შემცირების ნაცვლად გაზრდილი სია

შემცირების ნაცვლად გაზრდილი სია

ბოლო წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბების ძირითად მექანიზმად ამომრჩეველთა გაბერილ სიას ასახელებენ და ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ამ სიაზე მუდმივად დავა მიმდინარეობს. თუკი იმას გავითვალისწინებთ, როგორ ხდებოდა ამ სიაში 10, 20 და 30 წლის წინ გარდაცვლილების აღმოჩენა, როგორ აძლევდნენ ხმას საზღვარგარეთ მყოფნი საქართველოს ტერიტორიაზე, ოპოზიციის ეს დავა და უკმაყოფილება გასაკვირიც აღარ არის.

საზოგადოებაში ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არსებობს იმის განცდა, რომ ამომრჩეველთა სიები ხელოვნურად არის გაზრდილი როგორც გარდაცვლილთა, ასევე საზღვარგარეთ მყოფთა ხარჯზე და ამას ხელისუფლება ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს.

საქმე ის არის, რომ ქართული კანონმდებლობით ხელოვნურად გაზრდილი სიით ორმაგი მანიპულირებაა შესაძლებელი. ერთი ის, რომ სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით შესაძლებელი ხდება მათი ხმების გამოყენება, ვინც არჩევნებზე არ მივიდა და მეორე მხრივ, არჩევნების შედეგები ითვლება არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობიდან. ამიტომაც, საარჩევნო სიები მუდმივად დავის საგანს წარმოადგენს.

ამომრჩეველთა სიის გასწორებაზე საუბარი ჯერ კიდევ შარშანწინ დაიწყო, როდესაც ე.წ. „რვიანმა“ საარჩევნო პრობლემების მოგვარება მოისურვა. შეგახსენებთ, რომ მაშინ სხვადასხვა მეთოდი მუშავდებოდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ სიის გასწორება და საბოლოოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსახლეობის აღწერის მოთხოვნაც კი დასახელდა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა.

მერე „რვიანიც“ დაიშალა და ხელისუფლებამ ე.წ. ამომრჩეველთა სიების დამდგენი კომისია შექმნა, რომელსაც იმ დროისთვის ხელისუფლებასთან უკვე კონსტრუქციულ დიალოგში მყოფი „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი, მამუკა კაციტაძე ჩაუყენა სათავეში. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ხელისუფლებას უკვე „აღარ ახსოვდა“, რომ მანამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე „ახლები“, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კატეგორიულად ითხოვდნენ თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას და ხელისუფლება მათ ამისთვის არაკონსტრუქციულებად მოიხსენიებდა.

კონსტრუქციულად ქცეული კაციტაძის კომისიის დახმარებით კი ცესკომ ორი დღის წინ ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოაქვეყნა, სადაც, შემცირების ნაცვლად, ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია და მეტი მოქალაქეა შეყვანილი, ვიდრე წინა არჩევნებზე როდესმე ყოფილა.

ცესკოს მონაცემებით, საქართველოში 3 621 256 ამომრჩეველი ყოფილა, რომლებიც 84 საარჩევნო ოლქზე არიან გადანაწილებულნი. მათ შორის ყველაზე მეტი - 155 502 ამომრჩეველი სამგორის, ხოლო ყველაზე ცოტა 5 779 ამომრჩეველი ყაზბეგის ოლქშია. ამასთან, ფიზიკური პირისა და საცხოვრისის მესაკუთრის განცხადებებით რეგისტრაციიდან მოხსნილია 77 232 ამომრჩეველი. 

ამომრჩეველთა სიების დამდგენი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე  ამბობს, რომ ცესკომ სია მათ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

„ჩვენ ცესკოს გადავეცით საქართველოს ყველა იმ მოქალაქის სია, ვისზეც გაცემულია პირადობის მოწმობა და მინიჭებული აქვს პირადი ნომერი. ანუ, ვინც კანონით არჩევნებში მონაწილეობის უფლების  მქონეა. ეს იყო სიის ოთხი კატეგორია: ძირითადი სია - 3 385 844 ადამიანი, სია მისამართის გარეშე - 52 648, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილები - 188 995 და მეოთხე, რომელიც არის პრობლემური მისამართებით. ანუ მოქალაქეებს აქვთ ისეთი მისამართები, რომ ვერც ერთ საარჩევნო უბანს ვერ მიაწერ. მათი რაოდენობა იყო 42 390.

„ამათ დაემატა დაახლოებით 6 ათასი ამომრჩეველი და ჯამური რაოდენობა გამოვიდა 3 621 487. ეს არის ის რაოდენობა, რომელშიც ჩვენ შევიყვანეთ ის კატეგორიაც, რომელიც ადგილობრივი არჩევნების დროს ცესკოს არ ყავდა სიაში შეყვანილი. ადგილობრივი არჩევნების დროს იყო 3 მილიონ 580 ათასი ამომრჩეველი, მაგრამ ამაში არ შედიოდა საზღვარგარეთ საკონსულოებში რეგისტრირებული ამომრჩეველი, რადგან ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და არ გვქონდა რეესტრის მიერ გაუქმებული ამომრჩეველი, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ იყვნენ ხმაწართმეულნი,” - ამბობს კაციტაძე.

ის ერთადერთ პრობლემად რეგისტრაციიდან მოხსნილების საკითხს ასახელებს.

„ცესკომ მხოლოდ რეესტრის მიერ რეგისტრაციიდან მოხსნილთა რიცხვი აჩვენა, რაც არასწორია. მე უკვე მქონდა ამაზე ცესკოსთან საუბარი. რეესტრის მიერ რეგისტრაციიდან მოხსნილია 77 ათასი ამომრჩეველი. ამას კიდევ ემატება 111 ათასი და ჯამურად გამოდის 188 995 ადამიანი. ეს არის ე.წ. მიწერილთა სია. სტატუსში ცალკე გამოდის ჩვენს მიერ აღწერილი და სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომელთა ჯამური რაოდენობა არის 310 113.

„ანუ ჯამურად, თუ გავითვალისწინებთ საზღვარგარეთ გასულთა დასტატუსებას, პლუს რეგისტრაციიდან მოხსნილებს ანუ ე.წ. მიწერილებს და პლუს 26 ათას გარდაცვლილს, ჯამურად ეს არის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც აისახა ამ სიაში“, - ამბობს კაციტაძე.

მაგრამ, როგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ამბობს, ეს რაოდენობა არარეალურია და ამას ორ მთავარ პრობლემას უკავშირებს. ეს არის შიდა მიგრაციის და საზღვარგარეთ მცხოვრებთა საკითხი.

მისი თქმით, შიდამიგრაციის პრობლემა იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ადამიანები ვერ ახერხებენ საცხოვრებელ ადგილზე ჩაწერას იმ პრობლემის გამო, რომ პირადობის მოწმობის აღება ჯდება 35 ლარი და ეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებისთვის არაფერს აკეთებს, რადგან არ აწყობს, რომ ამ კატეგორიამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. თავის მხარდამჭერებს კი პრობლემებს უგვარებენ. ჩვენთან არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. ამიტომაც ასეთი ვითარება აწყობს ხელისუფლებას, რადგან ეს ხდება წარმატების გარანტია მისთვის“, - ამბობს კახიშვილი.

მეორე პრობლემა კი, მისივე თქმით, საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება და მიაჩნია, რომ ამ მხრივაც ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რადგან ისევ თავის სასარგებლოდ იყენებს.

როგორც კახიშვილი ამბობს, საზღვარგარეთ მცხოვრებთა საკონსული აღრიცხვაზე დაყენების პროცედურას იძლეოდა საშუალებას, რომ დაახლოებითი რიცხვი მაინც მიგვეღო იმისა, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება დღეს საზღვარგარეთ. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომლის თანახმად გართულდა რეგისტრაციაზე დადგომა, ამის გაკეთება შეუძლებელი გახდა.

„შსს ჩვენ გვეუბნება, რომ მხოლოდ იმ მოქალაქეებზე აქვს მონაცემები, ვინც ქვეყანა დატოვა 2007 წლის შემდეგ და მანამდე არანაირი მონაცემები არ აქვთ. ამის პარალელურად კი არსებობს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის აუცილებელია საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარდგენა და, როდესაც ადამიანი საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება, ის ამ ცნობას როგორ წარადგენს? ამიტომაც, ეს ერთად-ერთი გზაც მოისპო, რომ მიახლოებით მაინც გაგვეგო, თუ რამდენი მოქალაქე არის არალეგალურად გასული.

სხვა საკითხია, რომ ის, ვინც საკონსული აღრიცხვაზე არ იმყოფება, „საარჩევნო კოიდექსის“ თანახმად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც კონსტიტუციის დიდი დარღვევაა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას და ამ უფლებას საქართველის მოქალაქეებს უზღუდავენ“, - ამბობს კახიშვილი.

მისი თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა რომ არ გართულებულიყო, ადამიანები გაივლიდნენ ამ რეგისტრაციას, რადგან ისინი ამ ეტაპზე მოტივირებულნი არიან, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით მიახლოებით მაინც მოხდებოდა იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება საზღვარგარეთ და ერთიან სიაში მათი გვარის გასწვრივ მოხდებოდა აღნიშვნის გაკეთება, რაც მათი ხმების გამოყენების საშუალებას გამორიცხავდა. 

„ახლა კი ისეთი ვითარებაა, რომ, თითქოს ეს 3 მილიონ 600 ათასი ადამიანი საქართველოში იმყოფება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან არარეალისტურია“, - ამბობს კახიშვილი.