მილიარდერი სააკაშვილის წინააღმდეგ

მილიარდერი სააკაშვილის წინააღმდეგ

რვა წელიწადზე მეტ ხანს იყო საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ერთპიროვნული მმართველი. ახლა კი მას ძლევამოსილი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა: მილიარდერმა ივანიშვილმა მომავალ არჩევნებში გამარჯვება დაისახა მიზნად. თუმცა სამთავრობო აპარატი ბინძური ხერხებით იბრძვის მეტოქის წინააღმდეგ.

ბიძინა ივანიშვილი ცოტა დაღლილად გამოიყურება. ახლახანს დამთავრდა მისი მრავალპარტიული კოალიციის “ქართული ოცნების რამდენიმესაათიანი სხდომა. პოლიტიკაში ყოფნიდან ათი თვის შემდეგ გამოტყდა: “მე არ მომწონს პოლიტიკოსობა. ის არ შეესაბამება ჩემს ხასითს”.

რვა წლის წინ თავის ოჯახთან ერთად ის საქართველოს სოფელ ჭორვილაში განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ქონება, რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ველურ 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა. აქედან 650 მილიონი ევრო საქართველოს შესწირა – ინფრასტრუქტურისთვის, ეკლესიებისთვის, ხელოვნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. თუმცა 2011 წლის ოქტომბრამდე არასდროს ჩნდებოდა საზოგადოებაში ღიად, ვიდრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ არ გამოაცხადა.

რეფორმების შედეგები და ხარვეზები

ივანიშვილის გაცხადებული მიზანია სააკაშვილის და მისი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან ჩამოშორება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან თავის თავზე აიღო პოლიტიკური ცხოვრების სირთულეები, რადგან ხალხს აქვს უფლება ჰქონდეს მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტები. ადამიანები ღირსნი არიან ჰყავდეთ ხალხის სამსახურში მყოფი მთავრობა და არა ხელმძღვანელობა, რომელიც მედიას, ეკონომიკას, საზოგადოებას და სასამართლოს აკონტროლებს.

ყოფილი ვარდების რევოლუციონერების მთავრობას, რომელმაც 2004 წელს გადაიბარა ძალაუფლება, მართლაც აქვს წარმატებული რეფორმები გატარებული. მაგრამ არსებობს ხარვეზები. ბრძოლა კორუფციასთან, ადმინისტრაციის სრულყოფა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ინფრასტრუქტურის განახლება მნიშვნელოვანი პრობლემების პირისპირ. სამთავრობო პარტიას ძალაუფლება საკუთარ ხელში აქვს მობილიზებული. პოლიტიკოსების ნათესავებს გადამწყვეტი გავლენა აქვთ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში. იუსტიციის რეფორმაც იგვიანებს. განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები ქალაქში და სოფლის მოსახლეობა უმუშევარი დარჩა. ისინი ცდილობენ მცირე ვაჭრობით, ტაქსის მძღოლობითა ან მიწათმოქმედებით გადაირჩინონ თავი.

სერიოზული კონკურენცია ხელისუფლებისათვის

მილიარდერი ივანიშვილი ბადებს იმედებს, მაგრამ სკეპტიციზმსაც. მისი დაპირებებია სოფლის მეურნეობის განვითარება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა და გაზრდილი პენსიები. ზუსტად როგორ მოხდება ამის დაფინანსება, ჯერ ბოლომდე გაურკვეველია. ერთი რამ ცხადია: ადამიანებისთვის ფულის დარიგება, როგორც ის გასულ წლებში აკეთებდა, გრძელვადიანი სტრატეგია არ არის. მისი წარმატება იყო დანაწევრებული ოპოზიციის საკუთარ კოალიციაში გაერთიანება. მისი კოალიციის ოფისები მთელს ქვეყანაშია გახსნილი. მას აქვს გაზეთი, ინტერნეტ-სააგენტო და სატელევიზიო არხი რეპორტიორებით ყველა რეგიონში. ივანიშვილი აფინანსებს ასევე პიარ-აგენტებს და მრჩველებს, რომლებიც დასავლეთში საქართველოს მთავრობის სამსახურში მყოფ ლობისტებს ებრძვიან.

ივანიშვილი პირველია, რომელიც მმართველი პარტიისთვის სერიოზულ კონკურენტად იქცა. მთავრობა ცდილობს მილიარდერი პარტიების დაფინანსების ახალი კანონით შეზღუდოს. კონტროლის პალატამ ივანიშვილთან არაპირდაპირ დაკავშირებული ფირმა „გლობალ-ტვ“-ს ათასობით სატელიტური ანტენა დააყადაღა. ივანიშვილი დამატებით ათობით მილიონი ლარით დაჯარმდა, დროებით ბანკიც ჩამოართვეს. მიზეზი ის იყო, რომ კომპანიამ მოსახლეობას სატელიტური ანტენები თითქოს ფაქტიურად უფასოდ დაურიგა და ამით ამომრჩევლები მოისყიდა.

ოპოზიციონერებზე ჯაშუშობა უცხოეთში

გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ ციურიხში ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უთვალთვალებდა, რომლებიც შვეიცარიაში დევნილობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს ხვდებოდნენ. თუმცა მთავრობის სამსახურში მყოფი ორი ჯაშუში საკმაოდ თვალშისაცემად მოქმედებდა. ისინი დააკავეს და სამი კვირის შემდეგ გამოაძევეს საქართველოში, რასაც შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახურებიც ადასტურებენ.

ოპოზიციონერები და თავისუფალი ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ მათ ნათესავებს სახელმწიფო სამსახურებიდან ათავისუფლებენ. ეს უპირველეს ყოვლისა მასწავლებლებს ეხება. ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას ამის დადასტურება არ სურს. მისი თქმით, სახელმწიფო მოსამსახურეები მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ თავისუფლდებიან, თუ ისინი სამსახურის დროს პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევიან.

ხელჩართული ბრძოლა და ქვების სროლა

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ამასთანავე ირწმუნება, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ოპოზიციის დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ყველაზე მეტად გასულ კვირებში პატარა მიტინგების დროს ჰქონდა ადგილი შეხლა-შემოხლასა და ქვების სროლასაც კი. სანამ ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდოდა საქმე, თვითონ ივანიშვილი და მისი თანამშრომლები პირადად ხდებოდნენ შეტევის მსხვერპლნი. თავდამსხმელები ვითომდა სახელმწიფო ინსტიტუციების თანამშრომლები იყვნენ და არა უბრალო დემონსტრანტები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია უფრო დიდი დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობს, უმთავრესად სამეგრელოს რეგიონში, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთს ესაზღვრება. ის მთავრობას ბრალს სდებს გასამხედროებული დაჯგუფებების შექმნაში, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მოსახლეობაზე. ბოკერია ამასაც უარყოფს. მისი თქმით ეს მხოლოდ ჯარისთვის შექმნილი რეზერვია.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე განწყობა უკვე დაძაბულია და ქვეყანა პოლარიზებული. მნიშვნელოვანი შეკითხვაა ის, თუ რამდენად აღიარებენ მხარეები არჩევნების შედეგებს. დამოუკიდებელი საქართველოს 21-წლიან ისტორიაში ხელისუფლების კონსტიტუციურ ვადებში ცვლილების შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. ივანიშვილის დაპირება ასეთია: “რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მოვერიდებით ძალადობას. ჩვენ უარს ვიტყვით ქუჩაში გამოსვლაზე (დემონსტრაციის გამართვაზე) და კანონის დარღვევაზე”. ამასთანავე იგი დარწმუნებულია, რომ მისი კოალიციის პარტიები საპარლამენტო მანდატების ორ მესამედს მოიპოვებენ და იგი ოქტომბერში პრემიერ-მინისტრი გახდება. ორივე მხარის მოლოდინი დიდია.
foreignpress.ge