დედაქალაქის ქუჩებში ყვითელი „მარშრუტკები“ სანთლით საძებარია

დედაქალაქის ქუჩებში ყვითელი „მარშრუტკები“ სანთლით საძებარია

თბილისელების ნაწილი სამარშურო ტაქსების  რაოდენობის შემცირებას აპროტესტებს. მგზავრთა ნაწილი აცხადებს, რომ ე.წ ყვითელი „მარშუტკების“ შემცირების გამო, გაჩერებაზე 20–25  წუთი უწევთ ლოდინი და მგზავრობისას ფეხზე დგანან.

„15 წუთი 2 ნომერ „მარშრუტკას“ ველოდებოდი და გადავსებული მოვიდა. ჯერ ამდენი ხანი ველოდე და მთელი გზა კიდევ ფეხზე უნდა ვიდგე“, - აღნიშნა მგზავრმა.

როგორც სამშრუტო ტაქსის მძღოლები ამბობენ, კომპანიის გადაწყვეტილებით, თითქმის ყველა ხაზზე სამარშრუტო ტაქსების რიცხვი გაანახევრეს.

„ზედმეტი ხარჯი არ უნდათ. საწვავსაც ზოგავენ, რათა მეტი მოგება ნახონ“, - განაცხადა მძღოლმა.

„თბილისი მიკროავტობუსში“ ადასტურებენ, რომ სამარშუტო ტაქსების რაოდენობა 20–26%–ით შეამცირეს და კომპანია ზაფხულის რეჟიმში გადავიდა.

მათივე მტკიცებით, გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე მიიღეს, რომელმაც დედაქალაქში მგზავრების რაოდენობის შემცირება დააფიქსირა.

„თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ შემცირება დროებითია, ამას ყოველწლიურად აკეთებენ და სექტემბერში სამარშუტო ტაქსების რაოდენობა სტაბილურ მაჩვენებელს დაუბნდება.

„ზაფხულის პერიოდზე გადასვლასთან დაკავშირებით, „მარშუტკების“ რიცხვი რიგ ხაზებზე შემცირდა. ეს მხოლოდ აგვისტოს ეხება, სექტემბრიდან კი ისევ იმდენი სამარშრუტო ტაქსი ივლის, როგორც წინა თვეებში“, - განმარტეს კომპანიაში, თუმცა რომელ ხაზებზე შემცირდა და რამდენით, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

ძნელი დასადგენია რას ნიშნავს „წინა თვეების მაჩვენებელი“, რადგან „მარშრუტკების“ რაოდენობა თვიდან თვემდე იკლებს. დღიდან სამარშრუტო ტენდერის გამოცხადებისა, ხაზებზე მოძრავი მანქანების რაოდენობა მინიმუმ 1000 ერთეულით შემცირდა. ბოლო ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, რაოდენობის შემცირებამდე 2464 ყვითელი სამაშუტო ტაქსი მოძრაობდა. თუკი მათი ოდენობა დაახლოებით 25%-ით კიდევ შემცირდა, გამოდის, რომ ახლა დედაქალაქის ქუჩებში 1800-მდე ყვითელი „მარშრუტკა“ გადაადგილდება.

თითქმის წელიწადნახევარი გავიდა, რაც უგულავას მიერ გამოცხადებულ ტენდერში, უგულავასვე კომპანიებმა გაიმარჯვეს და შემდეგ ერთ დიდ მონოპოლისტად გარდაიქმნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მგზავრებს პრობლემების მეტი არაფერი შექმნიათ - გაძვირდა სამგზავრო ტარიფი, შემცირდა „მარშრუტკების“ რაოდენობა, გაიზარდა ტრანსპორტის ლოდინის ხანგრძლივობა, დიდი მგზართანაკადის გამო ყვითელ ტრანსპორტში ასვლა-ჩამოსვლა შეუძლებელია, მუდმივად არსებობს განცდა იმისა, რომ მგზავრობის ტარიფს კიდევ გააძვირებენ.

თუმცა ახლა არჩევნებია ტარიფს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, პირიქით, დრო და დრო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვრცელდება ინფორმაციები მგზავრობის საფასურის შემცირების შესახებ. ბოლო ასეთი გამოხდომა მიხეილ მაჭავარიანს ეკუთვნის, რომელმაც სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას დაიქადნა, რომ 80-თეთრიანი სამარშრუტო ტარიფი ტრანსფორმაციას განიცდის.

მისი ინიციატივა დაახლოებით ასე ჟღერს: თუკი ადამიანი ყვითელი მიკროავტობუსით იმგზავრებს და 80 თეთრს გადაიხდის, შემდეგი საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავრებს, ოღონდ ხელთ უნდა ეპყრას სპეციალური აბონემენტი. გამოდის, რომ მგზავრი 1,5 საათის განმავლობაში „მარშრუტკაში“ 5-ჯერაც რომ ჩაჯდეს, „თბილისის მიკროავტობუსი“ მაინც 80 თეთრს დასჯერდება.

მგზავრობის ასეთი მეთოდი ევროპულ ქვეყნებში მართლაც არსებობს, მაგრამ ჩვენთან ეს ყოვლად გამორიცხულია. „თბილისის მიკროავტობუსმა“, რასაკვირველია, მსწარფლ უარყო მსგავსი ცვლილების განხორციელება. სწორედ მაგ ჭკუაზეა უგულავას მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანია, რომ შემოსავლები შეიმციროს...