საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთში სტიქიით დაზიანებული 3500-ზე მეტი სახლის სახურავი უკვე გადახურულია და დანარჩენიც უახლოეს დღეებში გადაიხურება. კოალიცია „ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონის კოორდინატორი ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ სახურავების გადახურვა მხოლოდ ერთ-ერთი სეგმენტია იმ ღონისძიებებისა, რაც კახეთში მოსახლეობისთვის სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად უნდა განხორციელდეს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კარდაკარის პრინციპით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მონიტორინგი დაიწყეს, რისი შუალედური შედეგებიც დღეს წარმოადგინეს. მათი თქმით, თავად მაჟორიტარები სტიქიით მიყენებული ზარალის აღრიცხვას აწარმოებენ და საბოლოო შედეგს დაახლოებით ერთ კვირაში დადებენ.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებით, ის თანხა (80 მილიონი ლარი), რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად გადარიცხა, სრულიად საკმარისია იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც კახეთის რეგიონს მიადგა.
„ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონის კოორდინატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრობლემა გაცილებით ღრმა არის, ვიდრე ხელისუფლებამ ის შეაფასა.
„მათი შეფასება იყო ემოციური და გათვლილი იმაზე, რომ საკმარისი იქნებოდა, ამ ადამიანებისთვის მხოლოდ სახლების სახურავების გადახურვა, გარკვეული საყოფაცხოვრებო ნივთების და ჰიგიენური საშუალებების მიწოდება, მაგრამ რეალური სურათი გაცილებით უფრო მძიმეა, რადგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ძალიან დაზიანებულია. ჩვენი გათვლებით, საშუალოდ თითოეული ოჯახი 8-10 ათასი ლარით დაზარალდა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
მისივე თქმით, ეს არ არის ერთ სეზონზე ამოწურვადი პრობლემა, რადგან ნარგავები იმდენად დაზიანებულია, რომ მათ რეაბილიტაციას 2-3 წელი დასჭირდება, ზოგან კი შეიძლება სრულიად ახალი ნარგავების ჩაყრა გახდეს საჭირო. ამას ემატება საბანკო კრედიტების პრობლემა, მით უმეტეს, რომ ზოგს სწრაფი სესხი აქვს აღებული, რომლის საპროცენტო განაკვეთი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალია. ამიტომ, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ის ქმედებები, რაც ხელისუფლებამ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად განახორციელა, შეიძლება მხოლოდ პირველ ნაბიჯად ჩაითვალოს და არა იმად, რომ ამ ქმედებებით შეიძლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამასთანავე, ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ სახურავების გადახურვაზე მუშაობს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლს უფრო მნიშვნელოვანი დაზიანება აქვს, მხოლოდ სახურავის გადახურვა ხდება და სახლის შეკეთებას არც აპირებენ.
ირაკლი ქადაგიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით გარჩევა მოხდა. კერძოდ, მისი თქმით, თუკი ადამიანი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში არის შემჩნეული, მას ან სახლი გადახურვის რიგში არ აყენებენ, ან სხვა მსგავს პრობლემებს უქმნიდნენ. იგივეს ამბობს, გურჯაანში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ეუბნებიან - ბიძინა ივანიშვილი დაგეხმაროთო.
„როდესაც მოვა ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაეხმარება ამ ადამიანებს, მაგრამ აქ მხოლოდ სტიქიაზე არ არის საუბარი, სოფლად ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. ჩვენ თუ არ მივხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ორ ძირითად ფუნდამენტს ეფუძნებოდა - გლეხის მარჯვენას და კულტურას, არაფერი გამოგვივა. ფაქტიურად სოფელი გადაგვარებისკენ მიდის და თუ ასე გაგრძელდა, სოფელი დაიცლება. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, ეს დახმარება ხალხთან მივიდეს, თუ არადა, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეს აუცილებლად მოხდება“, - აცხადებს მანანა ბერიკაშვილი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა, რომელიც მან სტიქიით დაზარალებული კახეთის მაცხოვრებლებისთვის ჩარიცხა, სტიქიით დაზარალებულ ბევრ მოსახლემდე ჯერაც არ მისულა.
თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული აღნიშნავს, რომ თელავის რაიონი ყველაზე მეტად დაზარალდა, ვინაიდან უშუალოდ ქალაქიც მოყვა სტიქიის ზონაში და სოფლებიც. სამხარაულის განცხადებით, თუკი ქალაქის შემთხვევაში მხოლოდ საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები მოყვა სტიქიის ზონაში, სოფლებში ეს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და სავარგულებსაც შეეხო. შესაბამისად, ზარალის ოდენობაც განსხვავებულია.
„ჩვენს მიერ აღრიცხული მონაცემების თანახმად, ქალაქის შემთხვევაში თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალი საშუალოდ 3000 ლარს შეადგენს, სოფლად კი საშუალოდ 8-10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. მე საშუალო მონაცემებზე ვსაუბრობ, თორემ არის ოჯახები, რომლებმაც წლები მოანდომეს ვენახის, თუ რაიმე სხვა მრავალწლიანი კულტურის მოშენებას, ამაზე უამრავი ენერგია და თანხა დახარჯა და ზოგიერთი ოჯახის ზარალი 50 ათასი ლარსაც შეადგენს და მეტსაც“, - ამბობს გელა სამხარაული.
მისი თქმით, ამ კვლევის პროცესში ზარალის დასათვლელად სპეციალისტები მიწვეული არ ჰყოლიათ და ეს სავარაუდო ზარალიც თავად ადგილობრივების მიერ არის დათვლილი. გელა სამხარაული განმარტავს, რომ ამ აქციის მიზანი არის ზარალის რეალური ოდენობის განსაზღვრა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული ზარალის ანაზღაურების სქემა არასწორია. მისი თქმით, ის გრადაცია, რომელიც კახეთის მოსახლეობისთვი 300-დან 1500 ლარამდე ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს, ამ ზარალის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის.
„მოქალაქეები იმდენად სოლიდარულები არიან, რომ მაგალითად თელავში, იმ ოჯახებში, სადაც ზარალი მართლაც შეიძლება 300 ლარამდე თანხით ანაზღაურდეს, ამ ოჯახებმა ანკეტაც კი არ შეგვავსებინეს, გვითხრეს, რომ თავის თავს თვითონვე მიხედავენ, ჩვენ კი მოგვიწოდეს იმ მოსახლეობას დავეხმაროთ, ვინც უფრო მეტად დაზარალდა. აქვე გეტყვით, რომ ის 80 მილიონი, რომელიც ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა ირიბი ფორმით შეეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ხალხისთვის დახმარების გასაწევად, ამ მიზნისათვის სრულიად საკმარისია. ხელისუფლებამ კი ამის შემდეგ კახეთის მოსახლეობისთვის სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის თანხა გაზარდა, ანუ დაასახელა სულ სხვა მონაცემები, ვიდრე იყო ის, რაც ბატონი ბიძინას მიერ ამ თანხის გაღებამდე იყო მათ მიერ ნათქვამი. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ეს თანხა საკმარისი არ არის“, - აღნიშნავს სამხარაული.
„ქართული ოცნების“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რეალურად შეაფასოს კახეთისთვის მიყენებული ზარალი და აანაზღაუროს იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის დაპირების თანახმად, მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ზარალი სრულად ანაზღაურდება.
ყვარლის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი აცხადებს, რომ ის დახმარება, რასაც ხელისუფლება უწევს (მცირეოდენი სასურსათო პროდუქტის მიწოდების სახით) ან პირდება, ახლოსაც არ არის იმ ზარალთან, რაც ამ ადამიანებს მიადგათ.
„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კახელ გლეხებს ყურძნის ჩაბარების პერიოდშიც აღმოუჩინოს დახმარება. კერძოდ, ივანიშვილმა კახეთში სტუმრობისას ადგილობრივებს უთხრა, რომ წელს ყურძნის „რქაწითელის“ ჯიშის ჩასაბარებელი ფასი უნდა იყოს ერთი ლარი და თუკი ღვინის ქარხნები ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ამ თანხის შევსება ერთ ლარამდე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. კოალიციის წევრების განცხადებით, ივანიშვილი ხელისუფლებას სთხოვს, მიუთითონ მას ნებისმიერი გზა იმისთვის, რომ მან კახელ გლეხებს ეს დახმარება გაუწიოს.