მაკროეკონომიკური გარემოთი 139 ქვეყნიდან 130–ე ადგილზე ვართ

მაკროეკონომიკური გარემოთი 139 ქვეყნიდან 130–ე ადგილზე ვართ

9 ნოემბერს „კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბს“ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი თემურ მურღულია სტუმრობდა, რომელმაც თავად წარმოადგინა საკუთარი პარტიის ხედვები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. ასევე, თემურ მურღულიამ წარმოადგნა „სახალხო კრების“ დელეგირების პრინციპები და ისაუბრა „სახალხო კრების“ ლეგიტიმურობაზე. 

 

– ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომლის გამონახვასაც ხელისუფლება ცდილობს „სახალხო კრების“ წინააღმდეგ, ეს არის მისი ლეგიტიმაციის პრინციპი. თუმცა, მოგახსენებთ, რატომაა ეს კრება ლეგიტიმური. დღეს საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, ცხოვრობს 4,5 მლნ ადამიანი, ხოლო ცესკო ითვლის 3,5 მლნ ამომრჩეველს. უცნაურია, რადგან, 1988 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, როცა საქართველოში ცხოვრობდა 5,5 მლნ ადამიანი, მაშინაც 3,5 მილიონი ამომრჩეველი გვყავდა და ეს მიუთითებს იმაზე, რამდენად არარეალურია დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა.

 

თუ გამოვიყენებთ იგივე პროპორციას, რაც გვქონდა 1988 წელს, გამოდის, რომ, როცა დღეს, ქვეყანაში არის მაქსიმუმ 3 მლნ ადამიანი (ისიც, იმ შემთხვევაში, თუ იგნორირებას გავუკეთებთ ფაქტს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით, შრომისუნარიანი, საარჩევნო ასაკში მყოფი ადამიანი წასულია ქვეყნიდან) მათი 67%, ანუ 2/3 ამომრჩეველი გვყავს.

 

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 55% გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და ამაში შედის ის გაყალბებული მინიმუმ, 600 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა თავის სასარგებლოდ. თუმცა, დათვლის არცერთ ეტაპზე, ჩვენ ხელისუფლების მეთოდები არ გამოგვიყენებია. ანუ, ჩვენ ავიღეთ, რომ არჩევნებზე, საშუალოდ უნდა მოვიდეს 55% ამომრჩეველი, რაც არის 1,650,000 ადამიანი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის არჩევა ხდება ნახევარს პლუს ერთი ხმა, ანუ, 27.5%–ს + 1 ხმა. ჩვენ ავიღეთ 28%, ჯამში 840 ათასი ადამიანი, რომელიც ლეგიტიმურია აირჩიოს პრეზდენტი. შესაბამისად, 840 ათასი ადამიანი ლეგიტიმურია წარმოადგინოს საქართველოს  განვითარების ალტერნატიული გზა, თავისი ხედვა იმის შესახებ, რამდენად ლეგიტიმურია ეს პრეზიდენტი.

 

840 ათასი ადამიანი, ბუნებრივია, ვერ შეიკრიბება ერთად და ვერ მიიღებს ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ კაცობრიობა იცნობს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როდესაც ხდება დელეგირება. ჩვენ ავიღეთ დელეგირების მეთოდი. მარტივად რომ ვთქვათ, კრების ლეგიტიმურობა იქნება გარანტრებული 840 მარწმუნებლის მიერ და კრებას ექნება უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება, ენდობა თუ არა პრეზიდენტს, მმართველ პარტიას და ქვეყნის განვითარების იმ კურსს, რომელიც დღეს არის არჩეული ხელისუფლების მიერ.

 

ჩვენ გვინდოდა სახალხო კრების ჩატარება სპორტის სასახლეში, რაზეც უარი გვითხრეს და ეს საჩუქარი იყო ხელისუფლების მხრიდან. საქმე ისაა, რომ სპორტის სასახლეში 12 ათას კაცზე მეტი ვერ დაეტევა და შესაბამისად, ვიზღუდებოდით. საქმე ისაა, რომ რეგიონებში კრება ანშლაგით ხვდებოდა საზოგადოებას და პრობლემა იყო ის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვდა დელეგატობას. ხელისუფლების საჩუქარი იმაში მდგომარეობდა, რომ თუ ჩვენ არ ჩავატარებთ კრებას სპორტის სასახლეში, ჩვენ შეზღუდულები არ ვიქნებით და შეიძლება ერთ დელეგატზე მარწმუნებელთა რიცხვიც შემცირდეს.

 

რატომ დადაგა კრების მაქსიმალურად სწრაფად ჩატარების აუცილებლობა და რატომ განსხვავდება კრების ინიციატორების იდეა სხვა პარტიების იდეებისაგან, რომლებიც 2013 წელზე არიან ორიენტირებულები.

– ჩვენი ლოგიკა არის მარტივი. როდესაც ქვეყანა განიცდის ვალის დაგროვების პრობლემას, ტერიტორიების დაკარგვის პრობლემას (სხვათა შორის, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ვინც ხელისუფლებასთან ასოცირებულ ტელეკომპანიებს უყურებს, არ არის ცნობილი, რომ ტერიტორიების მიტაცება არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება, არა მხოლოდ რუსეთის მიმართულებით), ჩვენთვის ყველა დღე, როცა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მართავს ქვეყანას, დაკავშირებულია კიდევ უფრო დიდ ვალთან, დაკავშირებულია კიდევ მეტი ტერიტორიების დაკარგვასთან, დაკავშირებულია საზოგადოების გაღატაკებასთან და ზოგადად, ქვეყნის რესურსების ამოწურვასთან.

 

ქვეყნის რესურსების ამოწურვა არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ასე ცხოვრება ღირს თუ არ ღირს. საზოგადოება ხედავს იმ პრობლემას, რაც ხელისუფლებას დაუდგა, ეს არის იმ ფინანსური ნაკადების შემცირება და ამოწურვა, რაც კვებავდა ამ ხელისუფლებას. ამ ყველაფერს კი ხელისუფლებამ უპასუხა ჯარიმების გაზრდით. ეს არის სრულიად არარეალური სიტუაცია, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ევროპული ტიპის ჯარიმების და სანქციების სისტემას და არ გვთავაზობენ ევროპული ტიპის ცხოვრებას. ხელისუფლებამ ამ რესურსების ამოწურვას უპასუხა ქონების ხელმეორედ გადანაწილების სისტემით – ყველამ მოვისმინეთ დაუმუშავებელი მიწების ჩამორთმევის შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ზოგადად, მიუთითებს იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია – ეს არის დამატებითი რესურსის მოძიება ნებისმიერი გზით.

 

ქრესტომათიული ნიმუშია, გადასახადების ამოღების გაერთიანება, ავტობუსების მარშრუტების ისე შეცვლა, რომ ადამიანმა ერთხელ ფულის გადახდით ვერ შეძლოს დანიშნულების ადგილზე მისვლა. ანუ, ჩვენ ყოველდღე გავხდებით მომსწრე უფრო და უფრო საინტერესო ინიციატივებისა, რათა მათ ამოიღონ უფრო და უფრო მეტი თანხა საზოგადოებიდან.

 

ხელისუფლებას სჭირდება, რომ ეს პრობლემა დაფაროს ინვესტორისგან, მაგრამ არცერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი ასეთ ქვეყანაში არ შემოვა და, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვეუბნებიან, რომ პრობლემას ვუქმნით ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. უკაცრავად, მაგრამ სპეკულატიური ტიპის ინვესტორები, რომლებიც დღეს  შემოდიან ქონების იაფად შესასყიდად და შემდეგ, ძვირად გადაყიდვის მიზნით, ეკვრებიან ხელისუფლების ზოგიერთ ჩინოვნიკებს და სწორედ მათი ინტერესია ასეთი ინვესტორები. ამიტომ, ხელისუფლება როცა ჩვენ გვსაყვედურობს, მაშინ, საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს და არა საზოგადეობაზე.

 

ხელისუფლება ხშრად აპელირებს ქვეყანაში ბიზნესის კეთების სხვადასხვა ინდიკატორებით, თუმცა წლიდან წლამდე მალავს გაცილებით საინტერესო ინდიკატორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებულ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ინდექსს.  

– ამ მონაცემებით, 2008 წლიდან 2009 წლამდე 133 ქვეყანას შორის ვიყავით 90–ე ადგილზე, 2009–დან 2010 წელს – 90–ე ადგილზე და 2010–2011 წლამდე 139 ქვეყანას შორის ვართ 93–ე ადგილზე. ეს ჯამური ინდიკატორი იმდენა მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მნიშვნელოვანია კონკრეტული მიმართულებები. საკუთრების დაცვის კუთხით, 139 ქვეყანას შორის ვართ 120–ე ადგილზე, ამ ფონზე ბიზნესის გახსნა მარტივი იქნება თუ რთული, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუ საკუთრება არ არის დაცული, ე.ი. ბიზნესი არ არის დაცული.

 

სასამართლოს თავისუფლების ხარისხით 104–ე ადგილზე ვართ. ნაციონალური დაგროვების ინდექსით – 110–ე ადგილზე. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური ერთეული, ოჯახური მეურნეობა და ადამიანები, რომლებიც ამ მეურნეობას წარმოადგენენ. ისინი ახერხებენ დანაზოგი შექმნან და ეს დანაზოგი მიმართონ საკუთარ ქვეყანაში ინვესტიციის სახით. თუ ქვეყანაში საზოგადოება ვერ ქმნის დანაზოგს და მას ხარჯავს, ეს არის კრიზისის წინაპირობა. 2009–10 წლების განმაპირობებელი ფაქტორი იყო ამერიკაში ამ დანაზოგის 1%–ით შემცირება. საქართველოში კი არასოდეს ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველო თავის თავს შიგნიდან ჭამს. 110–ე ადგილი ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ღარიბი და გაუბედურებული ქვეყნების სიაში.

 

139 ქვეყნიდან მეორადი განათლების დონით 119–ე ადგილი გვიკავია, კვლევითი და განათლების მესამე დონით – 125–ე ადგილი და ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ანტიმონოპოლიური რეგულირებით 135–ე ადგილზე ვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სრულიად კრიტიკული მაჩვენებელი რჩება ქვეყნიდან ტვინების გადინების პრობლემა, რომლის მიხედვით 104–ე ადგილზე ვართ. ეს ჩემთვის გაცილებით პრობლემატური მაჩვენებელია, ვიდრე სხვა დანარჩენი. კვლევითი ინსტიტუტების ხარისხით 120–ე ადგილზე ვართ და ჯამურად, მაკროეკონომიკური გარემოთი 130–ე ადგილზე ვართ 139 ქვეყნიდან.

 

ჩვენ ასეთი ტემპებით ვერასოდეს დავეწევით დასავლეთს. საქართველო მსოფლიო ეკონომიკასთან მიმართებაში, როგორც შევარდნაძის მმართველობის ბოლო 7 წლის მანძილზე იზრდებოდა, ზუსტად იგივე ტემპებით გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის პერიოდში და არანაირი აჩქარება მსოფლიოსთან მიმართებაში არ ყოფილა. 7 წელი საკმარისი იყო, რომ ამ ინდიკატორებში რაღაცა შეცვლილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ, თუ ჩვენ არ ვიჩქარეთ ცვლილებების განხორციელება ყოველი დღე რაღაცას გვაკარგვინებს.

 

და ბოლოს, ვალი, რომელიც გროვდება და აქტივები, რომელიც იყიდება ყოველდღიურად – დასავლური ევროპული საკვანძო პრინციპია, რომ ეკონომიკის ზრდა უნდა იწვევდეს ასიმეტრიის შემცირებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ჩვენი სტატისტიკაც ვერ მალავს და 7 წელია მიათრევენ ერთი და იგივე შედეგებს, მაგრამ ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ასიმეტრია სულ უფრო გაიზარდა და იმასაც ვხედავთ, რის საფუძველზე ახერხებს ერთი ფენა იცხოვროს კარგად. ჩვენ არ ვაპირებთ ეს სიტუაცია შევინარჩუნოთ ქვეყანაში.

 

ტიპიური მაგალითი ამ  ხელისუფლების ქმედების არის არაკეთილსინდისიერი მმართველი, რომელიც ვალების აღებით, ეკონომიკური სუბიექტის ქონების გაყიდვით ახერხებს წარმოაჩინოს რაღაცა პერიოდი, რომ ეკონომიკური სუბიექტი არის წარმარტებული.

 

ოჯახში ყველა ჩვენგანმა იმაზე კარგად რომ ვიცხოვროთ, ვიდრე შემოსავალი გვაქვს, რა შედეგს მივიღებთ? – დაგროვილ ვალებს და გაყიდულ ქონებას. დღეს ქვეყანა არის  ამ რეჟიმში და ყოველ დღე აღრმავებს ამ სიტუაციას. სულ ახლახანს 4 ათასი ელექტრომობილის შეძენის პროექტი წავიკითხე. დღეს არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ამბიციური პროექტი ექნებოდა. ჩვენ კი – გვაქვს, თუმცა ფული არ გვაქვს და ეს ნიშნავს, რომ ის 160 მლნ, რომლითაც უნდა მოხდეს ამ ელექტრომობილების  შეძენა, ან ვალი იქნება, ან კიდევ რაღაცა გაიყიდება, ან ჩვენგან ამოიღებენ. მერწმუნეთ ეს 4 ათასი ელქტრომობილი არის ორი კურდღლის დაჭერა – ერთი – ე.წ. „ატკატი“ და მეორე – საერთაშორისო საზოგადოებისთვის დანახება, რომ ჩვენ ვზრუნავთ ეკოლოგიაზე და ვართ მოდერნისტული მთავრობა.

 

თუ ხელისუფლებას უნდა ეკოლოგიაზე ზრუნვა, მაშინ არ დაუშვას ტყეების გაჩეხვა, რომელიც დიდი ჩინოვნიკების მფარველობის ქვეშ მიდის ისეთ დონეზე, რომ ჭიათურაში მოსახლეობა გამოდის და ამბობს: ჩვენ გამოვალთ და ამ ხეების გვერდით დავდგებით და მათთან ერთად გაგვჩეხეთ. მერწმუნეთ, ეს ტყეები უფრო მეტ ეკოლოგიურ შედეგს მისცემს ამ ქვეყანას, ვიდრე ის 4 ათასი ელექტრომობილი, რომელსაც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. 

 

ჩვენ ვისმენთ პრეზიდენტის განცხადებებს მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული შეფასებებზე ქვეყანაში ბიზნესის კეთების კუთხით. თუ ქვეყანაში მართლაც ასე ცუდი ვითარებაა, მაშინ რატომ ვერ ამჩნევს ამას ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც მსოფლიო ბანკია? 

– აქ საუბარია, Doing Business–ის ინდიკატორებზე, და აქ ლაპარაკია, რომ ქვეყანაში ბიზნესის გახსნის შესაძლებლობა არის გამარტივებული, გარკვეული გადასახადები არის შემცირებული და გარკვეული საბაჟო პროცედურები გამარტივებულია. მაგრამ, თქვენ რომ გითხრან ბიზნესის კეთების ინდიკატორი სადღაც არის ერთი, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ თავში ჩაქუჩს ჩაგარტყამენ, არის 100–დან 30, წახვალთ ასეთ ქვეყანაში? ასეთი ტიპის საკითხი არ არის Doing Business–ში და არც ისეთი ინდიკატორი, როგორიცაა ვთქვათ, სამუშაო ძალის სათანადო განათლება. ის არის სპეციფიურ ინდიკატორთა სისტემა, რომელიც შესაძლებლობებს ასახავს, ხოლო  Doing Business–ის არცერთი ინდიკატორი რეალურ მდგოამრეობას არ ასახავს.

 

ხელისუფლებამ კარგად იცის პროცესის მართვა თავის ფეირვერკებით, ხიდებით კონცერტებით და ა.შ. მაგრამ არასოდეს არ გველაპარაკებიან შედეგზე, რომელიც განსაზღვრავს ეფექტიანობას მართვისას. თუ 2003 წელთან შედარებით საგადასახადო ტვირთი 8–10%–ით არის გაზრდილი, ანუ, ზოგადად, ეკონომიკა 8–10%–ით მეტს იხდის, ეს შეიძლება ჩაითვალოს გადასახადების შემცირებად? რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და ეს გუნდი ყოველთვის იქნება ორიენტირებული ისეთ ეფექტურ ინდიკატორებზე, რომელიც აჩვენებს პროცესს და არა შედეგს.

 

თუ ხელისუფლებას მიეცა 2012 წლამდე დარჩენის საშუალება, პირველ ადგილზე იქნებიან Doing Business–ში, იმიტომ, რომ ყველა საკანონმდებლო ნორმას გააკეთებენ ისეთს, რომ შექმნან იდეალური სურათი. თუმცა, ყველა ინვესტორთან მივა ვიღაც და ეტყვის „შენ მოხვედი? აქ ჩვენ ვართ“ და ჯერ დაათმობინებენ 10%–ს, შემდეგ – 30%–ს და ბოლოს 100%–საც დაათმობინებენ, ისე, როგორც ეს ბევრს დაემართა.

 

ქვეყანაში ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლა, ბუნებრივია, აფრთხობს ბიზნესმენებს. იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო კრებამ“ მოახრეხა ხელისუფლების ვადაზე ადრე შეცვლა, როგორ ფიქრობთ, ეს არ დააფრთხობს პოტენციურ ინვესტორებს?

– სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ, რომ ქვეყანაში ყველა ხელისუფლების ცვლა მოხდა რევოლუციური გზით. „სახალხო კრების“ თვითმიზანი არ არის რევოლუცია. კრების თვითმიზანია ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და სრულიად ცივილიზებული და ლეგიტიმური გზით, ამ პროცესების განვითარება. რაც შეეხება ინვესტორების შეშინებას, მე გკითხავთ, შეშინდა თუ არა „რაკიინი“, როდესაც გადაწყვიტა ფოთის პორტის გაყიდვა? მე ვფიქრობ, ეს არ არის შეშინებული ინვესტორი, ეს არის ინვესტორი, რომელმაც იაფად ჩაიგდო ხელში ფოთის პორტი და დღეს, როდესაც ხელისუფლების შიგნითაც განხეთქილება არის იმ დონეზე, რომ შესაძლებელია, მან ვერ შეძლოს ამ ქონების ისე განკარგვა, როგორც უნდოდა, ის ცდილობს, რომ თან მოგება მიიღოს და თან, დროულად მოიშოროს აქტივი.

 

საქართველოში ინვესტორები იმისთვის შემოვიდნენ, რომ იაფად ეყიდათ ქონება და პირველ რიგში – მიწა. მიწა მთელს მსოფლიოში არის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ხელისუფლება ახლა იმაზეა ორიენტირებული, რომ გაყიდოს რაც შეიძლება მეტი მიწა. საქართველოში კი მიწა არის ძალიან იაფი. დღეს, როცა მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტი პრობლემა არის მოსახლეობის სიჭარბე, ვინც იცის მიწის ფასი, ყველა მას ეტანება, რადგან მიწა არის საკვები პროდუქტის მომცემი. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ასხვისებს მიწას.  ქვეყანას, რომელსაც აქვს რეალურად პოტენციალი 10–15 წელიწადში იყოს ლიდერი მსოფლიო აგრარულ ბაზარზე, ხელისუფლება აქ ქმნის სერვისის, ანტალიის ტიპის ეკონომიკას, სადაც გლეხების ნაცვლად იქნებიან შვეიცარები, დამლაგებლები, მომსახურე პერსონალი.

 

ის ინვესტორები კი, რომლებიც შემოვლენ სხვანაირ ქვეყანაში, იქნებიან ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომლებიც იფიქრებენ ნაყიდი ბიზნესის განვითარებაზე და არა მის სწრაფად გაყიდვაზე. ამიტომ, თუკი შეიცვლება ქვეყანაში ხელისუფლება, თუმდაც „სახალხო კრების“ ფაქტორის გამო, ვეღარ შეიქმნება ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც იქნება დამანგრეველი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის და მისი რესურსების გამომფიტავი.