სექტემბრიდან დიდ ავიაციაში ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. იგი მიმართული იქნება ავიაკომპანიების წინააღმდეგ. ხშირია შემთხვევები, როდესაც რეისების გადადების გამო მგზავრებს საათობით (ხანდახან 1-2 დღე-ღამითაც) უწევთ ლოდინი. ახლა ასეთ არაპუნქტუალობას კარგა გვარიანი ჯარიმა შეეფარდება. ამიტომაც მგზავრების მიმართაც კომპანიების ხელმძღვანელები უფრო ყურადღებიანები იქნებიან.
„საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ“ - ასეთი ზორბა სათაური აქვს ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება N122-ს, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.
იგი განსაზღვრავს ავიგადამზიდველის ვალდებულებებს მგზავრებთან მიმართებაში. კერძოდ, კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესებსა და პირობებს საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში.
წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც მიფრინავენ საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მეშვეობით და ასევე მგზავრებზე, რომლებიც მიემგზავრებიან სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით.
ავიაციის სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საჯარიმო სანქციების მოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ქართული ავიაკომპანიებს კი პასუხისმგებლობა გაეზრდებათ. ისინი ავიაკომპანიებს მგზავრთა უფლებების უხეშ დარღვევებში ადანაშაულებენ.
„ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ავიაკომპანიებსითვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას დადებითად აფასებს. მისი განმარტებით, ის სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს,რომელიც ევროსტანდარტადაა აღიარებული და მგზავრთა ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
„ასეთი ნორმატიული აქტი ყველა ქვეყანაში არსებობს და მომხმარებლის უფლებების ერთგვარი დაცვაა. სამწუხაროდ, ავიაკომპანიების მხრიდან ხშირია შემთხვევა, როცა ავიარეისების შესრულებას 1 საათით და მეტი დროითაც აგვიანებენ. განსაკუთრებით ეს ხდება ქართული და უკრაინული კომპანიების მხრიდან. ხშირია შემთხვევა, როცა მგზავრებს საათობით უწევთ ლოდინი. ცხადია, გარკვეული საჯარიმო სანქციების შემოღებით ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება და მგზავრების მიმართაც კომპანიების ხელმძღვანელები უფრო ყურადღებიანები იქნებიან.
მესმის, ზოგჯერ ხდება ტექნიკური ხარვეზი, 10-წუთიანი დაგვიანებისთვის მათ არავინ დააჯარიმებს, მაგრამ უპასუხისმგებლობას რეაგირება ნამდვილად სჭირდება. რა თქმა უნდა, ძნელი იქნება ეს სანქცია ავიაკომპანიებსითვის, სოლიდურ თანხებზეა საუბარი, მაგრამ აუცილებელია. ამით ნებისმიერი მგზავრის უფლება და უსაფრთხოება იქნება დაცული“, - აცხადებს ლექვინაძე.
ამ მოსაზრებას იზიარებენ თავად მგზავრები. ისინი თვლიან, რომ წლების განმავლობაში მათი უფლებები უხეშად ირღვეოდა და ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. განსაკუთრებით პრობლემები იყო ჩარტერული ავიარეისების შესრულების დროს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს არა საათები, არამედ დღეები დაუგვიანია.
თუკი ახალი საჯარიმო სანქციები რეალურად ამოქმედდა, ავიაკომპანიების ხელმძღვანელები უფრო ყურადღებიანი იქნებიან მგზავრების მიმართ, რომელთაც ბილეთში საკმაოდ დიდი თანხა აქვთ გადახდილი და შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ, - ფიქრობენ საჰაერო მიმოსვლის მოყვარული მგზავრები.