ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კვლავ რუსული საფრთხობელის ამოქმედებას გემავს, ერთის მხრივ რუსეთიდან მოსალოდნელ ომის საფრთხეზე საუბრობს, მეორე მხრივ, ცდილობს, მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა რუსული ინტერესების გამტარებლად წარმოაჩინოს.
იმდენი იძახა საქართველოს ხელისუფლებამ ომის საფრთხე ახლოვდებაო, სამხედრო წვრთნების თაობაზე მოსკოვმა საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა.
მოსკოვში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება „ზედმეტი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“ მიიღეს, ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის მოადგილემ ალექსანდრ პოსტნიკოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, შეიცვალა პირველადი გეგმა და სწავლებას გამოეთიშებიან აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში განთავსებული რუსული ბაზების ქვედანაყოფები. გარდა ამისა, პოსტნიკოვის თქმით, სწავლებას უშუალოდ რუსეთის სამხედრო ძალები გაივლიან მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე.
ერთი მხრივ რუსეთი საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, ხოლო მეორე მხრივ არ წყდება საომარი რიტორიკა არც ქართული და არც რუსული მხრიდან საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რიგ-რიგობით საუბრობენ მოსალოდნელი ომის საფრთხეებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, როგორც ყოველთვის, ქართული მხრიდან პროვიკაციას არ გამორიცხავს.
კარასინის თქმით, 14 აგვისტოს, ქართული-აფხაზური კონფლიქტიდან 20 წელი სრულდება და ის არ ისურვებდა მაშინდელი მოვლენების განმეორებას. მისი განმარტებით, „რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ განმეორდეს ეს მოვლენები. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აგრესიულ განცხადებებს, მსოფლიო უკვე შეეჩვია ამ პოლიტიკოსის თავშეუკავებელ განცხადებებს“, -აცხადებს კარასინი.
კარასინი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების თავში ჯერ კიდევ დევს ტერიტორიული მთალიანობის ძალისმიერი გზით აღდგენის რევანშისტული სცენარი და არ გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ პროვოკაციებს.
კარასინი 2008 წლის აგვისტოს პერიოდსაც იხსენებს და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციაც შეაფასა. კარასინი თვლის, რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი აგვისტოს ომის დროს დასრულდა და დღეს უკვე აღარ არსებობს.
მისივე შეფასებით, 2008 წელს საქართველომ ძალისმიერი მეთოდებით თავად გამოიწვია ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმოშობა.
კარასინი აგრეთვე აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არასტაბილური სიტუაციაა, რასაც ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ „ახლადჩამოყალიბებულ რესპუბლიკებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა ძალით ცდილობს შეჭრას“.
კარასინის თქმით, თბილისი ინფორმაციული დივერსიის მეთოდებს აქტიურად იყენებს. ამის ნათელ მაგალითად რუს დიპლომატს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასა და მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელებული ჭორები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, შემოდგომაზე ომია მოსალოდნელი. მსგავსი ცნობები კარასინის თქმით, პროვოკაციის რისკს ზრდის.
ქართული მხარის მიერ პროვოკაციების აგორება საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა მომავალ არჩევნებსაც დაუკავშირა.
„არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია იწყება, ვფიქრობ, რეგიონში ახალი პროვოკაციების ორგანიზებით შიდაპოლიტიკური მიზნების მიღწევის ცდუნება დიდი იქნება“, - განაცხადა კარასინმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ არის 2008 წლის აგვისტოს ომის განმეორების საფრთხე – კარასინი აცხადებს, რომ „საომარი ავანტიურებისადმი მიდრეკილი საქართველოს ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერია“.
როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, კარასინის ამგვარ განცხადებებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, „რადგან ეს უკვე სტანდარტია, კარასინის განცხადებები ერთად რომ შევკრიბოთ, განსხვავებას ვერ ვნახავთ“.
არსებობს თუ არა რეალური საფრთხე იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი განახლდება და რატომ აპელირებს ხან ერთი, ხან მეორე მხარე ომის საფრთხეზე, მაშინ, როდესაც ექსპერტების შეფასებით მსგავსი წინაპირობა არ ჩანს.
პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ მაშინ იყო ფაქტორების ისტორიული კომბინაცია, რომელმაც მაშინ მოვლენათა ასეთი განვითარება განაპირობა, ახლა არის სხვა კონფიგურაცია და არ შეიძლება მოვლენები ანალოგიურად განვითარდეს.
სოსო ცინცაძე: „რუსეთი თავს იზღვევს მომავალი ბრალდებებისგან, იმ შემთხვევისთვის, თუ კიდევ ერთხელ მიმართავს აგრესიას, ისე როგორც 2008 წლის შემდეგ ამერიკას ეუბნებოდა, ხომ გაფრთხილებდით, რომ სააკაშვილი ომს აპირებდაო.
ახლაც იგივეა, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს იმის წინაპირობა, რომ რუსეთს მსგავსი რამ დაგეგმილი აქვს. ეს განპირობებული იქნება ბევრი ფაქტორით მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე ირანის მოვლენები როგორ განვითარდება, ნაკლებად მნიშვნელოვანი სირიის საკითხი.
იმ შემთხვევისთვის, ირანში როგორ განვითარდება მოვლენები, რუსეთი მომავალი ქმედებების თვალსაზრისით თავს იზღვევს,“- მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება კონფლიქტურ ზონებს, სადაც როგორც ქართული ასევე რუსული მხარე პროვოკაციებს „ელოდება“, სოსო ცინცაძე თვლის, რომ ახლა მსგავსი რამ ამ ტერიტორიებზე ვერც იქნება, რადგან რუსეთს ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული და მოსკოვი ვერ იტყვის ოსები ან აფხაზები არ მემორჩილებიანო.
„ამიტომაც აგრესიის რეალურობა დღეს ნაკლებია, ვიდრე იყო 2008 წელს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც რუსეთთან გვაქვს საქმე, გამორიცხული არაფერი არ არის. თუმცა, ჯერჯერობით, რუსეთი გადართულია სექტემბრის მანევრებისთვის მზადებაზე, გარდა ამისა, ერთი მომენტია, რომ რუსეთს კარზე აქვს მომდგარი ოლიმპიადა, ამიტომ კრემლში სამჯერ მაინც დაფიქრდებიან, ვიდრე ახალ აგრესიას წამოიწყებენ. ვინაიდან ახლა რუსეთის მხრიდან აგრესიის წამოწყება, როგორც მინიმუმ ოლიმპიადის ჩაშლაა - ბოიკოტი ოლიმპიადაზე - ამაზე რუსეთი არ წავა, თუ რაღაც განსაკუთრებული მოტივაცია არ ექნა“,- აცხადებს ცინცაძე.
პოლიტილოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, შემთხვევითაც არ მოხდა, ის, რომ რუსეთი საქართველოს საზღვართან ახლოს ატარებს წვთნებს და ისიც, რომ პირველ ოქტომბერს დანიშნულია საქართველოში საპარტლამენტო არჩევნები.
„გასხვისებულია ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა ასეთ ვითარებაში ფართომასშტაბიანი წვრთნები არის ყოველთვის რისკის მატარებელი, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ომის საშიშროება სერიოზულია. ომის საფრთხე უმნიშვნელოა, ამის შესახებ ძალიან კარგი გაფრთხილება მისცა აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც თქვა უკეთესი იქნება, საქმეს მიხედოთ და ომსა და წვრთნებზე ზედმეტი ლაპარაკი არ არის საჭიროო. გულისხმობდა იმას, რომ რაც უფრო ვაღვივებთ თემას, რომ შესაძლოა, რუსეთმა ჯარი შემოიყვანოს, აფხაზები ოსები და რუსები იტყვიან, რომ ჩვენ თვითონ ვამზადებთ პროვოკაციას და ამიტომაც ვლაპარაკობთ ამდენს ამ წვრთნების შესახებ“, - მიიჩნევს გოგი ხუციშვილი.
როგორც ხუციშვილი განმარტავს, ის რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია სუვერენულ ქვეყანაში შეჭრა, ასე არ არის.
„2008 წლის ომის დროს ჩვენ მივეცით საბაბი და რუსეთი ამიტომ შემოიჭრა. რუსეთი ელოდება საბაბს, მივცემთ საბაბს - შემოიყვანს თავის ჯარს, არ მივცემთ საბაბს - ვერ შემოიყვანს“, - ამბობს ხუციშვილი.
თუკი ომის საფრთხე და არც მისი წინაპირობა არ არსებობს, მაშინ საინტერესოა, რა აქვს ჩაფიქრებული ერთი მხრივ საქართველოს ხელისუფლებას, მეორე მხრივ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს, როდესაც მოსალოდნელი ომის თემას დროგამოშვებით ააქტიურებენ.
ამ შემთხვევაში სოსო ცინცაძე ომის საფრთხის შეხსენებაში პრობლემას ვერ ხედავს და როგორც ის განმარტავს: „თეორიულად არ არის გამორიცხული, სანამ რუსეთში ეს ხელისუფლებაა და საქართველოსა და რუსეთს შორის არის ის ვითარება, რაც არის, ვიდრე რუსეთს არ შეუსრულებია მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულება, რასაკვირველია, ამის საფერთხე არსებობს. ამიტომ, შეხსენება, რომ საფრთხე არსებობს ეს რეალობაა. თუმცა თუ წვრთნებს არ გავითვალისწინებთ, აქტიური სამზადისი რუსეთში არ შეინიშნება“, - მიიჩნევს ცინცაძე.
გოგი ხუციშვილი: „ჩვენი ხელისუფლების მოტივაციას თუ გავყვებით რისთვის სურს ამ თემის წამოწევა, ეს უკავშირდება იმას, რომ მისი სცენარის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია ასრულებენ რუსეთის გეგმას. რომ მთელი „ქართული ოცნება“ იმისთვის არის შექმნილი, რომ არჩევნებში გამარჯვებით ან არჩევნების დროს არეულობის შექმნით განაპირობოს რუსეთის შემოსვლა საქართველოში და საქართველოს დაპყრობა. მართალია არ ვთვლი, რომ ამაში იოტისოდენა სიმართლე მაინც არის, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას ასეთი შეთქმულების თეორია აწყობს.
რეალური მიზეზი იმაშია, რომ რუსეთი ამ ხელისუფლებას უყურებს როგორც ავანტურისკენ მიდრეკილს და ელოდება შემთხვევას, რომ თუ არჩევნების დროს საქმე კარგად არ წაუვა, არ გამორიცხავს, ამ ხელისუფლებამ სასაზღვრო ზონებში სიტუაციის პროვიოცირება მოახდინოს, გაამკაცროს სიტუაცია, ქვეყანაში სამხედრო წესები შემოიტანოს და ამით რაღაც გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ხმები სათავისოდ ვერ აიღეს. ეს არის რუსეთის ზომები იმ შიშზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია.
შეიძლება რუსეთს აწყობდეს კიდეც, რომ საქართველოს მხრიდან წამოვიდეს რაღაც საბაბი და აქ ჯარი შემოიყვანონ, მაგრამ არა იმისთვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება, რადგან მათ იციან, რომ სამხედრო აგრესიის გზით საქართველოში თავიანთ ძალაუფლებას ვერ დაამყარებენ, ეს გამორიცხულია. რუსებს ერთადერთი ჰგონიათ, რომ ჩვენთან არჩევნების დროს შეიძლება მოხდეს არეულობა და ამ არეულობის დროს დაგვაკარგინოს უფრო მეტი ტერიტორიები. აქ თუ წყალი აიმღვრა, რუსები თავიანთ თევზს დაიჭერენ“.
სხვათა შორის, მსგავსი მოსაზრება, რომ ახლა რუსეთი კოალიცია „ქართული ოცნების“ მეშვეობით ცდილობს საქართველოში შემოჭრას, კიდევ ერთხელ გორის სამხედრო აკადემიაში სტუმრობისას აღნიშნა სააკაშვილმა, სადაც ჯარისკაცებს არწმუნებდა, რომ ომი მოიგო.
„რაც არ უნდა იოცნებონ კრემლში და მათმა ადგილობრივმა დამქაშებმა საქართველოში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება. ქართველ ხალხს კრემლის ოცნებების გვერდის ავლით განვითარების სხვა გეგმები აქვს. 4 წლის წინ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების დროს ქონდა მკვეთრად გამოკვეთილი 3-პუნქტიანი გეგმა - დაემხო საქართველოს მთავრობა, მისთვის დაეკარგა გეოპოლიტიკური ფუნქცია და ხელი შეეშალა ერთი მხრივ, ნატო-ს გაფართოებისთვის და მეორე მხრივ, საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებით უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების მიღებისთვის, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა, მისივე განმარტებით, „ოკუპანტმა მიზანს ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ის გამარჯვებული არ არის“.
რაც შეეხება ახალ საფრთხეებს, როგორც სააკაშვილი აცხადებს, მრავალი პროვოკაციის და საბოლოოდ ღია სამხედრო აგრესიის მეთოდების წარუმატებლობის შემდეგ კრემლში საქართველოს დამორჩილების ახალი გეგმები მუშავდება, რომელიც ისევ საბჭოთა ოცნებებს ემყარება და კრემლში ამ ოცნების ასრულების ახალ გზას საქართველოს შიგნიდან გატეხვაში ხედავენ.
ერთი რამ ნათელია, ოღონდ კი ხელისუფლება არ დათმოს, სააკაშვილი ხან ომზე ლაპარაკობს, ხანაც რუსეთის აგენტებზე, თუმცა ახსნა იმისა, რატომ დაამთხვია არჩევნების თარიღი მაინც და მაინც იმ დროს, როდესაც რუსეთს წვთნების ბოლო დღეები აქვს, ძნელად მოსაძებნია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ან ოქტომბრის ბოლოს როდესაც „კავკასია 2012“ დასრულებული იქნებოდა, ომის საფრთხეზე ლაპარაკი უკვე უადგილო იქნებოდა, თუმცა ძნელია, ახსნა მოუძებნო, რატომ დანიშნა არჩევნები სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს, ორშაბათს და თანაც „ბიძინაობას“, იმ დღეს, როდესაც ქართული ეკლესია ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს ზეიმობს.
გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ დადასტურებით ლაპარაკი შეუძლებელი იქნება, „მაგრამ ვფიქრობ მაინც ეს იმით იყო განპირობებული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოასწროს ყველა რეგიონში გასვლა და ძალების კიდევ უფრო მოკრება.
იმასაც არ გამოვრიცხავ, დაძაბულობის და რუსეთის შემოჭრის საფრთხე უფრო ცოცხლად უნდათ გაათამაშონ. ხშირად ვხედავ რომ რუსეთსა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შორის არის ინტერესების თანხვედრა“,- ამბობს გოგი ხუციშვილი.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაახმაურა, არის 27 ივლისის საიდუმლო შეხვედრა.
„27 ივლისს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ დიცსა და ოკუპირებულ ერედვს შორის არსებულ საზღვართან. ერთმანეთს შეხვდნენ რუსი სამხედროები და ქართველი მაღალჩინოსნები. ვინ იყვნენ ისინი, კონკრეტულად ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ კარავი გაიშალა, მოლაპარაკება ჰქონდათ ამ კარავში და ეს მოლაპარაკება პურ-მარილით დამთავრდა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
თუკი გამორიცხული არაფერია, საინტერესოა, რა მოილაპარაკეს რუსმა და ქართველმა მაღალჩინოსნებმა, ვარაუდებისა და ეჭვების დონეზე. ლოგიკას მოკლებული არ არის ვიფიქროთ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია საკუთარ ხალხს ტელევიზიით მოდელირებული ომის ქრონიკა უჩვენოს, არ გაუჭირდება რუს ოფიცრებთან ერთად ერთი პატარა ომი ან პროვიკაციაც გაათამაშოს, მითუმეთეს, რომ ეს პირველი ნამდვილად არ იქნება ჩვენი უმაღლესი ხელისუფალისგან - რამდენიმე წლის წინ პიარისთვის დასჭირდა და სააკაშვილმა რუს ოფიცრებს აფხაზეთის საზღვართან სულ „კუდით ქვა ასროლინა“, თანაც „რუსთავი 2-ის“ კამერის თანხლებით. ჟურნალისტებმა მაშინვე გაარკვიეს, რომ ეს საგანგებოდ დადგმული სცენა იყო, ხალხს კი, ალბათ, ისევ სჯერა, რომ სააკაშვილმა რუს ოფიცერს შიშველი ხელებით ავტომატი წაართვა და სულ პანღურის რტყმით გააგდო აქედან.
ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია საკუთარი ხალხი ასე აბუჩად აიგდოს, ალბათ ეყოფა სინდისი იმისათვისაც, რომ როცა დასჭირდება, არჩევნების დროს, ან მის შემდეგ ცოცხალი შესრულებით, ხალხს ომის სცენაც დაუდგას, რა მნიშვნელობა აქვს, ამას ვინმე დაიჯერებს თუ არა, მთავარია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება და ის მრავალი სიკეთე არ დაკარგოს, რაც ამ ძალაუფლებით მოიპოვა და დააგროვა.