბიზნესი მაღაზიების ქსელის გარეშე რჩება

ჩოჩელის ხორცის ბიზნესი მაღაზიების ქსელის გარეშე რჩება

სუპერმარკეტების ქსელი ,,იბერულა’’ იხურება. როგორც ჩანს, ცეზარ ჩოჩელს ან ნაკლებად მომგებიანი ბიზნესის ყურება მოწყინდა, ან ხორცპროდუქტების ბაზარზე კონკურენციას ვერ გაუძლო.

ხორცპროდუქტების რეალიზაციაზე გათვლილი მაღაზიების ქსელი თბილისის მასშტაბით ,,იბერმითის’’ მიერ 2010 წელს შეიქმნა. “იბერმითი’’ კი ხორცპროდუქტების წარმოების ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეა, რომლის მფლობელობაშიც არის ნატახტარის სასაკლაო. ეს ბიზნესი თავიდან ბოლომდე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს, ცეზარ ჩოჩელს უკავშირდება. ხორცპროდუქტების სეგმენტში სწორედ მის გამოჩენას უკვარშირდება ბაზარზე მონოპოლიის გაჩენა.

მას შემდეგ, რაც ნატახტრის სასაკლაო ამოქმედდა, დედაქალაქის სავაჭრო ქსელში სხვა სასაკლაოებიდან ხორცის შემოტანა აიკრძალა. ამან მომენტალურად გამოიწვია ფასების მკვეთრი მატება და პირველ ეტაპზე ხორცი ფასი გაორმაგდა და 1 კგ-ზე 17-18 ლარს მიაღწია. შემდეგ ფასმა ოდნავ დაიკლო, თუმცა 13-14 ლარს არ ჩამოსცდენია. საბოლოო ჯამში, ჩოჩელის გამოისობით, ხორცის 50%-ით გაძვირებული აღმოჩნდა.

ხორცპროდუქტების მაღაზია “იბერულას” დახურვის შესახებ პირველად არ ვრცელდება. დაახლოებით 9-10 თვის წინათ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მაღაზიათა ქსელს პრობლემები ჰქონდა. მაშინ თითქოსდა გამოსავალი მოიძებნა და  2011 წლის ბოლოს “იბერულა” სუპერმარკეტად გადაკეთდა.

მაღაზია მართვაში კერძო მეწარმეებს გადაეცათ ისე, რომ მენეჯმენტი უცვლელი დარჩა და მას კვლავინდებურად “იბერმით ჯორჯია” აკონტროლებდა. მაღაზიების ახალ მმართველებს კონტრაქტით “იბერულას” ბრენდი უნდა შეენარჩუნებინა, ხორცპროდუქტების რეალიზაცია კი პრიორიტეტად უნდა დარჩენილიყო.

კომპანიის გეგმით წლის ბოლომდე ,,იბერულას’’ ბრენდით 20 მაღაზია უნდა გახსნილიყო. ამ დროსათვის კი ,,იბერულას’’ ბრენდით თბილისში არსებული მაღაზიების ნაწილი დახურულია, ნაწილი უახლოეს პერიოდში დაიხურება.

გამოდის, რომ ჩოჩელს ან ნაკლებად მომგებიანი ბიზნესის ყურება მოწყინდა, ან ხორცპროდუქტების ბაზარზე კონკურენციას ვერ გაუძლო. ამ სეგმენტს საქართველოში 5 საკმაოდ მსხვილი კომპანია აკონტროლებს: შპს „მითანა“, სს „ნიკორა“, შპს „შირნჰოფერი“, შპს „ლიდერი–ფუდი“ და  ხორცპროდუქტების  ქარხანა  “ვაკე“. მათთან ჭიდილი კი საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ისინი ბაზარზე კარგა ხანია დომინირებენ.

ზოგადად კი ხორცპროდუქტების ბაზარზე მრავალი პრობლემა იკვეთება და “საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ” მას სპეციალური კვლევაც კი მიუძღვნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში  2007  წლიდან  სურსათის  უვნებლობისა  და  ხარისხის სფეროში  ზედამხედველობის,  მონიტორინგისა  და  სახელმწიფო  კონტროლის  მექანიზმების მოქმედება  შეჩერებული იყო, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ რისკს უქმნიდა. ცხოველური წარმოშობის პროდუქციის დამზადებისა და გადამუშავებისათვის სპეციალური  მოთხოვნები  ქვეყანაში  მხოლოდ  2011  წლის ივლისიდან  ამოქმედდა. 

ამ მოთხოვნების  თანახმად,  ცხოველისა და  ფრინველის  სახორცედ დაკვლა  მათი  რეალიზაციის მიზნით  დაიშვება  მხოლოდ  საწარმოში  (სასაკლაოზე)  უფლებამოსილი  ორგანოს ვეტერინარულ-სანიტარიული  ზედამხედველობის  ქვეშ.  შესაბამისად,  დაწესდა  სპეციალური

მოთხოვნები  შემნახველი  საწარმოებისადმი  (სამრეწველო  მაცივრები)  და  ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქციისა და მეცხოველეობის ნედლეულის რეალიზაციისადმი. 

ახალი  რეგულაციების  შემოღების  შედეგად  სასაკლაოების  ნაწილმა,  რომლებიც  ბაზარს ხორცპროდუქტებით  უზრუნველყოფდნენ, საქმიანობა  შეაჩერეს,  ვინაიდან  ვეღარ აკმაყოფილებდნენ  ცხოველური  წარმოშობის  პროდუქციის  დამზადებისა  და გადამუშავებისათვის  კანონმდებლობით  დადგენილ  მოთხოვნებს, - აღნიშნავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობაში”.

ამით მსწრაფლ ისარგებლა ორმა ორგანიზაციამ და დღეისათვის  თბილისს

ხორცპროდუქტებით  მხოლოდ შპს  ,,იბერმით  ჯორჯიას’’  (სოფ.  ნატახტარი)  და  შპს “აგროლაინ  ლიმიტედის“  (სოფ.  თელეთი)  სასაკლაოები  უზრუნველყოფენ. მათ ჰარმონიულად აქვთ გაყოფილი ბაზარი და მაღაზიებში “იბერმითის” პროდუქცია საღდება, ხოლო ბაზრებსა თუ ბაზრობებზე “აგროლაინის”. 

როგორც “საერთაშორისო გაჭვირვალობაში” აღნიშნავენ, ახალი

რეგულაციების შემოღების შედეგად ბაზარზე შეინიშნება ხორცპროდუქტების ფასების ზრდისა და ორივე სასაკლაოდან შემოსული ხორცპროდუქტების ფასების პარალელიზმის ტენდენცია.