ევროს გარშემო გადაწყვეტილებები პარლამენტებმა უნდა მიიღონ

ევროს გარშემო გადაწყვეტილებები პარლამენტებმა უნდა მიიღონ

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის, მარიო მონტის განცხადებას გერმანიის პრესაში, რომ, საერთო ვალუტის - ევროს - კრიზისის პირობებში, მთავრობების ხელმძღვანელებს მოქმედების მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ პარლამენტების მიმართ, ევროკავშირის კომისიის რეაქცია მოჰყვა. ეკონომიკის პროფესორი მონტი, რომელიც თავის დროზე ევროკომისარი იყო, „იტალიის მხსნელად“ იყო მიჩნეული და ბერლუსკონის მემკვიდრეობა ამიტომაც ჩააბარეს კრიზისის მენეჯმენტის მცოდნე სპეციალისტს. ის ფიქრობს, რომ თუ მთავრობები მთლიანად დამოკიდებულნი გახდებიან პარლამენტებზე, ეს ევროპის დაშლას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ინტეგრაციას. ეს მონტიმ გერმანიის „შპიგელს“ განუცხადა. მისი გამონათქვამები იმდენად კრიტიკულად იქნა აღქმული ბერლინში, რომ მონტის თავისი მოსაზრებების განმარტება დასჭირდა - დასჭირდა ეთქვა, რომ მას სრულიადაც არ მიაჩნია აუცილებლად ევროპაში პარლამენტების დასუსტება კრიზისის მოსაგვარებლად, რომ მას სრულიადაც არ სურს მთავრობების მიმართ პარლამენტების მაკონტროლებელი ფუნქციის დასუსტება, პირიქით, იტალიის პრემიერ-მინისტრის თანახმად, პარლამენტის ავტონომია აღმასრულებელი ორგანოების მიმართ კამათის თემა არ არის. მონტის პოპულისტური მიდრეკილებების პოლიტიკოსების მხრიდან, როცა მას ხარჯების დაზოგვა დასჭირდება, საფრთხე მოელის. თუმცა ის ამტკიცებს, რომ, კრიზისის მიუხედავად, იტალია სამაშველო ფონდებში კვლავ რიცხავს თანხებს. ეს პოპულისტური დინებები მონტის ხელს შეუშლის გაატაროს რეფორმები. მას ბევრი დრო არა აქვს. სექტემბერში, როცა იტალიელები შვებულებებიდან დაბრუნდებიან, ისინი შეიძლება, ესპანელების მსგავსად, ქუჩაშიც გავიდნენ. და თუ ამას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა, იტალიის მოსახლეობას შეიძლება შანსი მიეცეს ევროპასაც უყაროს კენჭი. იტალიას უწევს მომჭირნეობა და ხარჯების შემცირება და, სხვა ზომებთან ერთად, მონტის მთავრობამ თავიდანვე გამოაცხადა, გადასახადების ურჩ გადამხდელებს და, საერთოდ, საფინანსო სფეროში თაღლითობას ფართომასშტაბიან ბრძოლას გამოვუცხადებთო. ახლა მთავრობა უმუშევრების და ინვალიდების სოციალური დახმარების საქმეში წესრიგის დამყარებას ცდილობს. იტალიის საფინანსო პოლიციამ გამოავლინა 3 400 პირი, რომლებიც შრომისუუნაროებად და ღარიბებად იყვნენ რეგისტრირებული და უსამართლოდ იღებდნენ პენსიებსა და სოციალურ დახმარებას. მათ გამო სახელმწიფომ 60 მილიონი ევროს ზარალი ნახა. პასუხისგებაში მისცეს იტალიის 400 მოქალაქე, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ, შინ „ღარიბებად“ იყვნენ გაფორმებული და სოციალურ დახმარებას იღებდნენ. მათ 9 მილიონი ევროს დაბრუნება მოუწევთ სახელმწიფოსთვის.

ეს, რაც შეეხება ევროს გარშემო შექმნილ კრიზისს იტალიაში. ახლა თემას შევცვლით და საარჩევნო სფეროზე გიამბობთ.

პირველი ცნობა გერმანიას შეეხება. ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, განუმტკიცოს არჩევის უფლება გერმანიის უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს. ადრინდელი კანონი, რომ გერმანიის უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში უნდა ეცხოვრათ გერმანიაში, რათა საფოსტო გზით მიეღოთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, სასამართლომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია. საქმე ეხება ბელგიაში დაბადებულ გერმანიის ორ მოქალაქეს, რომლებმაც საჩივარი შეიტანეს მათთვის არჩევის უფლების წართმევის გამო. მათ, უბრალოდ, არ ეცხოვრათ გერმანიაში უწყვეტად სამ თვეს და ამიტომ არ დართეს ნება 2009 წლის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის არჩევნებზე გავლენას ვერ ახდენს. საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრის არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგი იყო ამ სამთვიანი წესის გაუქმებისა: მოსამართლე გერტრუდე ლიუბე-ვოლფის აზრით, პრობლემაა არჩევის უფლების მქონესა და გერმანიას შორის რეალური კავშირის „დაბალი ხარისხი“. მისი თქმით, „უცხოეთში მცხოვრები გერმანელების შვილების მიერ მემკვიდრეობით მიღებული არჩევის უფლება აღარ არის დემოკრატიული თვითგამორკვევის აქტი“.

ლიტვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხება შემდეგი ცნობა: ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, როლანდას პაკსასი, ამჟამად ევროპარლამენტის დეპუტატი, ოქტომბერში ამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩაებმება. 56 წლის პაკსასი თავისი პარტიის „წესრიგი და სამართლიანობა“ მთავარი კანდიდატი იქნება. ის 2004 წელს - მას მერე, რაც თითქმის ერთი წელი იყო პრეზიდენტი - პარლამენტმა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო გადააყენა. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ევროპის საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში. პაკსასი იყო პირველი პრეზიდენტი ევროპაში, რომელიც პარლამენტმა გადააყენა.

დაბოლოს, რამდენიმე სიტყვით შევჩერდები სპორტზე, ფეხბურთზე ევროპაში. ევროპის ფეხბურთის ფედერაცია, უეფა, იძიებს ახალ შემთხვევას, როცა არის ეჭვი, რომ თამაშის შედეგის მანიპულირება მოხდა. ლაპარაკია ნორვეგიის კლუბ „ელესუნდის“ და ალბანეთის „ტირანას“ საკვალიფიკაციო მატჩზე. პირველი შეხვედრა მათ შორის დასრულდა ფრედ - 1:1. უეფას თანახმად, მეორე თამაშის შედეგს უკავშირდება ეჭვი, რადგან უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ადამიანებმა დადეს ფული ნორვეგიის გუნდის 5:0-ით გამარჯვებაზე. ამ ეჭვის გამო ნორვეგიის ტოტალიზატორმა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, ნორვეგიის ეროვნულმა ფედერაციამ კი საქმე უეფას გადააბარა. ფედერაცია თაღლითობაში ნორვეგიის კლუბის მონაწილეობას გამორიცხავს. ტირანამ ბრალდება უარყო.