კრეგ სმიტი:

კრეგ სმიტი: "როცა ადამიანები პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს"

ამერიკულმა კომპანია „Penn Schoen Berland“-მა დაასრულა საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევა. 3-15 ივლისს გამოიკითხა 1980 ამომრჩეველი, რომლებიც 1 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში.

კვლევის დროს გამოყენებულ იქნა „ფარული ბიულეტენის“ მეთოდოლოგია: ამომრჩევლებს დაუსვეს შეკითხვა, რომელსაც მას რეალურ საარჩევნო ბიულეტენში უსვამენ. ამ მეთოდით რესპონდენტი აკეთებს არჩევანს, ბიულეტენს ათავსებს კონვერტში და ლუქავს. ამის შემდეგ დალუქულ კონვერტს დებს შავ, გაუმჭვირვალე პარკში, რათა ინტერვიუერებმა არ იცოდნენ, თუ რა არჩევანი გააკეთა რესპონდენტმა. ეს მეთოდიკა გამოყენებულ იქნა ამომრჩევლის შიშის ფაქტორის შესამცირებლად, რომელიც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული მკვლევრებისა და ანალიტიკოსების მიერ საქართველოში.

კვლევა გვიჩვენებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთი პუნქტით უსწრებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 42 % უჭერს მხარს, ხოლო მმართველ პარტიას - 41%. სხვა პარტიებმა 8 % დააგროვეს. კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 4% - „ქრისტიან-დემოკრატებს“, 3% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 1% კი „ახალ მემარჯვენეებს“ დაუჭერდა მხარს.
კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნებას,“ რომელიც თბილისში ლიდერობს, დედაქალაქში 55 წელს გადაცილებული ამომრჩეველი ჰყავს. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰყავს ამომრჩეველი, ასევე, მისი მხარდამჭერია 30 წლამდე მოსახლეობა. როდესაც რესპოდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ძირითადი ლიდერების შესახებ, „ქართული ოცნების“ ლიდერის უპირატესობა 1-დან 9 პუნქტამდე გაიზარდა (46 % - „ქართული ოცნება“, 37 % - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).

ნაწილობრივ ამის მიზეზი ბოლო დროს მთავრობის მიერ „ქართული ოცნების“ და მისი წევრების შევიწროებაზე ამომრჩევლების ნეგატიური დამოკიდებულებაა. ამომრჩევლების 81 %-ს მიაჩნია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სახელმწიფოს მხრიდან მცდარი ნაბიჯი იყო და, რომ მას უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეობა. 63 %-ს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან ჩამოეშორებინათ.

მთავრობის უკანასკნელი მცდელობები - ნება დაერთო ივანიშვილისთვის ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და, ამავდროულად, შეეზღუდა მისი სხვა პოლიტიკური უფლებები - არ მოსწონს რესპოდენტთა 66 %-ს. მათ მიაჩნიათ, რომ „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლება ზღუდავს ივანიშვილის უფლებებს მოქალაქეობის ჩამორთმევით და ამავდროულად, ქმნის სამართლიანობის ილუზიას“.

ამომრჩევლების 81%-ს სმენია ივანიშვილზე დაკისრებული ჯარიმის შესახებ. აქედან, 62 %-ის აზრით, „ეს იყო ხელისუფლების მცდელობა, მიესაკუთრებინა ივანიშვილის ფული და გამოეყენებინა თავისი მიზნებისთვის. ამდენად, ივანიშვილი მართალია, როდესაც უარს ამბობს ჯარიმის გადახდაზე“. მხოლოდ 21 % ფიქრობს, რომ ჯარიმა სამართლიანია და ივანიშვილმა უნდა გადაიხადოს.

ზოგადი სიტუაციის მხრივ, ამ კვლევის თანახმად, სურათი ასეთია: ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, - ასეთნაირად ფიქრობს 47 % - 43%-ის წინააღმდეგ. ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - ფიქრობს 49 % - 40 %- წინააღმდეგ.

ამომრჩევლების 58 %-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანაში კარდინალური ცვლილებებია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 60% საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს, ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაა საჭირო. მეტიც, საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხით შეშფოთებულია.
სამუშაო ადგილები და ეკონომიკა უმთავრესი პრობლემაა ქვეყნისთვის. 73 % თვლის, რომ უმუშევრობა უმთავრესი საკითხია ქვეყნის წინაშე, 53 % ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარება მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს. 

საინტერესო ფაქტია, რომ, როდესაც ამომრჩევლებს ჰკითხეს, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად ახალი სამუშაო ადგილების პრობლემას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ორივე კითხვაზე ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს, 12 პუნქტით (48 %-36% ორივე კითვაზე).

საზოგადოებას სულ უფრო მეტად აწუხებს დემოკრატიისა და თავისუფლების თემა - 4-დან 1 ადამიანი ამართლებს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიზაციის  მიმართულებით; 5-დან 1 -ზე ნაკლებს მიაჩნია, რომ ხელისუფლება გამჭვირვალეა თავის ქმედებაში. 

ცნობისთვის, „პენ შონ ბერლანდი“ მსოფლიოში მარკეტინგულ კვლევებს აწარმოებს, მუშაობს ასზე მეტ ქვეყანაში. ისეთ კორპორაციებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: მაიკროსოფტი, ინტელი, ფორდ მოტორსი. რაც შეეხება პოლიტიკურ არენას, „პენ შონ ბერლანდი“ ჩართული იყო 30-ზე მეტი სახელმწიფოს საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის, პრეზიდენტ ბილ კლინტონის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის და იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის საარჩევნო კამპანიებში. სწორედ „პენ შონ ბერლანდი“ იყო ნიუ-იორკის მერის მაიქლ ბლუმბერგის და ჰილარი კლინტონის მრჩეველი.

შეგახსენებთ, აღნიშნული კვლევა „პენ შონ ბერლანდმა“ ჩაატარა „ევროპული პლატფორმა საქართველოში დემოკრატიის განვითარების (Epdig)“-ის დაკვეთით.           

For .ge „პენ შონ ბერლანდის“ ხელმძღვანელს კრეგ სმიტს ესაუბრა, რომელიც თავის დროზე თეთრ სახლში პრეზიდენტ კლინტონის ასისტენტად და თეთრი სახლის პოლიტიკურ დირექტორად მუშაობდა და პრეზიდენტ კლინტონისა და პირველი ლედის პოლიტიკურ აქტიობას კოორდინაციას უწევდა. მისი თქმით, აღნიშნულ განსხვავებულ მეთოდოლოგიას (ანუ შიდა დალუქულ ტესტს) ისინი ყველა ქვეყანაში არ იყენებენ, არამედ ამ მეთოდს იყენებენ იმ ქვეყნებში, სადაც ამომრჩევლების დაშინების მაღალი დონეა, ან, სადაც იმ მოსახლეობის დიდი რაოდენობაა, რომლებიც ცდილობენ, პასუხი არ გასცენ დასმულ შეკითხვებს.

„ამ მეთოდოლოგიის არსი ის არის, რომ „ვავიწროებთ“ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც უარს აცხადებენ პასუხის გაცემაზე,“ - აცხადებს კრეგ სმიტი.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ კი კრეგ სმიტი დარწმუნდა, რომ საქართველოში ახალგაზრდობა უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი მომავლის მიმართ, ვიდრე ასაკოვნები.

გარდა ამისა, ე.წ. საარჩევნო კამპანიის სიმულაციით ჩატარებულმა გამოკითხვამ ტრადიციულად აჩვენა, რომ საქართველოში ინსტიტუციებს შორის სანდოობით გამოირჩევა ეკლესია (93%), პატრული (82%), პოლიცია (69%)...

კრეგ სმიტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანებზე ხშირად ჩნდებიან ქართველი პოლიტიკოსები, მოსახლეობა მაინც აცხადებს,  რომ მათ ამ პოლიტიკოსების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ და ამიტომაც უჭირთ იმის თქმა, მოსწონთ თუ არა ისინი. ამის გამო კრეგ სმიტი ასკვნის, რომ მასმედიას არ აქვს საკმარისი შეღწევადობა ყველა ოჯახში. მაგალითად, აშშ-ში ადამიანი რომ გააჩერო, მათი 96 % იტყვის, რომ ობამას შესახებ წარმოდგენა ნამდვილად აქვს, საქართველოში კი პრეზიდენტის შესახებ 90 % გპასუხობს, რომ მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია. ეს კი იმ ფონზე, როცა საქართველოში სააკაშვილი ყველაზე ცნობადი პირია (81 %-ისთვის). რაც შეეხება სხვა პარტიებს, აღნიშნულ კვლევაში ძალიან პატარა პარტიებზე აქცენტი არ გაკეთებულა.    

ფიქრობთ, რომ საარჩევნო კამპანიის სიმულაციის მეთოდის გამოყენებამ საქართველოში გაამართლა?

კრეგ სმიტი: ჩემი აზრით, არჩევნების სიმულაცია ასეთ ქვეყნებში უფრო ზუსტ შედეგს იძლევა, რადგან მაღალია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსისა და არჩევნებში კონკრეტული პირისთვის ხმის მიცემის  შესახებ კონკრეტული პასუხი არ აქვთ. NDI-ს გამოკლვევას თუ ავიღებთ, სადაც ბევრი ადამიანი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და მის კომბინირებას მოვახდენთ, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ეს გვიჩვენებს სტატისტიკურ ჩიხს. ისტორია გვიჩვენებს და ხშირად ასევე ხდება სხვა ქვეყნებში, როცა ადამიანები პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს. მაგალითად, გასულ წელს ალბანეთში არჩევნების წინ მოსახლეობის გამოკითხვა ჩავატარეთ, 95 %-მა აზრის წინასწარ დაფიქსირებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ყველამ ხმა მისცა ოპოზიციას.

რა დაგანახათ ამ გამოკვლევამ?

- ეს მონაცემები გავუგზავნე აშშ-ში, NDI-ს, IRI-სთისაც მინდოდა ხმა მიმეწვდინა, მაგრამ ქალაქში არ აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ეს არის გამოკვლევა, ეს არის სტატისტიკური მონაცემებით დატვირთული რბოლა. გამოვლინდა, რომ შემცირდა ისეთი ამომრჩეველის რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას; გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი,  თბილისში კი ამომრჩველთა გადაწყვეტილების ტენდენცია გამოვლინდა და „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

NDI-ს, IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია, რადგანაც გამოითქვა აზრი, რომ საქართველოში მოსახლეობა დაშინებულია და საერთოდ არ ღირს სოციოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.

- სწორედ ამიტომაც არ დავიშურეთ ძალისხმევა, რომ გამოგვეყენებინა ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც შეამცირებდა ან აღმოფხვრიდა ამ შიშის ფაქტორს, ამიტომაც დავარიგეთ გასაიდუმლოებული ფურცლები, კონვერტები და შევქმენით არჩევნების იმიტაცია. საქართველოში შიშის ფაქტორის შესახებ წარმოდგენა ჩვენი გამოკვლევის შედეგად კი არ შევიქმენით, არამედ სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე. სწორედ NDI-ს, IRI-ს კვლევების საფუძველზე, სადაც იმ რესპონდენტების უზარმაზარი რაოდენობაა, რომლებიც უარს ამბობენ პასუხის გაცემაზე. ეს არის პირდაპირი ჩვენება იმისა, რომ გარკვეული შიში არსებობს.

არსებობს აზრი, რომ უცხოური კომპანიების (NDI-ს, IRI-ს) მხრიდან ჩატარებული გამოკვლევები სახელმწიფოს დაკვეთაა და გავლენას მოახდენს არჩევნებზე.

- არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

მაშინ ის მაინც გვითხარით, თავად თუ ენდობით NDI-სა და IRI-ს კვლებს?

- მე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და არ ვიცი.